Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გასული კვირა საკმაოდ დატვირთული


გასული კვირა საკმაოდ დატვირთული

იყო პოლიტიკური მოვლენებით, დისკუსიებითა თუ კამათით. მაგრამ, შეიძლება ითქვას, რომ ყურადღების ცენტრში მაინც ადამიანის უფლებების თემა მოექცა. ბევრისთვის მოულოდნელი კომენტარებით არენაზე დარჩა სახალხო დამცველი. მინდა სოზარ სუბარის განცხადებების შედეგად გამოწვეულ ვნებათაღელვასა და კვირის სხვა მნიშვნელოვან მოვლენებზე გესაუბროთ.

5 ივნისს, ორშაბათს, სახალხო დამცველმა ოპოზიციურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული ანგარიში წარუდგინა. თუმცა საანგარიშო პერიოდი გასული წლის მე-2 ნახევარს მოიცავს, სოზარ სუბარი საუბრობდა იმ უმძიმეს რეალობაზეც, რომელიც სასჯელაღსრულების სისტემაში 2006 წელს შეიქმნა. ანგარიში გაჯერებული იყო შეფასებებით - კატასტროფული, შემაშფოთებელი, გამაოგნებელი და სხვ. სახალხო დამცველი გამოთქვამს სერიოზულ ეჭვებს სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით. მას უკვირს, რომ გამოძიება საქმეში სხვა პირთა ბრალეულობის დადგენით არ ინტერესდება. ეჭვები უკავშირდება ორთაჭალის ციხეში 27 მარტს მომხდარ სისხლიან მოვლენასაც, რომელიც, სოზარ სუბარის ვარაუდით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის პროვოცირებული იყო. ამ ვერსიას ადასტურებს ყოფილი კანონიერი ქურდი. პლატონ მამარდაშვილი ამბობს, რომ მღელვარება ორთაჭალის ციხეში, მე-5 საპყრობილეში, სპონტანურად მას შემდეგ დაიწყო, რაც ახალაიამ პატიმარს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა:

(პლატონ მამარდაშვილის ხმა) ”... მივიდა ავალიანთან, სახესთან მიუტანა თავი და დაარტყა. ჩემ გვერდით იდგა ნიღბიანი ჯარისკაცი, რომელმაც მე დამარტყა. მერე ეზოში გაგვიყვანეს. მთელი „რესბალნიცა“ იყურებოდა. ატეხეს ყვირილი, ნუ კლავთ ხალხსო და ეს ხმაური გადაედო მეხუთე საპყრობილეს.” (სტილი დაცულია)

ყოფილი კანონიერი ქურდის საუბრის ვიდეოჩანაწერი საზოგადოებას სახალხო დამცველმა 6 ივნისს წარუდგინა. ჩანაწერში პლატონ მამარდაშვილი ამბობს იმასაც, რომ 3 კანონიერი ქურდის შეხვედრა, რომლის ამსახველი კადრები იუსტიციის სამინისტრომ ბუნტის ორგანიზების დამადასტურებელი ფაქტის სახით გაავრცელა, დადგმული სპექტაკლი იყო და რომ ამ სპექტაკლში ის ნებაყოფლობით იღებდა მონაწილეობას. სანაცვლოდ, სასჯელაღსრულების სისტემის ხელმძღვანელობა მძიმედ დაავადებულ პატიმარს ვადამდე გათავისუფლებას ჰპირდებოდა, მაგრამ დაპირებული არ შეუსრულა. სახალხო დამცველი მამარდაშვილის ნაამბობში დამაფიქრებელ დეტალებს ხედავს:

(სოზარ სუბარის ხმა) ”აყენებენ ვიდეოთვალს და ამის შემდეგ, მაინცდამაინც ამ ვიდეოთვალის ქვეშ, დერეფანში ხდება ამ ”სამთა ბჭობა”. ამ სამიდან ერთი არის ზედელაშვილი, რომელსაც მოძრაობა არ შეუძლია და დახმარების გარეშე დერეფანში ვერავინ ვერ გამოიყვანდა და ვიდეოთვალის ქვეშ ვერავინ ვერ დაასკუპებდა. მეორე არის ვიბლიანი, რომელიც საერთოდ არ უნდა ყოფილიყო იმ სივრცეში და მისი იქ შესვლა წარმოუდგენელია ადმინისტრაციის ნების გარეშე, და მესამე არის თვითონ მამარდაშვილი, რომელიც ამბობს, რომ ის ასრულებდა ადმინისტრაციის შეკვეთას. აი, ამ სამი ადამიანის შეკრება იმ ვიდეოთვალის ქვეშ ვერ მოხერხდებოდა ადმინისტრაციის გარეშე. ვინ არის ეს ადმინისტრაცია? - აი, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს.” (სტილი დაცულია)

”სამთა ბჭობის” ერთ-ერთ მთავარ მონაწილე პატიმარ ვიბლიანსა და მის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაზე სახალხო დამცველი ჩვენ მიერ უკვე ნახსენებ ანგარიშშიც საუბრობდა. ბაჩო ახალაიამ ეს ”ნათესავების მფარველობად” მონათლა:

(ბაჩო ახალაიას ხმა) ” საჯაროდ მის მიერ გაკეთებული განცხადებები ეხება, ბოლოს რაც ხდება, რამოდენიმე პატიმარს, რომლებთანაც მას აქვს ნათესაური კავშირი.” (სტილი დაცულია)

თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენელმა თეა თუთბერიძემ ნათესაობის თემა კიდევ უფრო დააკონკრეტა, საკითხი კუთხურობის ჭრილში განიხილა და სვანები ახსენა:

(თეა თუთბერიძის ხმა) ”არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, არც - სვანს, არც - იმერელს და არც - მეგრელს, მაგრამ... მარტო სვანები არ არიან პატიმრები. სახალხო დამცველი უნდა იყოს ყველასთვის.” (სტილი დაცულია)

თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენლის კომენტარს 8 ივნისს ხმაური მოჰყვა საქართველოს პარლამენტში. დეპუტატები ადამიანების - მათ შორის, პატიმრების - კუთხურობის პრინციპით დაყოფას აპროტესტებდნენ. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დასკვნის სახით, ერთი მარტივი ჭეშმარიტება გაიხსენა:

(მიხეილ მაჭავარიანის ხმა) ”სვანებიც, იმერლებიც, კახელებიც, მეგრელებიც, აჭარლებიც - ყველა ვართ საქართველოს შვილები და არ უნდა მოხდეს გამოყოფა არანაირი მხარის და ადგილის მიხედვით.” (სტილი დაცულია)

თავად სახალხო დამცველი არ უარყოფს, რომ პატიმარი ვიბლიანი სვანია და მისი ნათესავია, თუმცა უკვირს, რა მნიშვნელობა აქვს ამას მაშინ, როდესაც ადამიანის უფლებების სასტიკ დარღვევაზე ვსაუბრობთ:

(სოზარ სუბარის ხმა) ”სვანებსაც აქვთ სიცოცხლის უფლება და ჯანმრთელობის უფლება, ისევე როგორც - ყველას, და არ შეიძლება ადამიანი 5 დღე შარდზე ვერ გადიოდეს და მისი მკურნალობის ერთადერთი დანიშნულება, რასაც ექიმები ეუბნებიან, იყოს, რომ - იცი რა, ბევრ წყალს ნუ დალევ, როცა წამლებს სვამ, თორემ, ნუ, შეიძლება უფრო გეტკინოს და შეიძლება გაგისკდეს ბუშტი... ეს არის წამების კლასიკური შემთხვევა და არ შემიძლია მე ამაზე ხმა არ ამოვიღო, ვინც არ უნდა იყოს იგი.” (სტილი დაცულია)

სოზარ სუბარის აქტიურობას მიესალმებიან წამყვანი ოპოზიციური პარტიები, რომლებიც გასულ კვირაში სალომე ზურაბიშვილმა გაანაწყენა. პარტია ”საქართველოს გზის” ლიდერი საქართველოში წარმოდგენილ ოპოზიციურ ძალებთან საქმის დაჭერას არ აპირებს. მის მიერ გაკეთებულ შეფასებებში კიდევ ერთხელ წამოიჭრა ”ქაჯების თემა”. სალომე ზურაბიშვილი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის ერთიანი პოლიტიკური ბლოკის შექმნის პრაქტიკულად ერთადერთი მოწინააღმდეგე აღმოჩნდა. მან უარი თქვა ერთიანი ოპოზიციის შესაძლო ლიდერობაზე:

(სალომე ზურაბიშვილის ხმა) ”მე უარი ვთქვი თითქმის განაღდებულ მერობაზე, მაგრამ რა იქნებოდა ეს განაღდებული მერობა ამ პირობებში, რაღაც არარსებული კოალიციის შედეგად, რომელიც არ არის საქართველოს ინტერესების ირგვლივ და პროგრამის ირგვლივ შექმნილი კოალიცია?! ეს იქნებოდა დამანგრეველი, პირველ რიგში - დემოკრატიისთვის და საქართველოსთვის, მაგრამ შეიძლება ყოფილიყო კიდევ ბევრად უფრო დამანგრეველი ჩემი მომხრეებისთვის და მხარდამჭერებისთვის.” (სტილი დაცულია)

იმის გამო, რომ „საქართველოს გზასა“ და სხვა ოპოზიციურ პარტიებს შორის შავმა კატამ ჩაირბინა, 9 ივნისს თანამდებობიდან გადადგა პარტიის თავმჯდომარე და ერთ-ერთი დამფუძნებელი დეპუტატი გია თორთლაძე. მისი ყოფილი პარტია თვითმმართველობის არჩევნებისთვის ყველასაგან დამოუკიდებლად აპირებს მზადებას. თუმცა ჯერჯერობით დიდი ეჭვი უკავშირდება თავად იმ საკითხს, თუ როდის დაინიშნება თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში. ეჭვი და დაბნეულობა პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ წარმოშვა:

(მიხეილ სააკაშვილის ხმა) ”არჩევნები უნდა დანიშნოს პრეზიდენტმა. მე ჯერ კიდევ დიდხანს არჩევნების დანიშვნას, ნუ ნერვიულობს ნურავინ, არ ვაპირებ. იმდენია აქ ქალაქში საკეთებელი, რომ შეუძლიათ ცოტა დაწყნარდნენ, იმიტომ რომ ცოტა ხანი მოცდა მოუწევთ.” (სტილი დაცულია)

ეს განცხადება პრეზიდენტმა სააკაშვილმა 6 ივნისს, თბილისის მშენებარე ობიექტების ღამის ინსპექტირებისას, გააკეთა. მას თან ახლდა თბილისის მერი გიგი უგულავაც, რომელმაც არჩევნები ”მეორედ მოსვლას” შეადარა, რადგანაც არავინ იცის, როდის იქნება ის. აქვე ვიტყვი, რომ პრეზიდენტის განცხადება ოპოზიციამ დემოკრატიის მიმართ მუქარად მიიღო.

”მეორედ მოსვლას” არ ჰგავდა საქართველოს საჯარო სკოლებში გამართული თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები. სამეურვეო საბჭოების პირველი და ისტორიულად წოდებული არჩევნების დღე რომ 7 ივნისი იქნებოდა, წინასწარ და კარგა ხნით ადრეც იყო ცნობილი. ამიერიდან მშობლები და პედაგოგები ერთად უხელმძღვანელებენ სკოლებს და ამ პრინციპის საწინააღმდეგო არავის არაფერი აქვს. თუმცა არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა და დაპირისპირება მაინც გამოიკვეთა.

დაბოლოს, გასული კვირის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენის შესახებ. 9 ივნისს იმ სამშვიდობო გეგმის ძირითადი პრინციპები და მიმართულებები გახმაურდა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აფხაზთა მხარეს სთავაზობს. გეგმაზე, სახელწოდებით ”საგზაო რუკა”, პარასკევს დეპუტატების წინაშე პრეზიდენტის მრჩეველმა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოწესრიგების საკითხებში ირაკლი ალასანიამ ისაუბრა. ის 2 უმთავრეს პრინციპს გამოყოფს:

(ირაკლი ალასანიას ხმა) ”პირველი: კონფლიქტის სრულმასშტაბიანი პოლიტიკური მოგვარება ეფუძნება საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ საზღვრებში. ქართული მხარე მზად არის დაიწყოს კონსულტაციები, ფედერალიზმის პრინციპზე დაყრდნობით, აფხაზეთისთვის ფართო საშინაო სუვერენიტეტის მინიჭების შესახებ. საქართველოს განსაკუთრებული ზრუნვის საგანია აფხაზების, როგორც საქართველოს ავტოქტონური ხალხის, კულტურა, ენა და ისტორიული მემკვიდრეობა, რისი უზრუნველყოფის ერთ-ერთი გარანტი საქართველოს ხელისუფლების ყველა შტოში აფხაზეთის ღირსეული წარმომადგენლობა იქნება. მეორე: კონფლიქტის სრულმასშტაბიანი მოწესრიგების ფუძემდებლური პრინციპია დაპირისპირების შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა აფხაზეთში უპირობო, ორგანიზებული და ღირსეული დაბრუნება, განურჩევლად მათი ეროვნული წარმომავლობისა.” (სტილი დაცულია)

მნიშვნელოვანი შეთავაზებაა ის, რომ ლტოლვილთა დაბრუნების პროცესი გაეროს სამოქალაქო პოლიციის ხელშეწყობით უნდა განხორციელდეს და ქართულ-აფხაზური სამართალდამცავების მიერ გაკონტროლდეს. დევნილთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით, საქართველოს მთავრობა ითხოვს გაეროსა და ეუთოს სოხუმის ოფისების გააქტიურებასა და მათი ფილიალების გახსნას გალის რაიონში, სადაც სპონტანურად დაბრუნებულ დევნილთა უფლებები გამუდმებით ირღვევა.

საქართველოს ხელისუფლება გამოთქვამს მზადყოფნას შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები ცეცხლის განუახლებლობის და კონფლიქტის მშვიდობიანი, პოლიტიკური გზით მოგვარების თაობაზე. ასევე ის მზად არის, აფხაზეთის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური რეაბილიტაციის თხოვნით საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართოს. დოკუმენტი, რომელშიც აქცენტი სხვა კიდევ არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე კეთდება, აფხაზთა მხარემ უარყოფითად შეაფასა. თუმცა საქართველოს ხელისუფლება კომპრომისის იმედს მაინც არ კარგავს.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG