Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიტიკოსთა გამოხმაურება სააკაშვილ–პუტინის შეხვედრაზე


13 ივნისს, გვიან ღამით, სანკტ–პეტერბურგის კონსტანტინეს სასახლეში საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის გამართული დიალოგის დეტალები დაინტერესებული

საზოგადოებისთვის, ძირითადად, დაფარული დარჩება. ამ შეხვედრას თანაბარი ინტერესითა და განსხვავებული ოპტიმიზმით ელოდა საქართველოს პოლიტიკური სპექტრის სახელისუფლებო და ოპოზიციური ნაწილი. ვიდრე მათ მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს შემოგთავაზებდეთ, შევნიშნავ, რომ ოპოზიციას, სულ მცირე, ერთი სკანდალური პროგნოზი გაუცრუვდა.

პროგნოზი, რომელსაც პრეზიდენტების შეხვედრამდე ახალი მემარჯვენეები აკეთებდნენ, რუსეთსა და საქართველოს შორის მოსალოდნელ გარიგებას უკავშირდებოდა. როგორც მემარჯვენე ოპოზიციის ლიდერმა დავით გამყრელიძემ განაცხადა, მას ჰქონდა წინასწარი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ნატოსკენ სწრაფვაზე უარის სანაცვლოდ საქართველოსთვის რუსეთს, შესაძლოა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში დახმარება შეეთავაზებინა. მემარჯვენეები ფიქრობენ, რომ გარიგება არ შედგა. ყოველ შემთხვევაში, ასეთი შთაბეჭდილება დარჩათ მათ სააკაშვილისა და პუტინის ერთობლივი პრესკონფერენციის შემდეგ. საერთოდ კი, პრეზიდენტების მიერ გამოთქმული მოსაზრებები, ახალი მემარჯვენეების აზრით, მხოლოდ საკუთარი მოსახლეობის მისამართით გაკეთებული მორიგი დეკლარაციები იყო და ინტერესთა თანხვედრას ადგილი არ ჰქონია. დეპუტატ ფიქრია ჩიხრაძის თქმით, ამ შეხვედრიდან სარგებელი ამ ეტაპზე, ძირითადად, რუსულმა მხარემ ნახა:

[ფიქრია ჩიხრაძის ხმა]“შეხვედრა უფრო იმისთვის იყო გამიზნული, რომ პუტინს “დიდი რვიანის” შეხვედრის წინ გარკვეული პლუსი ჩაეწერა საერთაშორისო საზოგადოების თვალში, რომ ის მზად არის დიალოგისათვის ყველასთან, რანაირი დაძაბული ურთიერთობაც არ უნდა არსებობდეს. მან ეს პლუსი თავისთვის, როგორც ჩანს, ჩაიწერა. როგორ განვითარდება მოვლენები შემდგომში, ამ დაძაბული ურთიერთობის ფონზე, ამას მომავალი გვიჩვენებს.“

მემარჯვენე ოპოზიციის პარტნიორ “დემოკრატიულ ფრონტში” კი ფიქრობენ, რომ არც მომავალში შეიცვლება რამე, ანუ რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა პრაქტიკულად ფორმალურ ხასიათს ატარებდა და კონკრეტული ნაბიჯები პოლიტიკური დათბობის მიმართულებითაც კი ნაკლებად სავარაუდოა:

[დავით ზურაბიშვილის ხმა]“ არ ვიცი მე, რა ილაპარაკეს 2 საათი ჩუმად. მაგრამ რაც საჯარო განცხადებები იყო, ყველა დარჩა თავის აზრზე, რაც მოსალოდნელი იყო. მე რიტორიკაში აღარ გადავალ. ერთადერთი, რაც იყო, ჩვენს პრეზიდენტს, ეტყობა, ჰქონდა იმის შიში, როგორმე არ გამოჩენილიყო ქართული საზოგადოების თვალში დამთმობად და ამიტომ ცოტა გადავარდა მეორე უკიდურესობაში და ილაპარაკა ზედმეტად ბევრი და არცთუ დიპლომატიური ტონით. არა, ანექსიაზეც არა. გამოგიგზავნით კრიმინალებს და ღვინო იყიდეთ, თორემ გათავდაო. სად გათავდა ეს ღვინო, კაცო. მასე კარგად რომ გვქონდეს საქმე, რა გვიჭირს. ამიტომ ეს, უბრალოდ, იყო ასე, ბრავირება.“

იმან, რამაც, გარკვეულწილად, გააღიზიანა საპარლამენტო ოპოზიცია, აღაფრთოვანა მმართველი პარტია. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გიგა ბოკერიას აზრით, პრეზიდენტმა სააკაშვილმა თავისი პირდაპირობით დაადასტურა, რომ საქართველო საკუთარი სახელმწიფოებრივი ინტერესების დათმობას არ აპირებს. ამასთან დაკავშირებით ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტის იდეა სეპარატისტულ რეგიონებში რეფერენდუმის გამართვის შესახებ, შესაძლოა, საქართველოსთვის მომგებიანიც კი აღმოჩნდეს:

[ნიკა გვარამიას ხმა]“ ეს სულაც არ არის ჩვენთვის წამგებიანი, ასე ვთქვათ, პოლიტიკური სპეკულაციებისთვის. რეფერენდუმის წინაპირობა არის, რა თქმა უნდა, დევნილთა უპირობო და სრული დაბრუნება. შესაბამისად, ამაზე ფიქრი და ამაზე საუბარი შეიძლება.“

ნიკა გვარამიას ეთანხმება ფრაქცია რეგიონების წევრი, ლიახვის მაჟორიტარი დეპუტატი გურამ ვახტანგაშვილი, რომელიც განსაკუთრებით პრეზიდენტ სააკაშვილის სითამამემ მოხიბლა:

[გურამ ვახტანგაშვილის ხმა]“ ძალიან გახარებული ვარ და მიხარია, რომ პრეზიდენტმა ასე ვაჟკაცურად და ღიად დააფიქსირა თავისი პოზიცია და მისი პოზიცია ეს არის მოსახლეობის და მთლიანად ქართული საზოგადოების პოზიცია, რომ დასაკარგი ტერიტორიები არა გვაქვს.“(სტილი დაცულია)

რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრას ინტერესით ადევნებდა თვალყურს არასაპარლამენტო ოპოზიციაც. სახალხო ფორუმის ერთ–ერთი ლიდერის, რეზო შავიშვილისა, და ყოფილი დეპუტატის ვახტანგ ხმალაძისათვის განსაკუთრებით შემაშფოთებელი რუსეთის პრეზიდენტის მიერ საქართველოს ეკონომიკის ბერკეტების ხელში ჩაგდების საჯარო აღიარება იყო. ვახტანგ ხმალაძეს მოუსმინეთ:

[ხმალაძის ხმა]“რომელიმე სახელმწიფოს ხელში ჩვენი ეკონომიკის გადასვლა, ეს იქნება კატასტროფა, რადგან ეკონომიკური ბერკეტების გამოყენება უკვე ძალიან მარტივად შეიძლება ნებისმიერი პოლიტიკური გადაწყვეტილების - მათთვის სასარგებლო პოლიტიკური გადაწყვეტილების - მისაღებად. მით უმეტეს, მინიშნება პირდაპირი იყო, რომ 30 პროცენტი გენერაციის რუსულია, განაწილებისაც რუსულია და ძალიან არიან დაინტერესებულნი კვების მრეწველობის სექტორით. პუტინი, რა თქმა უნდა, აქ რუსულ სახელმწიფოს გულისხმობდა და არა რუსულ კერძო კაპიტალს.“
XS
SM
MD
LG