Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახეთის რეგიონის ჟურნალისტები შიმშილობით იმუქრებიან


კახელი ჟურნალისტები სიღნაღის რაიონის სოფელ ანაგის მისადგომებთან 15 ივნისს მომხდარი ამბის კოშმარებს 16 ივნისს უკვე თბილისში იხსენებდნენ.

პრესკონფერენციას, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდამჭერი აქციის სასტიკად დარბევის ფაქტს მიეძღვნა, ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრი მასპინძლობდა. იმ შემთხვევაში, თუ აქციის დარბევის ორგანიზატორები სამაგალითოდ არ დაისჯებიან, მუშტებითა და კუბოს ფიცრებით ნაცემი ჟურნალისტები შიმშილობით იმუქრებიან. ისინი ყველაფერს კვლავაც სიღნაღის მაჟორიტარ დეპუტატს, უმრავლესობის წევრ ნუგზარ აბულაშვილს აბრალებენ. ინციდენტით, რომლის შედეგადაც 5 ადამიანი დააკავეს, სახალხო დამცველიც დაინტერესდა. რა პრეტენზიებს გამოთქვამს სოზარ სუბარი პოლიციელების მისამართით და რა ბრალდებებს უყენებენ სამართალდამცავებს თავად დაზარალებული ჟურნალისტები?

(გელა მთივლიშვილის ხმა) ”მანქანიდან ამოგვტაცეს ნივთები, მოგვდგნენ წიხლებით, ფიზიკური შეურაცხყოფა, გინება... რაღაცა იყო, რა... უბრალოდ ვერ აგიხსნით... ეგეთი რაღაც არ მინახია არსად, რა... ეს როგორ გააკეთეს და გაბედეს, ვერ გამიგია, უბრალოდ. ეს როგორ მოუვიდათ აზრად... ამდენ მედიასაშუალებას თავზე თუ დაგვესხმებოდნენ და ამას გაგვიკეთებდნენ დღისით მზისით... კუბოს ფიცრებით გვცემეს, ხალხო, და მეტი რაღა გინდათ?! (იცინის) .” (სტილი დაცულია)

კახეთის რეგიონული გაზეთის, ”იმედის”, მთავარი რედაქტორის ხუმრობა, როგორც თავად ამბობს, ძალიან მწარეა. გელა მთივლიშვილი იმ ჟურნალისტებს შორის იყო, რომლებიც ”იურისტთა განვითარების ცენტრის” მიერ დაგეგმილი თეატრალიზებული საპროტესტო აქციის გასაშუქებლად მიემგზავრებოდნენ. კუბო, რომლის ფიცრებითაც ჟურნალისტებს გაუსწორდნენ, აქციის მთავარი რეკვიზიტი იყო:

(თინათინ ფხოველიშვილის ხმა) ”რადგანაც დასამარებული იყო ისედაც და აღარ არსებობდა სიღნაღის რაიონში თვითმმართველობები, ბარემ დაგვესვა წერტილი და დაგვემარხა ჩვენ. დაკრძალვა დაიწყებოდა ანაგიდან, გაივლიდა ყველა იმ საკრებულოს, რომლებშიც გადატრიალებები მოახდინა ნუგზარ აბულაშვილმა და დამთავრდებოდა სასახლის მიტანით ნაციონალების ოფისთან.” (სტილი დაცულია)

ნუგზარ აბულაშვილი, რომელსაც ”იურისტთა განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელი თინათინ ფხოველიშვილი ახსენებს, ნაციონალური მოძრაობის სიღნაღის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ამავე რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი და უმრავლესობის წევრი გახლავთ. აქციის მონაწილე ჟურნალისტები ამბობებ, რომ მის გარეშე რაიონში ჩიტი ვერ დაფრინავს, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს თანამდებობებიდან სწორედ მისი მითითებით აგდებენ და მას რომ არ მოენდომებინა, აქციასაც ასე სასტიკად ვერავინ დაშლიდა. გელა მთივლიშვილი ამბობს, რომ აბულაშვილის დასაცავად პოლიციამ ჟურნალისტებს ხალხიც კი დაუპირისპირა:

(გელა მთივლიშვილის ხმა) ”დავინახეთ, როგორ მოდიოდა ერთი ავტობუსი და რამდენიმე ავტომანქანა, რომლებიც ხალხით იყო გაჭედილი. ჯერ არ იყო ტრანსპორტი გაჩერებული, რომ პირდაპირ ჩამოხტა ხალხი ამ მანქანებიდან. არაფერი არ გვითხრეს, მათი შეძახილი იყო ერთადერთი ის, რომ - თქვენ ვერაფერს ვერ დააკლებთ აბულაშვილს, ვერაფერს ვერ დაწერთ მასზე ცუდს. თავდამსხმელების უმეტესობა იყო ადგილობრივი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ეს თვითონაც განაცხადეს და შემდეგ, ოფისში რომ ავიდნენ, ამითაც დადასტურდა. იყვნენ შეიარაღებული დანებით. ჟურნალისტთა დარბევისკენ მოუწოდა თავდამსხმელებს თვითონ პოლიციის თანამშრომელმა იაგო კოჭლამაზაშვილმა. ამაზე პასუხს ვაგებ... მოუწოდა ხალხს, რომ არ მოეცათ ჩვენთვის გადაღებისა და ჩაწერის საშუალება.” (სტილი დაცულია)

აქციაზე მიყვანილ ხალხს ოდნავ მოგვიანებით სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები შეხვდნენ. სოზარ სუბარის კომენტარის მიხედვით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ზოგიერთები იქ მოტყუებით მიიყვანეს:

(სოზარ სუბარის ხმა) ”ჩვენებს უთხრა ერთ-ერთმა, რომ მოგვატყუესო - ელექტროენერგიის გამო რაღაც აქცია უნდა მოვაწყოთო და აქ მოგვიყვანესო. სრულიად შემთხვევით მოვხვდით სხვა აქციაზე, არც კი ვიცოდით, სად მოვხვდითო...”. (სტილი დაცულია)

სახალხო დამცველი გამოძიების დასრულებამდე დეპუტატ აბულაშვილის ბრალეულობის შესახებ, ბუნებრივია, ვერაფერს ამბობს. თუმცა პრეტენზიებს უკვე გამოთქვამს პოლიციის მისამართით:

(სოზარ სუბარის ხმა) ”პოლიციამ გამოიჩინა აბსოლუტურად უმოქმედობა, თავდაპირველად. მოგვიანებით კი დააკავეს 5 ადამიანი, მაგრამ მათ შეეძლოთ თავიდანვე აღეკვეთათ ეს ხულიგნობის ფაქტი, რაც პოლიციამ არ გააკეთა. ამიტომ, ვფიქრობ, თვითონ პოლიციის პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დადგეს.” (სტილი დაცულია)

პოლიციამ თვალები შეგნებულად დახუჭა - დარწმუნებულები არიან დაზარალებული ჟურნალისტები, რომლებიც უკან დახევას არ აპირებენ. 5 თავდამსხმელის დაკავება და მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის ხულიგნობის მუხლით აღძვრა მათთვის საკმარისი არ არის. დაზარალებულებიდან ბევრი აპირებს, რომ გაზეთ ”იმედის” მთავარი რედაქტორის გელა მთივლიშვილის გეგმის მიხედვით იმოქმედოს:

(გელა მთივლიშვილის ხმა) ”ყველას ვემუქრები, კანონის ფარგლებში, თვითონ სამართალდამცავებსაც: პროტესტის უკიდურეს ფორმას რომ მივმართო (შიმშილობასაც დავიწყებ და არა მარტო მე, ყველა ჟურნალისტი, ვინც დაზარალებულები ვართ, ადგილობრივი მოსახლეობაც და არასამთავრობო ორგანიზაციები), არავის არ შევარჩენთ იმას, რაც მოხდა. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კანონის ყველანაირი მკაცრი ზომებით იყვნენ დასჯილი ამის დამკვეთი და ვინც არის ორგანიზატორი.” (სტილი დაცულია)

ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრი კი, რომელიც 16 ივნისს დაზარალებულ ჟურნალისტებს მასპინძლობდა, მომხდარის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციების - მაგალითად, გაეროსა და ეუთოს - ინფორმირებას აპირებს. შეგახსენებთ, რომ 15 ივნისს მომხდარს გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე. ნინო ბურჯანაძის თქმით, თუ დადასტურდება, რომ ინციდენტში დამნაშავე არიან ან პოლიციის, ან მმართველი პარტიის წარმომადგენლები, უკანონო მოქმედებისთვის ნებისმიერი მათგანი უმკაცრესად დაისჯება. თუმცა თავად დაზარალებულებს მაინცდამაინც არ სჯერათ, რომ ეს ასე იქნება.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG