Accessibility links

logo-print

რა არის ლარის კურსის გამყარების რეალური მიზეზი?


თითქმის ერთი თვეა საქართველოში ეროვნული ვალუტის -”ლარის” -კურსის გამყარების პროცესი მიმდინარეობს. დღეისათვის ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი ერთ აშშ დოლართან მიმართებაში 1.77 ლარს შეადგენს.

ეს მაშინ, როდესაც დღითი დღე იზრდება სამომხმარებლო ფასები და სტატისტიკური სამსახურები თუ დამოუკიდებელი ექსპერტები ინფლაციურ პროცესებზე ლაპარაკობენ. რა არის ლარის კურსის გამყარების რეალური მიზეზი და როგორ აისახება ის საქართველოს მოქალაქეთა ყოველდღიურ ცხოვრებაზე?

საქართველოს ეროვნული ვალუტის კურსის გამყარების პროცესი აპრილის თვიდან დაიწყო და განსაკუთრებით შესამჩნევი ივნისის თვეში გახდა. როგორც ცნობილია, ლარის კურსის რეგულირებაში აქტიურ როლს თამაშობს საქართველოს ეროვნული ბანკი. მე მის პრეზიდენტს, რომან გოცირიძეს, ვკითხე, რა არის ეროვნული ვალუტის გამყარების მიზეზი.

[რომან გოცირიძის ხმა] ”ეს არის სეზონური სპეციფიკა, რომელიც საქართველოს სავაჭრო ბალანსიდან გამომდინარეობს. მეორე მხრივ, ძალიან დიდი რაოდენობის თანხები შემოდის პრივატიზაციიდან უცხოური ვალუტის სახით, გაიზარდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ანუ დიდი რაოდენობით უცხოური ვალუტის შემოდინების შემთხვევაში, ფაქტობრივად, ხდება დოლარის შემცირება და მისი კურსის მცირეოდენი დაცემა.”

როგორ აისახება ეს საქართველოს მოქალაქეთა ყოველდღიურ ყოფაზე? აი, რას ფიქრობენ ქუჩაში გამვლელი თბილისელები:

[მოქალაქის ხმა] ”მე არაფერი არ მიგრძვნია უკეთესობა, პირიქით, გაძვირდა ცხოვრება და რა ფასებშიც შარშან და შარშანწინ ვყიდულობდი, იმაზე ბევრად მეტ ფასებში ვყიდულობ. ასე რომ, მე ვერ ვიგრძენი... ფასებმა მოიმატა. ნორმალური ხელფასი უნდა გქონდეს, რომ ყიდვისუნარიანი იყო... ფასებმა მოიმატა პროდუქტებზე და ვერ ვყიდულობ ვერაფერს.”

ფასების მატება უფრო დიდი იქნებოდა, რომ არა ეროვნული ვალუტის გამყარებაო, ირწმუნება ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე:

[რომან გოცირიძის ხმა] ”დღესდღეობით ლარის კურსი არის იმ ზომაზე, რომელიც ხელს არ უშლის ექსპორტს და ლარის კურსი არის იმ ზომაზე, რომელიც ხელს უშლის ფასების ზრდას. ანუ ეს არის ანტიინფლაციური, ერთი მხრივ, და, მეორე მხრივ, არა იმდენად მყარი, რომ ქვეყანაში საექსპორტო პოტენციალი შეამციროს.”


გოცირიძის ამ მოსაზრებას არ ეთანხმება ეკონომიკის ექსპერტი ნიკო ორველაშვილი. მისი აზრით, ლარის კურსის ხელოვნური გამყარება საექსპორტო პოტენციალთან ერთად საგრძნობლად აზარალებს ქვეყნის იმ მოსახლეობას, რომლის შემოსავლის წყაროს საზღვარგარეთ სამუშაოდ წასული ნათესავების გზავნილები წარმოადგენს. მე მას ვკითხე, როგორ ხერხდება ეროვნული ვალუტის გამყარება, როდესაც ოფიციალურად გაცხადებული ინფლაცია 10 პროცენტს აღემატება.

[ნიკო ორველაშვილის ხმა] ”რეალურად ქვეყანაში ადგილი აქვს სერიოზულ ინფლაციას...”

საქართველოს ხელისუფლებაში კი თავს იმით იმართლებენ, ფასების ზრდა და ინფლაცია გარე ფაქტორებითაა გამოწვეული და რომ ლარის კურსის გამყარება არა, ინფლაციის მაჩვენებელი გაცილებით მაღალი იქნებოდაო.
XS
SM
MD
LG