Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ დაიძაბა ვითარება ახლო აღმოსავლეთში სწორედ ახლა?


გასულ თვეში ჰამასის მოიერიშეები შევიდნენ ისრაელის ტერიტორიაზე, მოკლეს ისრაელის ორი ჯარისკაცი და ერთი დაატყვევეს.

ორნახევარი კვირის შემდეგ კი მსგავსი ოპერაცია განახორციელა ლიბანის გასამხედროებულმა დაჯგუფება ჰიზბოლაჰმა: მოკლა ისრაელის რვა ჯარისკაცი და ორი მძევლად აიყვანა.

ხომ არ არის ორი ექსტრემისტული დაჯგუფების გააქტიურების მიზეზი ის, რომ შეერთებული შტატები ერაყის პრობლემებით არის გართული და აღარ სცალია ისრაელსა და არაბებს შორის კონფლიქტისთვის?

ძალადობის განახლების ერთ-ერთი მიზეზი ისიც შეიძლება იყოს, რომ ერაყის დასუსტების შემდეგ გააქტიურებას იწყებს ირანი, რომელსაც დიდი გავლენა აქვს ჰამასზე და ჰიზბოლაჰზე.

ჰამასისა და ჰიზბოლაჰის რეიდები ნაკლებად შეიძლება აიხსნას იმით, რომ შეერთებული შტატები ერაყითაა დაკავებული.

ანალიტიკოსების აზრით, ახლო აღმოსავლეთში ვითარების გაუარესების მთავარი მიზეზი უფრო ისაა, რომ ვაშინგტონი უკანასკნელი წლების მანძილზე აქტიურად აღარ მონაწილეობს სამშვიდობო პროცესში.

საერთაშორისო მშვიდობის კარნეგის ფონდის ექსპერტმა ნათან ბრაუნმა ჩვენს რადიოსთან საუბარში აღნიშნა, რომ მას მერე, რაც ჯორჯ ბუში შეერთებული შტატების პრეზიდენტი გახდა 2001 წელს, იგი ძალზე ცოტას აკეთებს ისრაელის შესაკავებლად.

ბრაუნის აზრით, ამის შედეგად ისრაელის მთავრობა უფრო მკაცრად ეპყრობოდა პალესტინელ მეამბოხეებს და მათ ლიდერებს. ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს ისრაელსა და ლიბანს შორის ამჟამინდელ შეტაკებებში.

ბრაუნის თქმით, თუკი გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი და ბუშის უახლოესი მოკავშირე, ტონი ბლერი, ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებით გამოდიან და სამხრეთი ლიბანის სტაბილიზაციისთვის იქ გაეროს ჯარების გაგზავნას ემხრობიან, ბუშის ადმინისტრაცია უფრო პასიურია და მხოლოდ ძალადობისგან თავის შეკავების მოწოდებებით კმაყოფილდება.

[ბრაუნის ხმა] "შეერთებული შტატები აღარ თამაშობს გამაწონასწორებლის როლს. ამით, ფაქტობრივად იგი კონფრონტაციას გაგრძელების საშუალებას აძლევს. შეერთებულ შტატებს შეეძლო საქმეში ჩართულიყო და ეთქვა, რამე გზა უნდა გამოვნახოთო. ამის სანაცვლოდ, როგორც ჩანს, იგი ისრაელს ეუბნება: გვესმის, რა დღეშიც ხართ, გააკეთეთ, რაც საჭიროდ მიგაჩნიათ, უბრალოდ, ეცადეთ, ძალზე სამოქალაქო პირთა შორის ძალზე დიდი მსხვერპლი არ გამოიწვიოთო."

ბრაუნის თანახმად, ბრძოლების შეწყვეტის ერთ-ერთი გზა არის ირანსა და სირიაზე ზეწოლის განხორციელება. ეს ორი ქვეყანა დიდ დახმარებას უწევს ჰამასს და ჰიზბოლაჰს. მაგრამ დღეს ვაშინგტონს მცირე ბერკეტები მოეპოვება ამის გასაკეთებლად.

ვაშინგტონის მოკავშირეები მისგან მოითხოვენ დიპლომატიური ძალისხმევის გააქტიურებას ისრაელზე ზეწოლის გასაძლიერებლად. მაგრამ ბუშის ადმინისტრაცია უარზეა. ეს კი წარმოშობს ძალაუფლების ვაკუუმს, რაც ჰამასსა და ჰეზბოლაჰს ძალადობისკენ უბიძგებს.

ასე ფიქრობს კიდევ ერთი ანალიტიკოსი ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტიდან მურჰაფ ჯუეჯატი. როგორც მან ჩვენს რადიოს განუცხადა, ბუშის ადმინისტრაციას იმედი აქვს, რომ ისრაელი შეძლებს ჰიზბოლაჰის დასუსტებას ან განადგურებას. სხვაგვარად ვაშინგტონი ახლავე იზრუნებდა ძალადობის შეწყვეტისთვის.

[ჯუეჯატი ხმა] "შეერთებული შტატების პასიურობა მნიშვნელოვანი ფაქტორია და ამიტომ არ გვაქვს დღეს საზავო შეთანხმება. ვფიქრობ, შეერთებული შტატები აჭიანურებს ამ საკითხე მოლაპარაკებების გამართვას, რათა ისრაელს რაც შეიძლება მეტი დრო მისცეს ჰიზბოლაჰის გასანადგურებლად. ცხადია, ამის უარყოფითი ასპექტი ისაა, რომ ამ პროცესში მრავალი სამოქალაქო პირი იღუპება."

ჯუეჯატი ფიქრობს, რომ ისრაელი ვერ შეძლებს ჰიზბოლაჰის განადგურებას, ვინაიდან მას ძალზე ღრმად აქვს გადგმული ფესვები სამხრეთ ლიბანში. იგი ვარაუდობს, რომ ჰიზბოლაჰი კვლავ შეძლებს აღორძინებას და არ მოასვენებს ისრაელსა და შეერთებულ შტატებს.
XS
SM
MD
LG