Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის ბირთვულ პროგრამაზე მომუშავე დელეგაცია რუსეთს სტუმრობს


მაშინ, როცა მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოები ირანისაგან ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით საბოლოო პასუხს ელიან, ირანის დელეგაცია რუსეთში ვიზიტს იწყებს

და ბირთვული ობიექტების მონახულებასაც გეგმავს. ამ ვიზიტს უკვე მოჰყვა წინააღმდეგობრივი გამოძახილი და კრიტიკული შეფასებები. მოსკოვმა კი კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ საგარეო პოლიტიკაში მხოლოდ საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებს.

ირანის დელეგაცია, რომელსაც ატომური ენერგიის ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი მაჰმუდ ჯანათიანი ხელმძღვანელობს, რუსეთში ოფიციალური მიწვევით იმყოფება. დელეგაცია გეგმავს მოინახულოს კალინინსკის ატომური რეაქტორი და მიიღოს გამოცდილება, თუ როგორ უნდა მომზადდეს პერსონალი. როგორც ელექტროსადგურ კალინინსკის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარინა კარასიოვამ განაცხადა, ირანის დელეგაცია ამ ობიექტით იმის გამო დაინტერესდა, რომ იგი მსგავსია ირანის სამხრეთში მდებარე ბუშერის ატომური ელექტროსადგურისა, რომელიც რუსი სპეციალისტების დახმარებით აშენდა:

[მარინა კარასიოვას ხმა] “ვიზიტს გაცნობითი ხასიათი აქვს. გასულ წელს ექსპლუატაციაში შევიდა კალინინის ელექტროსადგურის ნომერ მესამე ენერგობლოკი. ამავე პრინციპით შენდება ბუშერის ელექტროსადგური. ვიზიტი დიდი ხნის განმავლობაში იგეგმებოდა, ისევ და ისევ იმის გათვალისწინებით, რომ საქმე გვაქვს განსაკუთრებით საშიშ ობიექტებთან. მხოლოდ დოკუმენტების გაფორმებას ჩვენთან 3-4 კვირა სჭირდება.”

გასაკვირი ამ ვიზიტში არაფერია, რადგან ბირთვული ენერგიის დარგში ირანსა და რუსეთს მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებთ. მაგრამ პოლიტიკური ინტრიგა იმაშია, რომ ირანის ბირთვული სააგენტოს დელეგაციის ვიზიტი მოსკოვში დაემთხვა ამერიკისა და ევროპის წამყვანი ქევყნების მიერ ირანისათვის მიცემულ ბოლო ვადას, როდესაც თეირანს უნდა გაეცა პასუხი, აპირებს თუ არა ურანის გამდიდრების სამუშაოების შეჩერებას. ეს ვადა 31 აგვისტოს იწურება. ირანისგან მკაფიო პასუხი გაეროს უშიშროების საბჭოს ჯერ არ მიუღია. ამ ფონზე რუსეთის ბირთვულ ობიექტებზე ირანის დელეგაციის სტუმრობამ, შესაძლოა, შეაშფოთოს დასავლეთის ქვეყნები და დააეჭვოს იმაში, თუ რამდენად თანმიმდევრულად ასრულებს რუსეთი ნაკისრ ვალდებულებას. რუსეთი ხომ იმ ექვს ქვეყანას შორისაა, რომლებმაც შეიმუშავეს წინადადებათა პაკეტი ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული დაპირისპირების განსამუხტავად. თუმცა, როგორც დამოუკიდებელი რუსი სამხედრო ექსპერტი ალექსანდრ გოლცი აცხადებს, ირანის დელეგაციის ვიზიტით მოსკოვს სურს დაანახვოს დასავლეთს, რომ იგი საკუთარ საგარეო პოლიტიკურ კურსს მისდევს:

[ალექსანდრ გოლცის ხმა] “ ირანთან დაკავშირებით რუსეთი დიდი ხანია ატარებს საკუთარ პოლიტიკას, განსხვავებულს შეერთებული შტატებისა და ევროპის პოლიტიკისაგან. და ეს ეწერება რუსეთის საგარეო პოლიტიკის საერთო ტენდენციაში.”

ირანის დელეგაცია კალინინსკსის ატომურ ელექტროსადგურზე ორ დღეს დაყოფს. შემდეგ კი მოსკოვთან ახლომდებარე მეორე რეაქტორზე ვიზიტი იგეგმება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG