Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორშაბათს გამოსულ გაზეთებში საკმაოდ დიდი ადგილი ეთმობა დეპუტატ კობა დავითაშვილზე


ორშაბათს გამოსულ გაზეთებში საკმაოდ დიდი ადგილი ეთმობა დეპუტატ კობა დავითაშვილზე თავდასხმის მცდელობას - საქმეს, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრმა

ვანო მერაბიშვილმა გასული კვირის მიწურულს გახსნილად გამოაცხადა. დღევანდელი პრესის მიმოხილვაში ჩვენც სწორედ ამ საკითხს გამოვყოფთ. ოფიციალური ინფორმაციით, როგორც იცით, დადგენილია ქილერის ვინაობა: 1981 წლის 23 ივნისს დაბადებული გიორგი ალიკას ძე კურტაევი, ამჟამად რუსეთის მოქალაქე. ”ახალი ვერსია” ამ თემას დღევანდელ ნომერში 2 პუბლიკაციას უძღვნის: ”მადლობა მეზობლებს!” და ”ქილერის შეუსრულებელი მისია/ ვინ იქნება შემდეგი სამიზნე?” . მართალია სტატიაში ამ კითხვაზე პასუხს ვერ იპოვით, მაგრამ გაზეთი ცდილობს უპასუხოდ არ დატოვოს კიდევ ერთი კითხვა: რატომ შეარჩიეს სამიზნედ მაინცდამაინც კობა დავითაშვილი?

პუბლიკაციაში ვკითხულობთ: ”ვისაც არ უნდა დაეგეგმა პოლიტიკოსის მკვლელობა, შეიძლება ითქვას, სამიზნე ზუსტად შეარჩიეს. კობა დავითაშვილი ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული ოპოზიციონერია და ხელისუფლებას სერიოზულ დისკომფორტს უქმნის. თანაც სააკაშვილის წრიდან არის გამოსული და მმართველ ელიტაში ყველას შესახებ სათანადო ინფორმაციას ფლობს. იცის მათი სუსტი წერტილები... თუკი დავითაშვილი ტყვიის მსხვერპლი გახდებოდა, ქვეყანაში სერიოზული არეულობა გარდაუვალი იქნებოდა. საზოგადოება ხელისუფლებას პირდაპირ დასდებდა ბრალს, რომ მან ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ოპონენტი მოიცილა. მით უფრო, რომ ხელისუფლება ცივსისხლიანი ჯალათი იქნებოდა, რომელმაც 4 შვილს მამა მოუკლა,” - წერს გაზეთი ”ახალი ვერსია”. ამავე გაზეთში გამოქვეყნებულ ინტერვიუში კობა დავითაშვილი თანაბრად ემხრობა განუხორციელებელი ტერაქტის დამკვეთებთან დაკავშირებულ ორივე ვერსიას: პირველის მიხედვით (რომელსაც ხელისუფლება ახმიანებს), ის რუსეთის სპეცსამსახურების დაგეგმილი იყო და ჩვენს ქვეყანაში სერიოზული დესტაბილიზაციის გამოწვევას ისახავდა მიზნად, ხოლო მეორე ვერსია ტერაქტის საქართველოში დაგეგმვას განიხილავს.

მავანთათვის სასურველ დესტაბილიზაციაზე საუბრობს გაზეთი ”მთელი კვირაც”. ექსპერტები არ უარყოფენ, რომ ოპოზიციის ნებისმიერ წარმომადგენელზე თავდასხმა ხელისუფლების დისკრიმინაციისთვის საკმაოდ კარგი საბაბი იქნებოდა. თუმცა მათი ერთი ნაწილი არ ეთანხმება მერაბიშვილის შეფასებას, რომ ეს პროფესიონალის მიერ დაგეგმილი ოპერაცია იყო. მეორეს კი მიაჩნია, რომ თუკი ოპერაციაზე სწორედ პროფესიონალები მუშაობდნენ, ყველაფერი გაცილებით შორსმიმავალ გეგმაზე იყო გათვლილი. მათი არგუმენტი, ვინც ტერაქტს დილეტანტების დაგეგმილად მიიჩნევს, ასეთია: ქილერმა საკმაოდ ბევრი კვალი დატოვა. არსებობს აზრი, რომ ყველაფერი აჟიოტაჟისთვის გაკეთდა და ”ოპერაციის მთავარი მიზანიც სწორედ ის იყო, რომ ამდენი კვალი დარჩენილიყო და საზოგადოებაში ეჭვები გაჩენილიყო. როგორც ექსპერტები მიუთითებენ, სპეცსამსახურები ძალზე სერიოზულად მუშაობენ იმაზე, რომ საქართველოში ნაციონალური შუღლი გააღვივონ.”

ხელისუფლებას არშემდგარი ტერაქტის გახსნას უწონებს ”ახალი თაობა”. გაზეთი გამოთქვამს იმედს, რომ საქმე ბოლომდე იქნება გამოძიებული და მას იგივე ბედი არ ეწევა, რაც ოპოზიციონერ, იმ ხანად დეპუტატ, ვალერი გელაშვილის სასტიკად ცემის შემთხვევაში მოხდა. ”ვანო მერაბიშვილმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ ამ საქმის გამოძიება მისი ღირსების საქმეა. თუმცა გელაშვილზე თავდასხმის ფაქტი არავის გამოუძიებია,” - ვკითხულობთ გაზეთ ”ახალ თაობაში”.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG