Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპას კასპიის გაზი ახალი მილსადენით მიეწოდება


ევროკავშირს “ნაბუქო” მიაწვდის კასპიის გაზს

მას შემდეგ, რაც რუსეთმა წელს უკრაინას შეუწყვიტა გაზის მიწოდება - ფასზე უთანხმოების გამო (როგორც უთუოდ გახსოვთ, ეს შუა ზამთარში მოხდა), ევროკავშირის ქვეყნები ცდილობენ მსგავსი საფრთხისაგან თავი დაიზღვიონ და საამისოდ აუცილებელ ზომას - ენერგორესურსების დივერსიფიკაციას მიმართავენ. ამ მხრივ, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ევროკომისიისა და ხუთი ქვეყნის - თურქეთის, ბულგარეთის, რუმინეთის, უნგრეთისა და ავსტრიის - შეთანხმებით, აიგოს მილსადენი კასპიური გაზით ევროკავშირის მოსამარაგებლად.

პროექტის სახელწოდებაა “ნაბუქო”: ის ითვალისწინებს 3 300-კილომეტრიანი მილსადენის გაყვანას წელიწადში 30 მილიარდი კუბური მეტრი გაზის გასატარებლად კასპიიდან ავსტრიამდე. ავსტრიიდან კი გაზს ევროკავშირის სხვა წევრებს გაუნაწილებენ.

ენერგეტიკული უსაფრთხოება პრიორიტეტია ევროკავშირის ფინანსთა თუ მრეწველობის, ენერგეტიკის თუ საგარეო საქმეთა მინისტრებისთვისო, აღნიშნა ვენაში მიღწეულ შეთანხმებაზე საუბრისას ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში, ანდრის პიბალგსმა. პიბალგსის მდივანმა კი - ფარან ტარადელისმა - ჩვენს რადიოსთან ინტერვიუში განმარტა: [ტარადელისის ხმა] “გაზის იმპორტი შეგვიძლია კასპიის აუზიდან, ანუ ძირითადად აზერბაიჯანიდან, მაგრამ შესაძლებელია ამას დაემატოს ყაზახეთიც, თუ ტრანს-კასპიური გაზსადენი აიგება. შეგვიძლია გაზის იმპორტი ახლო აღმოსავლეთიდან, ირანიდან, ერაყიდან და ეგვიპტიდან - სხვა მილსადენით, რომელიც ერაყიდან თურქეთში უნდა გაიყვანონ. და შეგვიძლია გაზის იმპორტი რუსეთიდანაც - “ნაბუქოს” მეშვეობით - მილსადენ “ცისფერი ნაკადით”.

ევროკომისრის პრეს-მდივანმა რამდენიმე ქვეყანა ახსენა, მათ შორის ირანიც, რომლის გარშემოც, მოგეხსენებათ, დიდი უთანხმოებაა მისი ბირთვული პროგრამის გამო. აშშ ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესაძლებლობაზეც კი ლაპარაკობს, რაც, თუ მართლაც დაწესდა, ირანის გაზის ყიდვის აკრძალვასაც ნიშნავს. ამდენად, “ნაბუქოსთვის” გაზის წყაროდ ირანის გამოყენების პერსპექტივა, პოლიტიკური თვალსაზრისით, საჩოთირო საკითხია.

მაგრამ “ნაბუქოს” (გეგმის მიხედვით) უდიდესი ინვესტორის - ევროპის საინვესტიციო ბანკის - პრეს-მდივანი დუშან ონდრეიჩკა შემდეგ ფაქტორზე მიუთითებს: [ონდრეიჩკას ხმა] “პროექტი “ნაბუქო” სრული მასშტაბით ამ საუკუნის მეორე ათწლეულამდე არ ამოქმედდება და ბევრი იმედოვნებს, რომ მანამდე ბევრ პოლიტიკურ საკითხს მოაგვარებენ”.

საინვესტიციო ბანკი აპირებს, თითქმის 5 მილიარდ ევროდ შეფასებული პროექტის მესამედი დააფინანსოს. დანარჩენ ხარჯს, როგორც პრეს-მდივანი ონდრეიჩკა განმარტავს, კერძო სექტორი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი იკისრებენ.

ახალ პროექტ “ნაბუქოს” პოლიტიკურ განზომილებას აცნობიერებს ევროკომისიის პრესდმივანი ფარან ტარადელისიც: ის კასპიის რეგიონის პოლიტიკურ არასტაბილურობაზე ლაპარაკობს. ამ კონსტექსტში ანგარიშგასაწევია თუნდაც აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის გასული კვირის განცხადება - რომ მზადაა ომისთვის, თუ ის აუცილებელია მთიან ყარაბაღზე კონტროლის აღსადგენად. რეგიონში სამხედრო კონფლიქტის განახლებამ კი, ადვილი შესაძლებელია, კასპიის გაზის მიწოდების შეწყვეტა გამოიწვიოს.

ეს გარემოება კიდევ ერთხელ ცხადჰყოფს ენერგომომარაგების დივერსიფიკაციის (ანუ, მრავალი წყაროთი სარგებლობის) საჭიროებას. ევროკომიის პრესმდივან ტარადელისის თქმით: [ტარადელისის ხმა] “არ გამოვა “ან ეს -ან კიდევ ის”. ვგულისხმობ იმას, რომ ვცდილობთ ენერგომომარაგების მრავალი მარშრუტისა და წყაროს განვითარებას, რათა დავაკმაყოფილოთ ევროკავშირში მომდევნო 20 წლის მანძილზე მზარდი მოთხოვნა გაზზე”.

ბოლოს ისიც უნდა ითქვას, რომ გაზის პირველი პარტია 2011 წელს გაივლის მილსადენში, რომლის სახელწოდებაც - “ნაბუქო” - ეკონომიკურზე მეტად ისტორიულ-კულტურულ ასოციაციებს იწვევს.
XS
SM
MD
LG