Accessibility links

logo-print

ჟან-ლუი ლორანი განმარტავს საქართველოს მიერ ევროსაბჭოს წინაშე ნაკისრ ვალდებულებას


დასრულდა ევროსაბჭოს პოლიტიკურ საქმეთა გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის ჟან-ლუი ლორანის ვიზიტი საქართველოში. ვიზიტის დასასრულს მან თბილისში,

ევროსაბჭოს საინფორმაციო ბიუროში, პრესკონფერენცია გამართა. საგულისხმოა ლორანის კომენტარი სამხრეთ საქართველოდან დეპორტირებულთა რეპატრიაციის საკითხზე. მეტი სიზუსტისთვის შეგახსენებთ: 1999 წელს, ევროსაბჭოში გაწევრიანებისას, საქართველოს დაეკისრა ვალდებულება: “გაწევრიანებიდან 2 წელიწადში შეექმნა საკანონმდებლო ბაზა დეპორტირებულთა რეპატრიაციისა და ინტეგრაციისათვის; სამ წელიწადში დაეწყო რეპატრიაციის პროცესი და დაესრულებინა გაწევრიანებიდან 12 წელიწადში, ანუ 2011 წლისთვის. ე.წ. “ვარდების რევოლუციის” შემდეგ ევროსაბჭომ საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების თარიღებსა და პირობებს გადახედა, მათ შორის - მესხეთიდან დეპორტირებული მოსახლეობის დაბრუნების საკითხსაც, და დაადგინა: “დაუყოვნებლივ შეიქმნას საკანონმდებლო, ადმინისტრაციული და პოლიტიკური პირობები რეპატრიაციის დასაწყებად, პროცესის 2011 წელს დასრულების გათვალისწინებით”. ასე წერია ევროსაბჭოს რეზოლუციაში. 4 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე ევროსაბჭოს პოლიტიკურ საქმეთა გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელს ჟან-ლუი ლორანს ვკითხე, შესაძლებელია თუ არა რეპატრიაციის პირობების კიდევ ერთხელ გადახედვა, თუკი ამას საქართველოს ხელისუფლება მოითხოვს. ლორანმა საკითხი ასე განმარტა:

[ლორანის ხმა]
“აღსანიშნავია ის, რომ საქმე დაიძრა. მრავალი წლის მანძილზე იყო მხოლოდ სიტყვები და არანაირი მოქმედება. მნიშვნელოვანია, რომ ამ მთავრობამ ხელი მოჰკიდა საქმეს და ის ზრუნავს პრობლემის მოგვარებაზე. შეგახსენებთ, რომ მესხეთიდან დეპორტირებული მოსახლეობის რეპატრიაციის ვალდებულება საქართველომ აიღო ევროსაბჭოში გაწევრიანებისას. მაშინ დადგინდა ვადა, რომელშიც საქართველოს უნდა შეექმნა საკანონმდებლო ჩარჩო, რისთვისაც ბოლო ვადა იყო 2011 წელი. სამწუხაროდ, ყოფილმა მთავრობამ დრო დაკარგა. ახალი მთავრობა იძულებულია აჩქარდეს, რაც რთული საქმეა. უკვე არსებობს კანონპროექტი, რომელიც, სავარაუდოდ, შეიცვლება. ვერც ერთი კანონი ვერ დააკმაყოფილებს ყველას. ის ყოველთვის კომპრომისულია. ჩვენი ზოგადი შთაბეჭდილება კი ასეთია – კანონპროექტის შექმნა არის წინ გადადგმული ნაბიჯი.”

ჟან-ლუი ლორანმა საჭიროდ მიიჩნია დაეზუსტებინა ის, თუ კონკრეტულად რას გულისხმობს საქართველოს მიერ ევროსაბჭოს წინაშე ნაკისრი ვალდებულება მესხეთიდან დეპორტირებული მოსახლეობის რეპატრიაციის შესახებ:

[ლორანის ხმა]
“ვიცი, რომ დიდი გაუგებრობა სუფევს იმის თაობაზე, თუ რას გულისხმობს საქართველოს მიერ ევროსაბჭოს წინაშე ნაკისრი ვალდებულება გასული საუკუნის 40-იან წლებში დეპორტირებულთა რეპატრიაციის შესახებ. ვალდებულება გულისხმობს მხოლოდ (ვიმეორებ – “მხოლოდ”) საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნას იმისათვის, რომ შესაძლებელი გახდეს იმ ადამიანების თავისუფალი დაბრუნება, რომლებსაც ამის სურვილი აქვთ. ძალიან მნიშვნელოვანია დაბრუნების თავისუფლების გაგება, რადგან დეპორტირებულები არ უნდა გამოყარონ იმ ქვეყნებიდან, სადაც ამჟამად ცხოვრობენ იმის გამო, რომ არ გააჩნიათ სტატუსი. საქართველოს არ აუღია ვალდებულება დააბრუნოს დეპორტირებული მოსახლეობა საქართველოს რომელიმე კონკრეტულ რეგიონში. საქართველოს მიერ ევროსაბჭოს წინაშე აღებული ვალდებულება ასევე არ გულისხმობს საქართველოს მთავრობის მიერ დეპორტირებულებისათვის ფინანსური დახმარების გაწევას მათი ჩამოყვანისა და განსახლების პერიოდში. მსურს კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ვალდებულება შეეხება მხოლოდ საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნას დეპორტირებულთა დაბრუნებისთვის.”

განაცხადა ევროსაბჭოს პოლიტიკურ საქმეთა გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელმა ჟან-ლუი ლორანმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე.
XS
SM
MD
LG