Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩერნოგორიის ”პრეცედენტი”: გამეორდება თუ არა იგივე სხვა სეპარატისტულ რეგიონებთან მიმართებით?


დღეს ”ახალ ევროპას” ვუძღვნით,

შეიძლება ითქვას, ევროპის ყველაზე ახალგაზრდა სახელმწიფოს - ჩერნოგორიას. ჩერნოგორიაში დამოუკიდებლობის თაობაზე ჩატარებულ რეფერენდუმს ინტერესით ადევნებდა თვალს საერთაშორისო თანამეგობრობა. რეფერენდუმი განსაკუთრებით საინტერესო იყო მსოფლიოს ე.წ. ”სეპარატისტული” რეგიონებისთვის - მათ შორის, აფხაზეთის და სამხრეთი ოსეთისთვის. ამ რეგიონების ზოგიერთი ლიდერი უკვე ჩერნოგორიის ”პრეცედენტზეც” საუბრობს და აცხადებს, რომ ეს გამოცდილება სხვა რეგიონებთან მიმართებითაც უნდა გამეორდეს. რამდენად რეალურია ჩერნოგორიის ”პრეცედენტზე” საუბარი, და გამეორდება თუ არა იგივე სხვა სეპარატისტულ რეგიონებთან მომართებით?

ჩერნოგორიის ისტორიული გადაწყვეტილება, დაარღვიოს თითქმის საუკუნოვანი კავშირი სერბიასთან და არსებობა დამოუკიდებელი სახელმწიფოს ფორმით განაგრძოს, საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების ცენტრშია. ორ კვირაში პოდგორიცის პარლამენტის საზეიმო სხდომა უნდა შედგეს, სადაც ჩერნოგორიის დამოუკიდებლობას გამოაცხადებენ. ამით 1993 წლის შემდეგ ევროპაში პირველი ახალი სახელმწიფო გაჩნდება.

ჩერნოგორია ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკებიდან უკანასკნელია, რომელიც ბელგრადის გავლენის სივრციდან გადის. ბოლო ათწლეულის განმავლობაში, სლოვენიას, ხორვატიას და ბოსნიას დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა მოუწიათ. სლოვენიაში ომი ძალიან ცოტა ხანს გაგრძელდა და დიდი მსხვერპლი არ მოუტანია. ხორვატებს და ბოსნიელებს კი სერბებთან სასტიკი, ულმობელი ომები გადახდათ. მაკედონიამ ფედერაცია მშვიდობიანად დატოვა 1991 წელს. ყოფილი რესპუბლიკების გარდა, სამომავლო სტატუსის შესახებ მოლაპარაკებები სერბიის ოლქის, კოსოვოს ირგვლივაც მიმდინარეობს - და ბევრი ექსპერტის აზრით, ეს პროცესი კოსოვოს დამოუკიდებლობით დასრულდება.

ჩერნოგორიაში ჩატარებულ რეფერენდუმს დიდი ინტერესით ადევნებდნენ თვალს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მდებარე ”სეპარატისტული რეგიონები”. ესპანეთის ბასკეთის და კატალონიის რეგიონებმა რეფერენდუმზე დელეგაციები მიავლინეს. რეფერენდუმის შედეგებს მიესალმა დნესტრისპირეთი; მოვლენას დადებიტად გამოეხმაურენ აფხაზი სეპარატისტების ლიდერები.

რადიო ”თავისუფლების” ჩრდილოკავკასიურმა სამსახურმა ამ თემაზე აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი შამბასთან ჩაწერა ინტერვიუ. გთავაზობთ შამბას განცხადებას:

[სერგეი შამბას ხმა]: "რეფერენდუმის ჩატარების არავითარი გეგმა არა გვაქვს, რადგან 99 წელს ჩვენ უკვე ჩავატარეთ რეფერენდუმი, რომელზეც აფხაზეთის მოსახლეობის 90 პროცენტზე მეტმა მხარი დაუჭირა დამოუკიდებლობას. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ეს საკითხი ამოწურულია. რეფერენდუმის ჩატარებას არ ვაპირებთ. ამის აუცილებლობა არ არსებობს. ჩვენი აზრით, ჩერნოგორიის მაგალითის გათვალისწინება საჭიროა. გარდა ამისა, წლეულსვე განიხილება კოსოვოს დამოუკიდელობის საკითხიც. ყველაფერი ეს, ცხადია, ადასტურებს, რომ ერების დამოუკიდებლობის უფლება იყო და არის მნიშვნელოვანი, იგი კვლავაც რჩება ფუძემდებლურ უფლებად, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა აღიარებს. ვიცით, რომ ბევრი სახელმწიფო ცდილობდა დამოუკიდებლობის მიღწევას და მიაღწია კიდეც. ასე რომ, ახლა ჩვენი რიგია."

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა, სერგეი ბაღაფშმა კი რუსეთის სააგენტო ”ინტერფაქსს” განუცხადა, რომ ჩერნოგორიამ ”პრეცედენტი” შექმნა, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა გაითვალისწინოს.

თუმცა, საერთაშორისო ინსტიტუტების მაღალჩინოსნები ამ ეტაპზე ერთმნიშვნელოვნად ამბობენ, რომ ”პრეცედენტზე” საუბარი ნაადრევია. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორის, ხავიერ სოლანას სიტყვებით - ”ეს არავისთვის წარმოადგენს პრეცედენტს; ეს უბრალოდ ბალკანეთში შექმნილი ვითარების შედეგია”.

დაახლოებით ამავე აზრის არის ეუთოს ხელმძღვანელი, ეუთოს მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის, ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი, კარელ დე ჰუხტი. ის ამ დღეებში პრაღაში იყო ჩამოსული, სადაც ჩვენი რადიოს შტაბ-ბინაა განთავსებული. რადიო ”თავისუფლებამ” კარელ დე ჰუხტთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. შეკითხვას, შეიძლება თუ არა ჩერნოგორიის მსგავსი რეფერენდუმის ჩატარება სხვა რეგიონებში - მაგალითად, მთიან ყარაბაღში, სამხრეთ ოსეთში, აფხაზეთში და დნესტრისპირეთში - ეუთოს ხელმძღვანელმა ასე უპასუხა:

[კარელ დე ჰუხტის ხმა]: ”ამგვარი რეფერენდუმის ჩატარება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ მის გამართვას, და მის შედეგებს, ყველა მხარე ეთანხმება. სწორედ ამიტომ იყო ასე მნიშვნელოვანი საერთაშორისო თანამეგობრობის წინადადება - რომ თანხმობა რეფერენდუმში მონაწილეთა 55 პროცენტზე მეტს უნდა ეთქვა. ეს ყველასათვის მისაღები აღმოჩნდა. რეფერენდუმმა, რომლის ორგანიზება და რომლის შედეგები თავიდანვე გარანტირებული არ არის, შესაძლოა უფრო მეტი გათიშვა გამოიწვიოს. რეფერენდუმი გამოსავალი მხოლოდ მაშინაა, როდესაც მისი შედეგების აღიარებისთვის ყველა მხარე მზად არის.”

თუმცა, სავარაუდოდ, ჩერნოგორიის რეფერენდუმის განზოგადების შესაძლებლობა საქართველოში კვლავაც დისკუსიის საგნად დარჩება. ამ აზრს ქართველი პოლიტოლოგებიც იზიარებენ. მაგალითად, სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრის ხელმძღვანელი, ირაკლი მენაღარიშვილი, თვლის, რომ ჩერნოგორიის გამოცდილების
განზოგადება არ შეიძლება, ვინაიდან ყველა ცალკეულ შემთხვევას სპეციფიკური ისტორიული, თუ პოლიტიკური კონტექსტი აქვს. მაგრამ, მენაღარიშვილის აზრით, საქართველოს სეპარატისტული რეგიონების წარმომადგენლები აუცილებლად ეცდებიან ვითარებით სარგებლობას:

[ირაკლი მენაღარიშვილის ხმა]: ”ვფიქრობ, საერთაშორისო თანამეგობრობას ეყოფა კეთილგონიერება, რომ ასეთი პრეცედენტებით არ იხელმძღვანელოს. მაგრამ სიტუაციის გართულების, მით უმეტეს, ამ მიზნით მისი გამოყენების მცდელობა უდავოდ იქნება და არ გამოვრიცხავ, რომ ეს შანსი ხელიდან არ გაუშვან მათ, ვისაც სიტუაციის დაძაბვა აინტერესებს”.

ქართველი პოლიტოლოგის ვარაუდს ამყარებს საქართველოს სეპარატისტული რეგიონების წარმომადგენელთა განცხადებები. ეს განცხადებები მხოლოდ ლიდერების დონეზე არ კეთდება - მოსაზრებას, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ამ რეგიონებსაც ყურადრებით უნდა მოეკიდოს, და დამოუკიდებლობის შანსი მისცეს, ბევრი ანალიტიკოსი თუ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელიც იზიარებს.

მაგალითად, სამხრეთი ოსეთის წარმომადგენელი, თემურ ცხოვრებოვი, დასავლეთს ორმაგი სტანდარტების ქონაში ადანაშაულებს. ცხოვრებოვი თავის დროზე ქართულ-ოსურ შეიარაღებულ დაპირისპირებაში მონაწილეობდა, დღეს კი დამოუკიდებელ ორენოვან – ქართულ-ოსურ გაზეთ “21-ე საუკუნეს” გამოსცემს:

[თემურ ცხოვრებოვის ხმა]: ”მუდმივად ვგრძნობთ აგრესიას საქართველოს მხრიდან. ეს გარკვეულწილად ხელს უწყობს სამხრეთი ოსეთის ავტორიტარიზმისკენ გადახრას. ევროპა კი, იმის ნაცვლად, რომ უღიარებელ რესპუბლიკაში დემოკრატიას შეუწყოს ხელი, არაფერს არ აკეთებს ამისთვის და ერთადერთ გზას – საქართველოში შესვლას გვთავაზობს. თუმცა, არსებობს ალტერნატიული გზებიც.”

რა გავლენას იქონიებს ჩერნოგორიის გამოცდილება მსოფლიოს, და მათ შორის საქართველოს, სეპარატისტულ რეგიონებზე, მომავალში გაირკვევა. ამ ეტაპზე კი ალბათ ერთი შეიძლება ითქვას - გამოცდილების განზოგადების შესაძლებლობაზე საუბრისას, ალბათ ღრმა, შედარებითი ანალიზი და მყარი არგუმენტებია საჭირო. რადიო ”თავისუფლება” მომავალ გადაცემებში ეცდება ამგვარი ანალიტიკური მასალები შემოგთავაზოთ.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG