Accessibility links

logo-print

უჩა ჯაფარიძე – 100


4 აგვისტოს ასი წელი შესრულდება ქართველი მხატვრის, ქართული საბჭოთა ფერწერის კლასიკოსის, უჩა ჯაფარიძის დაბადებიდან.

ოქროს საუკუნე, 31 ივლისი




საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ უჩა ჯაფარიძეს “კლასიკოსად” იშვიათად იხსენიებენ და არც მხატვრის იუბილეს აღნიშნავენ – რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი, საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი ისტორიამ მალე დაივიწყა. თუმცა, ჩემი აზრით, უჩა ჯაფარიძის შემოქმედება საბჭოთა ეპოქის თავისებური დოკუმენტია, რომელსაც არც დღეს დაუკარგავს მნიშვნელობა.

ზურაბ წერეთელი თავის ერთ-ერთ მასწავლებლად უჩა ჯაფარიძეს ასახელებს, ამბობს, უჩა ჯაფარიძემ სილამაზის შეგრძნება ჯერ კიდევ ბავშვობაში მასწავლაო... უფრო სწორად, ამბობდა - უჩა ჯაფარიძეს უფრო მაშინ ახსენებდა, როცა მსოფლიოში დამკვიდრდა მოდა სოციალისტური რეალიზმის სტილიზაციაზე, როცა დასავლეთში გაიზარდა მოთხოვნილება იმ საბჭოთა მხატვრებზე, რომლებიც კომუნისტურ ბელადებს ხატავდნენ. ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარია სოცარტის პოპულარობას ხსნის ეგზოტიკის სიყვარულით, რაც არსებითად ყოველთვის იყო დამახასიათებელი დასავლური კულტურისთვის:


[გოგი ხოშტარიას ხმა] “მოდა იყო რამდენიმე მიზეზის გამო. პირველ რიგში, სიახლე: რკინის ფარდა აიხადა და აქედან მათთვის “ეგზოტიკა” შემოვიდა – სტალინის კლასიციზმი და ჩვენი “შახტასტროები”... ახალი იყო... იყვნენ მხატვრები, რომლებიც ამის გადათამაშებას აკეთებდნენ, იყვნენ ისინი, რომლებიც “კაბინეტებისთვის” ასრულებდნენ ნამუშევრებს.” (სტილი დაცულია)

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მხატვრები “კაბინეტებისთვის” აღარ ხატავდნენ, იშვიათი გამონაკლისის გარდა: პოსტსაბჭოთა ლიდერებს ეუხერხულებოდათ კიდეც ჰყოლოდათ თავიანთი “კარის მხატვრები”... მაგრამ ისიც ფაქტია, რომ საბჭოთა “კარის მხატვრობას” მიმზიდველობა არ დაუკარგავს. 90-იანი წლების დასაწყისში აუქციონებზე განსაკუთრებით გაიზარდა ფასი იმ ნამუშევრებისა, რომელთა ავტორებმა სოციალისტური რეალიზმის, გოგი ხოშტარიას თქმით, “გადათამაშება” დაიწყეს:

[გოგი ხოშტარიას ხმა] “მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში კულტურის კრიზისი დაიწყო... დიუშანი ამბობს, რომ უნდა შეიქმნას “სტერილური ხელოვნება”... როგორ უნდა მოიქცეს მხატვარი, რომ ეპოქის სულს უპასუხოს, მაშინ როცა გარშემო ყველაფერი არაესთეტურია? ამ მხრივ, ეს ვულგარულის გათამაშება, კიტჩის გათამაშება სოცარტთან მთავარი ხდება.
მაყურებელი მაინც ითხოვს ხელოვნებას – ერთხელ შეხედავ, მეორედ შეხედავ სტალინის შეღებილ ბიუსტს, მაგრამ დიდხანს ვერ უყურებ... ერთია - ეთამაშო უგემოვნობას, მეორეა - შექმნა, ერთია - გაათამაშო კიტჩი, მეორე - შენ თვითონ გახდე კიტჩი.” (სტილი დაცულია)

მაგრამ ეს მხოლოდ პროფესიონალი ხელოვნებათმცოდნის შეფასებაა. ვიღაცას “კიტჩის გათამაშება” მოსწონს, ვიღაცას კი - თავად კიტჩი, რომელსაც კიტჩად სულაც არ აღიქვამს... არამედ სწორედ ასეთ მხატვრობას მიიჩნევს ჭეშმარიტ ხელოვნებად.

უჩა ჯაფარიძე ქართული საბჭოთა კულტურის განსხვავებულ ეტაპებს მოესწრო. 20 წლის იყო, როცა თავისი ილუსტრაციები გამოაქვეყნა ჟურნალში “თეატრი და ცხოვრება”, მერე თბილისის სამხატვრო აკადემია დაამთავრა. ერთი პერიოდი “ლადო გუდიაშვილის სტილში” ხატავდა, მაგრამ 30-იან წლებში მოსკოვში გადასახლდა და ერთ-ერთი პირველი ქართველი მხატვარი აღმოჩნდა, რომელმაც სოციალისტური რეალიზმის მეთოდი აიტაცა. მოსკოვში შექმნა მან სწორედ თავისი სახლეგანთქმული ტილო “ჯანყი გურიაში”, რომელიც კრემლში ძალიან მოეწონათ. ამ სურათს უჩა ჯაფარიძის სხვა ტილოები მოჰყვა: “ამხანაგები სტალინი, წულუკიძე და კეცხოველი 1901 წელს”, “სტალინი საპირველმაისო დემონსტრაციაზე თბილისში” და სხვ. (ეს სურათები თბილისში, მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის კედლებზე, დაიკიდა)... ხატავდა ყოფით, ჟანრულ სურათებსაც; დაგვიტოვა გალაკტიონ ტაბიძის, კონსტანტინე გამსახურდიას, უშანგი ჩხეიძის პორტრეტები. მაგრამ სახელი და დიდება მაინც მოიპოვა ჟანრით, რომელსაც კომუნისტმა იდეოლოგებმა “სიუჟეტურ-ისტორიული ხელოვნება” უწოდეს. ამ ჟანრის სიყვარულმა უჩა ჯაფარიძე, რევოლუციის ბელადებთან ერთად, შოთა რუსთაველის, ილია ჭავჭავაძის, დავით აღმაშენებლის მხატვრად აქცია. ისევე როგორც მიხეილ ჭიაურელმა – კინოში, თამარ აბაკელიამ - ქანდაკებაში, უჩა ჯაფარიძემ ფერწერაში დაამტკიცა: თუკი მეოცე საუკუნის ხელოვანს ეპოსის მიმართ აქვს მიდრეკილება, იგი ვერასდროს იქნება გულგრილი ძლიერი პერსონაჟებისადმი... სხვა საქმეა, რომ ასეთი ხელოვანისთვის ხშირად სულ ერთია ვინ არის ეს ძლიერი პერსონაჟი, რას ქადაგებს – სულ ერთია, დავით აღმაშენებელი იქნება ის თუ იოსებ სტალინი.

[ნინო ჭანიშვილის ხმა] “სტალინის გამოსვლები ძაან ჰგავს მიშას გამოსვლებს, ძაან... ეს ტერმინოლოგია – ყველაფერი ხალხისთვის, თავისუფალი არჩევნები, რაღაცა... და კიდევ ოპტიმიზმი... რომ არავის არა აქვს პესიმიზმის უფლება. ასეთი იყო სოციალიზმი. პურის რიგებს არავინ ხატავდა.”

ეს გახლავთ ხელოვნებათმცოდნე ნინო ჭანიშვილი, ორგანიზატორი გამოფენისა “უკან, საბჭოთა კავშირში”, რომელიც 2005 წელს მოეწყო გალერეა “ტიემსში”. ამ გამოფენის წარმატებამ კიდევ ერთხელ დაგვაფიქრა, რომ სოცრეალიზმზე მოთხოვნილება შეიძლება კვლავაც გაიზარდოს და 30-50-იანი წლების ქართველი მხატვრების, პირველ რიგში კი, მათი ერთ-ერთი ლიდერის, უჩა ჯაფარიძის, ნამუშევრებს ისევ აეწიოთ ფასი... გოგი ხოშტარიას სიტყვებს თუ გავიხსენებთ, მართლაც, ერთია, როცა მხოლოდ სტილიზაციას მიმართავ და ქილიკობ და მეორეა, როცა თავად ქმნი სტილს – ფსევდოკლასიცისტურ ფერწერას, ძლიერი ფიგურებით დაბალი ჰორიზონტის ფონზე, დაწვრილმანებული ხატვის მანერითა და გალესილი ფერწერით... როცა საზოგადოებაში ისტორიულ გმირებზე, უფრო სწორად, ისტორიულ კერპებზე მოთხოვნილება აღარაა, ასეთი მხატვრობა დაცინვის ობიექტი ხდება... მაგრამ ვინა თქვა, რომ საზოგადოება ყოველთვის ასეთად რჩება? ვინა თქვა, რომ პერსონაჟი-კერპები და, შესაბამისად, ცრუკლასიცისტური სტილი ისევ არ გახდება აქტუალური? ნინო ჭანიშვილი დარწმუნებულია, ფერწერაში ისევ “ველოსიპედის გამოგონება” რომ არ დაიწყონ, ხელოვნების მოყვარულებს - საერთოდ, საზოგადოებას - თავისი კულტურული წარსული არ უნდა დავუმალოთ:

[ნინო ჭანიშვილის ხმა] “რაც მასკულტურა იყო და რაც მომაბეზრებელი იყო, დღეს იშვიათობად იქცა, განადგურდა... რამდენჯერმე გაანადგურეს: ერთხელ სტალინის სიკვდილის შემდეგ, მერე - ეროვნული მოძრაობის დროს და დაუდევრობის გამო...”

უჩა ჯაფარიძე საქართველოს მხატვართა კავშირს 1954-72 წლებში ხელმძღვანელობდა. ე.ი დაიწყო სტალინის გარდაცვალების შემდეგ და დაასრულა მაშინ, როცა საქართველოს კომპარტიის ცეკას პირველი მდივანი ედუარდ შევარდნაძე გახდა – როცა ქართულ კულტურაში შედარებითი ლიბერალიზაციის ეპოქა დაიწყო. თუმცა სწორედ მაშინ, როცა უჩა ჯაფარიძე ქართულ მხატვრობას ჩაუდგა სათავეში, ეროვნულ სახვით ხელოვნებაში უმნიშვნელოვანესი ცვლილებები მოხდა – მოვიდა ახალი თაობა მხატვრებისა, რომლებმაც უარი თქვეს სოცრეალისტების მიერ დამკვიდრებულ ცრუკლასიცისტურ სტილსა და ბელადომანიაზე. ამბობენ, რომ უჩა ჯაფარიძემ მათ ხელი არ შეუშალა, პირიქით, ახალგაზრდა მხატვრების გამოფენების მოწყობა დაიწყო. ახალგაზრდები თავიანთ გზას დაადგნენ, თითქმის არავინ მოინდომა იმ სტილში მუშაობა, რომელსაც უჯა ჯაფარიძე ქადაგებდა... თუმცა გამონაკლისებიც იყვნენ – ზურაბ წერეთელს, მაგალითად, სილამაზის შეგრძნება სწორედ უჩა ჯაფარიძემ ასწავლა.



XS
SM
MD
LG