Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ემზარ კვიციანის მითის დასასრული


კოდორის ხეობაში საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული

და თავის დროზე შეიარაღებული ძალების კოდორის ოპერატიული მიმართულების ყოფილი სარდალი ემზარ კვიციანი, გენერალ რომან დუმბაძის შემდეგ, მეორე მაღალჩინოსანი ქართველი ოფიცერია, რომელსაც, დაპატიმრების შემთხვევაში, სამშობლოს ღალატის მუხლით გასამართლება ემუქრება. ნიშანდობლივია, რომ, გენერალ რომან დუმბაძის მსგავსად, ემზარ კვიციანიც ასპარეზზე აფხაზეთში მიმდინარე საომარი კონფლიქტის შემდეგ გამოჩნდა და მის ანგარიშზეა რამდენიმე საბრძოლო ოპერაცია, რომელმაც მაშინ საქართველო სერიოზულ საომარ ესკალაციას გადაარჩინა. ჩვენს დღევანდელ სამხედრო პროგრამაში “ჯარისკაცი და სახელმწიფო” მინდა აწ უკვე მოღალატედ შერაცხული ემზარ კვიციანის საბრძოლო ბიოგრაფიის ზოგიერთი ეპიზოდი გავიხსენო.


განვლილი კვირის განმავლობაში კოდორის ხეობაში მიმდინარე - ფორმით ანტიკრიმინალურ, ხოლო შინაარსით სამხედრო - ოპერაციაში, შესაძლოა, ბევრი ისეთი სამხედრო პირი იყო ჩართული, ვინც სულ რაღაც 4-5 წლის წინ ემზარ კვიციანის მხარდამხარ კოდორის ხეობის დაცვაში მონაწილეობდა. სიმბოლურია, რომ ოპერაცია მაშინაც ზაფხულში დაიწყო, როცა კოდორის ხეობის მისადგომებთან მოულოდნელად ცნობილი ჩეჩენი საველე მეთაურის რუსლან გელაევის 300-კაციანი დაჯგუფება გამოჩნდა.

რუსეთის სამშვიდობო ძალების 104-ე საგუშაგომ შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების სანომრენიშნიანი სატვირთო მანქანები, რომლებშიც ამერიკულ სამხედრო ფორმაში ჩაცმული ჩეჩენი და ჩრდილოეთკავკასიელი მებრძოლები ისხდნენ, მაშინაც დაუბრკოლებლად გაატარა. სულ მალე გელაევის რაზმს ქართველი პარტიზანები შეუერთდნენ. რუსეთის მედიასაშუალებებით კი ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რუსლან გელაევის რაზმს უნდა გაერღვია აფხაზთა პოზიციები, რომლებსაც მოგვიანებით ქართული ნაწილები დაიკავებდნენ. აფხაზეთის ტერიტორიაზე გარკვეული შეტაკებები, მართლაც, მოხდა გელაევის რაზმსა და აფხაზეთის თავდაცვის რაზმებს შორის, მაგრამ ეს უფრო დაზვერვით ბრძოლას ჰგავდა. თანაც, რუსების დახმარებით, აფხაზებმა მალე დაადგინეს გელაევის რაზმის გადაადგილების მარშრუტი და დაიწყეს მისი ლოკალიზება. იმ დროს ედუარდ შევარდნაძემ, რომელიც ლიკანში, სამთავრობო რეზიდენციაში, იმყოფებოდა, აუდიენციაზე თავისი რწმუნებული ემზარ კვიციანი დაიბარა. მათ შორის დაძაბული საუბარი გაიმართა. ემზარ კვიციანი უმტკიცებდა მთავარსარდალს, რომ რუსლან გელაევის რაზმი პანკისის ხეობიდან კოდორის ხეობაში შინაგან საქმეთა მინისტრის კახა თარგამაძის ბრძანებით იქნა შეყვანილი:

[ემზარ კვიციანი] “მე გავცხარდი და ვუთხარი პრეზიდენტს, რომ, თუ ჩეჩნები ხეობაში დარჩებოდნენ, სისხლი დაიღვრებოდა. შევარდნაძე უეცრად შეიცვალა და თითქმის მუდარით შემეხვეწა: ემზარ, რაღაც საშიში პროვოკაცია იგეგმება - ყველაფერი გააკეთე, რომ ჩეჩნები სამშვიდობოს გავიდნენო.”

იხსენებდა მოგვიანებით ემზარ კვიციანი, რომელმაც რუსლან გელაევის რაზმის ევაკუაცია იკისრა. ჩეჩენი საველე მეთაურისა და მისი სამხედრო რაზმის გამოყვანას რამდენიმე დღე დასჭირდა. გზაზე მოწყობილ რეიდებსა და საავიაციო დაბომბვას რამდენიმე ჩეჩენი მებრძოლის სიცოცხლე შეეწირა. პარალელურად აფხაზებმა და რუსეთმა კოდორის ხეობისაკენ სადივერსიო ჯგუფების გადმოსხმა დაიწყეს. ქართულ-ჩეჩნური ხაფანგი კინაღამ საბედისწეროდ შემოუტრიალდა ქვეყანას. 5 წლის წინანდელ საინფორმაციო საშუალებებში, რომლისთვისაც კოდორის ხეობა მაშინაც საკმაოდ დახშული იყო, კანტიკუნტად მოიპოვება ცნობები საბრძოლო შეტაკებებზე. თუმცა იმხანად რადიო “თავისუფლებამ” თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში აღმოაჩინა რამდენიმე მძიმედ დაჭრილი ჩეჩენი მებრძოლი რუსლან გელაევის რაზმიდან. მოგვიანებით ჰოსპიტალშივე გაუკეთეს ამპუტაცია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ელიტური კოჯრის სპეცდანიშნულების ნაწილის ორ ოფიცერს, რომლებიც კოდორის ხეობის დაცვისას ნაღმზე აფეთქდნენ. კოჯრის სპეცდანიშნულების ნაწილის მებრძოლებს, რომლებიც შეიარაღებულ ძალებში ახლაც განაგრძობენ სამსახურს, კარგად ახსოვთ ემზარ კვიციანის გაბედული მოქმედება, რამაც რუსლან გელაევის რაზმი დაღუპვისაგან, ხოლო კოდორის ხეობა ოკუპაციისაგან, იხსნა.

თუმცა კოდორის ხეობა მოგვიანებით კვლავ მოექცა ყურადღების ცენტრში. ამ ამბიდან ერთი წლის შემდეგ, 2002 წლის ზაფხულში, რუსეთის სამშვიდობო ძალების ტაქტიკური დესანტი, 100-მდე მებრძოლის რაოდენობით, სოფელ ჩხალთაში შევიდა. რუსულმა დესანტმა პლაცდარმის შექმნა დაიწყო, კოდორის ხეობაზე კონტროლის დამყარებისა და ადგილობრივი მებრძოლების განიარაღების მიზნით. სულ რაღაც ნახევარ საათში ბატალიონმა “მონადირემ”, რომელიც ადგილობრივი სვანებისაგან იყო დაკომპლექტებული, რუსეთის დესანტი ალყაში მოაქცია და აიძულა დაეტოვებინა ხეობა.

მაგრამ კოდორის ხეობას მხოლოდ სამხედო გმირობის ამბავი როდი ახსოვს. აქ სხვადასხვა დროს იტაცებდნენ გაეროს სამხედრო მისიის წევრებს, აფეთქებდნენ მის ვერტმფრენს და ატერორებდნენ ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლებს. ამ ყველაფერს ერთი კვირის წინ დაემატა სამხედრო ამბოხის მცდელობა, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას კვლავ მოუწია სამხედრო ძალის გამოყენება. მაგრამ არა ემზარ კვიციანთან ერთად, არამედ მის წინააღმდეგ. და როგორც რუსლან გელაევის რეიდი 5 წლის წინ, ემზარ კვიციანის ამბოხი და გაუჩინარება დღეს კოდორის ხეობის ყველაზე იდუმალებით მოსილ და წინააღმდეგობებით აღსავსე ისტორიად გამოიყურება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG