Accessibility links

logo-print

წამების ალტერნატიული ანგარიში გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში


2 მაისს ჟენევაში გაეროს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის სხდომა საქართველოში არსებული ვითარების შეფასებას მიეძღვნა. სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ როგორც

სახელმწიფო მოხელეები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მთავრობის მიერ წარდგენილი ანგარიშისა და საქართველოს სამოქალაქო სექტორის მიერ მომზადებული ალტერნატიული ანგარიშის საფუძველზე გაერთიანებული ერების ორგანიზაცია სპეციალურ რეკომენდაციებს შეიმუშავებს და საქართველოს მთავრობას სახელმძღვანელოდ გადასცემს. წამების საწინააღმდეგო რეკომენდაციების გამოქვეყნების თარიღად 19 მაისია მონიშნული. დღეს კი საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციათა ერთი ნაწილის მიერ მომზადებულ ალტერნატიულ ანგარიშზე გესაუბრებით.

ვიდრე საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციათა მიერ მომზადებული ანგარიშის ძირითად აქცენტებსა და რეკომენდაციებზე შევჩერდებოდე, რამდენიმე სიტყვით საქართველოს მთავრობის წევრთა მიერ ჟენევაში გამოთქმულ მოსაზრებებს შევეხები. ამ მოსაზრებების თანახმად, საქართველო თანმიმდევრულ ნაბიჯებს დგამს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის გასაუმჯობესებლად და წამების ფაქტების აღსაკვეთად. ხაზგასმული იყო, ძირითადად, საკანონმდებლო ცვლილებები და სამომავლო გეგმები, განსაკუთრებით ციხის რეფორმის ნაწილში. სახელმწიფოს პოლიტიკურ ნებას აღმოიფხვრას წამება ქვეყანაში, აღიარებს და მიესალმება გაეროს წამების საწინააღმდეგო კომიტეტიც, რომლის წევრებს, სახელმწიფოს მიერ ანგარიშის წარდგენისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენელთა გამოსვლის შემდეგ, ლოგიკურად გაუჩნდათ საპასუხო შეკითხვები: რეფორმის მიუხედავად, რატომ რჩება წამება პრობლემად საქართველოში, რატომ არ ხდება საქმეების აღძვრა წამების მუხლით, რატომაა ციხეში სიკვდილიანობის სტატისტიკა მაღალი, რატომ გრძელდება სახელმწიფოს მხრიდან წამების მსხვერპლთა კომპენსირების ვალდებულების გადავადების ტენდენცია, როგორ იგეგმება სპეცოპერაციები და ასე შემდეგ. წამების საწინააღმდეგო ალტერნატიული ანგარიშის ავტორი ორგანიზაციების სახელით, სხდომაში მონაწილეობას ღებულობდა “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტი სოფიო ჯაფარიძე. ახლა სწორედ იგი გაგვაცნობს ალტერნატიული ანგარიშის ძირითად მიმართულებებს:

[სოფიო ჯაფარიძის ხმა]“ძირითადი აქცენტი მოდიოდა ძალის გადამეტებულ გამოყენებაზე სპეცოპერაციების განხორციელების დროს. აგრეთვე წარმოვადგინეთ სტატისტიკა ციხეებში სიკვდილიანობის ფაქტთან დაკავშირებით. 2004 წლის განმავლობაში 43 ადამიანი დაიღუპა ციხეში, 2005 წლის განმავლობაში 47 ადამიანი დაიღუპა, სტატისტიკა მიუთითებს, რომ არის მზარდი ტენდენცია. ასევე სხვა მრავალი პრობლემა დავაყენეთ. კერძოდ, როგორიც არის საკითხი, რომ არ ხდება წამების მსხვერპლთა კომპენსირება, ასევე ამ ანგარიშში იყო აქცენტი გაკეთებული იმაზე, რომ ყველაფერი ამის მიზეზი არის დაუსჯელობის სინდრომი.“ (სტილი დაცულია)

სოფიო ჯაფარიძის თქმით, წამების საწინააღმდეგო ალტერნატიული ანგარიში მოამზადეს “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ”, ადამიანის უფლებათა დაცვის საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრმა და ჯანდაცვისა და მედიცინის განვითარების ცენტრმა. მათ კურირებდა მსოფლიო ორგანიზაცია წამების წინააღმდეგ. მათ მიერ გაეროში წარდგენილი რეკომენდაციები ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებას, რომლის თანახმად, თავისუფლებაშეზღუდული პირის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა დაუშვებელი იქნება, ასევე მონაცემთა ბაზის შექმნას წამების მუხლით მიმდინარე გამოძიების საქმეებზე, წინასწარი პატიმრობის შეფარდების აკრძალვას ნაკლებად მძიმე დანაშაულებისათვის, სპეცოპერაციებისას ეჭვმიტანილთა ადგილზე ლიკვიდაციის აკრძალვას და ასე შემდეგ. გაწერილია 9 რეკომენდაცია. არასამთავრობო ორგანიზაციები ვარაუდობენ, რომ მათგან უმრავლესობა მოხვდება გაეროს წამების საწინააღმდეგო რეკომენდაციებში. სხვა საკითხია, რომ გაეროს რეკომენდაციები საქართველოს მთავრობისთვის სავალდებულოდ შესასრულებელი არ არის. განაწესის თანახმად, გაერო წევრი სახელმწიფოების მიმართ წამების საწინააღმდეგო რეკომენდაციებს 5 წელიწადში ერთხელ გასცემს. მიმდინარე საანგარიშო პერიოდი კი, გარკვეულწილად, გამორჩეულია. თუ რატომ, ამას “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” წევრი ლალი ჩხეტია განგვიმარტავს:

[ლალი ჩხეტიას ხმა]“ეს არ იყო მიმდინარე ანგარიში. ეს იყო განახლებული ინფორმაცია, რომელიც მთავრობამ მიაწოდა საქართველოში არსებულ სიტუაციაზე,იმიტომ რომ მიმდინარე ანგარიში უწევს უფრო მოგვიანებით საქართველოს. ეს იყო შეფასება, ვარდების რევოლუციის შემდეგ რამდენად შეიცვალა ქვეყანაში მდგომარეობა.“ (სტილი დაცულია)

ვარდების რევოლუციის შემდეგ წამების მდგომარეობის შესაფასებლად საქართველოში გაეროს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის მომხსენებელი მანფრედ ნოვაკი 2005 წლის თებერვალში იმყოფებოდა. სწორედ მაშინ შეიქმნა პოსტრევოლუციური საქართველოს მთავრობისათვის გათვალისწინებულ რეკომენდაციათა პირველი ფორმალური პაკეტი. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეკომენდაციათა დოკუმენტს კი საქართველოს მთავრობა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, უახლოესი 9 დღის შემდეგ მიიღებს.
XS
SM
MD
LG