Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”მრეწველები” შიშობენ, რომ ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის მატება ინფლაციურ პროცესებს მისცემს სტიმულს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ფრაქცია ”მრეწველები” მთავრობის გადაწყვეტილებას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის 77 მილიონი ლარით გაზრდის შესახებ არასწორ ნაბიჯად აფასებს.

”მრეწველების” თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე ხელისუფლებას ურჩევს ნამატი თანხა ბიუჯეტის დეფიციტს ჩაანაცვლოს, რათა ინფლაციური პროცესები თავიდან აიცილოს. მინდა ფინანსთა სამინისტროსა და ”მრეწველების” მორიგი დავის შესახებ გესაუბროთ.

ფრაქცია “მრეწველების” თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის 77 მილიონი ლარით გაზრდას არასწორად მიიჩნევს. ზურაბ ტყემალაძე შიშობს, რომ შემოსავალი და ხარჯები მთავრობის მიერ არასწორად დაიგეგმება და, შასაძლებელია, ქვეყანას ინფლაციის საფრთხე შეექმნას.

“მაქვს ინფორმაცია, რომ ეს თანხა, შესაძლოა, სარეზერვო დეპოზიტზე გააჩერონ. ეს სხვა ეკონომიკურ მაჩვენებელს დაანგრევს, გამოიწვევს კურსის რყევას, რაც ცუდად იმოქმედებს შიდა წარმოებასა და ექსპორტზე,” – აცხადებს ”მრეწველების” თავმჯდომარე.

ფინანსთა სამინისტრომ სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილის 77 მილიონი ლარით კორექტირების გადაწყვეტილება ერთი კვირის წინ მიიღო. მთავრობა უკვე ამზადებს შესაბამისი ცვლილებების პაკეტს, რომელსაც საკანონმდებლო ხელისუფლებას გადაუგზავნის დასამტკიცებლად. ფინანსთა სამინისტრომ ამგვარი გადაწყვეტილება პირველი კვარტალის მაკროეკონომიკური შედეგების ანალიზის საფუძველზე მიიღო. საინტერესოა, რომ ერთი თვის წინ საქართველოს პარლამენტმა უკვე დააკმაყოფილა მთავრობის წინადადება და 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 110 მილიონი ლარით გაზრდას ერთხელ უკვე დაუჭირა მხარი. ბიუჯეტის კანონში შესატანი მორიგი ცვლილების მიზეზად ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი სახელდება. ამასთან, ფინანსთა მინისტრმა უკვე დაასახელა ის პრიორიტეტები, რომლებზეც ნამატი თანხა უნდა გადანაწილდეს.

ექსპერტი ირაკლი ლექვინაძე მიიჩნევს, რომ ნორმალურ ვითარებაში მისასალმებელია ქვეყნისათვის დამატებითი შემოსავლების გაჩენა, თუმცა ის, რომ წლის განმავლობაში მთავარი ეკონომიკური კანონი რამდენჯერმე იცვლება, თუნდაც მატების მიმართულებით, იმაზე მიუთითებს, რომ ფინანსთა სამინისტროში ბიუჯეტის პროგნოზური მაჩვენებლების შედგენის პროცესში ყველაფერი რიგზე არ არის. ირაკლი ლექვინაძეს ოდნავ გადაჭარბებული ეჩვენება ”მრეწველების” შიში ინფლაციურ პროცესებთან დაკავშირებით. იგი მიიჩნევს, რომ თუ მთავრობა და ეროვნული ბანკი ხარჯვის პოლიტიკას შეთანხმებით გაატარებენ, მსგავსი საშიშროება, შესაძლოა, თავიდან ავიცილოთ:

[ირაკლი ლექვინაძის ხმა] ”მე ვფიქრობ, აქაც გარკვეული რეგულატორები არსებობს, რომლის მიხედვითაც ეს პროცესი სავსებით შეიძლება მართვის სფეროში მოექცეს და მე არ მგონია, რომ ეროვნულ ბანკში ამის გათვალისწინება არ ხდებოდეს, იმიტომ რომ ბევრჯერ ყოფილა ასეთი შემთხვევა იმავე გასულ წელს, როცა მსგავს პრობლემას მაინცდამაინც ინფლაციური პროცესებისათვის ძლიერი ბიძგი არ მიუცია. თუმცა გარკვეული მაჩვენებელი იმ ზომაზე მეტი, ვიდრე ეს ოფიციალურად არის, მაინც ფიქსირდება. ამიტომ ეს არის აბსოლუტურად შეთანხმების საგანი ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნულ ბანკს შორის. უნდა მოხდეს გრაფიკის გაწერა და ამ თანხის ისე გაშვება მიმოქცევაში, რათა ამან იმპულსი არ მისცეს ინფლაციურ პროცესს.”(სტილი დაცულია)

რაც შეეხება ”მრეწველებს”, მათი თავმჯდომარე ურჩევს ფინანსთა სამინისტროს, რომ 77 მილიონიანი მატებით ჩაანაცვლოს ბიუჯეტში არსებული დეფიციტი, რითაც წონასწორობა აღდგება. თუმცა ტყემალაძეს ეჭვი ეპარება, რომ მთავრობას ამის გასაკეთებლად პროფესიონალიზმი და გამოცდილება ეყოფა.
XS
SM
MD
LG