Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა


1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ეს დღე 1949 წელს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიული ფედერაციის ინიციატივით დაწესდა და 1950 წლიდან მთელ მსოფლიოში აღინიშნება.

ამ დღესთან დაკავშირებით დღეს მთელი რიგი გასართობი, საქველმოქმედო და სამეცნიერო ღონისძიებები გაიმართება სრულიად საქართველოში. თქვენს ყურადღებას ამჯერად ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილ ჯანდაცვის პროგრამებზე გავამახვილებ. გუშინ რუსთავში თბილისიდან ჩასულმა პედიატრიული კლინიკის ექიმებმა რუსთაველ ბავშვებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარეს. დღეს თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის მედქალაქში პატარების კონსულტაციებისთვის სპეციალური უფასო კარავი მოეწყობა; 2 ივნისს, ასევე უსასყიდლოდ, ღია კარის დღე ჟვანიას სახელობის პედიატრიულ კლინიკაში გაიმართება.

პატარა პაციენტთა ერთი ნაწილი დღეს კომპეტენტურ ექიმთა საგანგებო კონსილიუმის წინაშეც წარდგება. თბილისში მიმდინარეობს ქართველი და თურქი პედიატრების ორდღიანი კონფერენცია თემაზე“ბავშვთა ნეფროლოგიის აქტუალური საკითხები.“ როგორც კონფერენციის ერთ–ერთმა ორგანიზატორმა პროფესორმა გურამ ჩატაიამ გვითხრა, ცნობილი ქართველი ნეფროლოგები და უროლოგები ქალაქ იზმირის ეგეოსის უნივერსიტეტის პედიატრიული დეპარტამენტის წამყვან სპეციალისტებთან ერთად დაავადების რამდენიმე განსაკუთრებულად რთულ შემთხვევაზე იმსჯელებენ:

[გურამ ჩიტაიას ხმა]“ ჩვენ შევარჩიეთ რამდენიმე ავადმყოფი, ჩვენთვის შედარებით რთული, საინტერესო პაციენტი. გვაინტერესებს ჩვენი კოლეგების აზრი მათი მკურნალობისა და ზოგიერთი გამოკვლევის ჩატარების მიზანშეწონილობის შესახებ. ეს წინასწარ შერჩეული პაციენტები არიან, რომელთაც ჩვენ, კოლეგები, ასეთ მრგვალ მაგიდასთან გავარჩევთ და ჩავატარებთ დისკუსიას ამ პაციენტების შესახებ. ზოგიერთი იქნება პირადადაც, მაგრამ, ძირითადად, ეს იქნება ისტორიები, უკვე შესრულებული მოხსენებები. ჩვენ ვემზადებით ამისათვის და ეს იქნება, ვფიქრობ, ძალიან საინტერესო.“(სტილი დაცულია)

და, იმედია, ნაყოფიერიც - არა მარტო ექიმთა დახელოვნების, არამედ ნეფროლოგიურ ავადმყოფთა განკურნების მხრივაც. კონსილიუმში მონაწილე პატარა პაციენტებს ჩვენ, ჩვენის მხრივ, სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. უმწეო და დაავადებული პატარები ბავშვთა დაცვის დღეს განსაკუთრებული და უჩვეულო მზრუნველობის ობიექტები ხდებიან ხოლმე. წელიწადში ერთი დღე საამისოდ ძალზე ცოტაა. მით უფრო, რომ ქართველი მოზარდების სულიერი თუ ფიზიკური ჯანმრთელობა ჯერაც ეწირება, ერთი მხრივ, სოციალურ პრობლემებს, მეორე მხრივ კი, ოჯახურ თუ სხვა სახის ძალადობას. „ყველა ბავშვს აქვს უფლება უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების იმ დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი თუ სოციალური განვითარებისათვის“– ესაა ამონარიდი გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციიდან, რომელსაც საქართველო თორმეტი წლის წინათ, 1994 წელს, მიუერთდა. კონვენციის ეს პირობა სრულფასოვნად ვერ სრულდება, სხვათა შორის, ჯანმრთელობის დაცვის მხრივაც.

[მარინე კვეზერელი–კოპაძის ხმა]“თუ გავითვალისწინებთ იმას, რა პირობებში, რა ეკონომიკური ბაზისის პირობებში ვმუშაობთ ჩვენ, ალბათ, ჩვენი ექიმების და პედიატრების მოღვაწეობა ამ შემთხვევაში არის გმირობის ტოლფასი. კიდევ ერთი: სამწუხაროდ, ჩვენს რეგიონში ძალიან მაღალია სიხშირე თანდაყოლილი ინფექციების, ანუ ის, რაც არის ჩადებული არაჯანსაღ ბავშვში, როდის იჩენს თავს –ეს იქნება ცენტრალური ნერვიული სისტემის პათოლოგია, ეს იქნება სისხლის დაავადებები.“(სტილი დაცულია)

როგორც პედიატრი ჰემატოლოგი მარინე კვეზერელი–კოპაძე შენიშნავს, ბავშვთა ჯანმრთელობაზე დედამ ჯერ კიდევ ორსულობის პერიოდში უნდა იზრუნოს და, ამ მხრივ, არანაირი კომპრომისი არ უნდა დაუშვას, პირველ რიგში, საკუთარ თავთან. პარადოქსია, მაგრამ დედათა და ბავშვთა პრობლემა განსაკუთრებით თვალშისაცემი 1 ივნისს ხდება ხოლმე, მიუხედავად იმისა, რომ ეს საზეიმო დღეა. ამ დღეს განსაკუთრებით იგრძნობა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სიმრავლეც. ასე მაგალითად, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დღეს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდებათ გლდანის ბავშვთა სოციალური ადაპტაციის ცენტრის აღსაზრდელებსაც. ცენტრი, სადაც ქუჩაში უმეთვალყურეოდ მყოფი რამდენიმე ათეული ბავშვი ცხოვრობს, ზუსტად ერთი წლის წინათ, შარშან 1 ივნისს, გაიხსნა. წელს მსგავსი ტიპის ახალი საბავშვო დაწესებულების პრეზენტაცია დაგეგმილი არ არის, ბავშვების გართობასა და გამხიარულებაზე კი, ტრადიციულად, ბევრი უფროსი თუ თანატოლი იზრუნებს. ვულოცავთ პატარებს ბავშვთა დაცვის დღეს.
XS
SM
MD
LG