Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელ სენატორთა ვიზიტი - საქართველოს პრესის ყურადღების ცენტრში


29 აგვისტოს ქართული პრესის უმთავრესი თემებია: საქართველოში ამერიკელი სენატორების ვიზიტის შედეგები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დანიშვნით გამოწვეული უკმაყოფილება

ოპოზიციურ ფლანგზე და ტელეკომპანია “რუსთავი 2”–ში მიმდინარე პროცესები. “ტაბატაძის გაშვებით ოქრუაშვილს დაარტყეს, “რუსთავი 2”-ში კრიზისი გრძელდება” - პუბლიკაციაში, რომელიც გაზეთმა “ახალმა თაობამ” გამოაქვეყნა, ნათქვამია, რომ “რუსთავი 2”-ის ახალი გენერალური დირექტორი კობა დავარაშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი არველაძის, მეგობარია. ანუ გენერალურ დირექტორად იგი სწორედ არველაძის ჩარევით დაინიშნა. “ახალი თაობის” აზრით, ამ შემთხვევაში ნიკა ტაბატაძესთან ერთად წაგებული დარჩა ირაკლი ოქრუაშვილი, რომელსაც გიორგი არველაძესთან ღია დაპირისპირება არა აქვს. თუ ოქრუაშვილის კაცს არველაძის კაცმა აჯობა, გამოდის, რომ თავდაცვის მინისტრის გავლენის სფერო კლებულობს,–ასეთია გაზეთ “ახალი თაობის” შეფასება - გარკვეულწილად, განსხვავებული ვერსია. გაზეთ “რეზონანსის” ცნობით კი, “რუსთავი 2”-ის თანამშრომლები პირად საუბრებში ადასტურებენ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი არველაძე ბოლო პერიოდში “კურიერის” პოლიტიკას განსაზღვრავდა, რაშიც ნიკა ტაბატაძე წინააღმდეგობას უწევდა. როგორც ჟურნალისტები ამბობენ, შენიშნავს გაზეთი, რამდენჯერმე არველაძესა და ტაბატაძეს საკმაოდ მწვავე საუბარი ჰქონდათ, რაც იმით დასრულდა, რომ არველაძემ არხის მფლობელს ტაბატაძის გათავისუფლება კატეგორიულად მოსთხოვა, რასაც ხალვაშიც დაემორჩილა.

გაზეთ “რეზონანსის” მოწინავე სტატიის სათაური კი არის: „თხილის ტერორი გალში.” პუბლიკაციაში საუბარია გალის რაიონში სიტუაციის დაძაბვაზე თხილის მოსავლის აღებისას. სტატიის თანახმად, დე ფაქტო მთავრობის ბრძანებით, მოსახლეობას ზუგდიდის რაიონში ერთი კილოგრამი თხილის გატანაც კი ეკრძალება. მეტიც, მათ მოკრეფილი თხილის შენახვაც არ შეუძლიათ. სასჯელი დაუმორჩილებლობისთვის კი საკმაოდ მკაცრია– ქონებისა და თხილის დაუკრეფავი ბუჩქების კონფისკაცია. ბრძანების ავტორი გალის ადმინისტრაციის უფროსი რუსლან ქიშმარიაა, სადამსჯელო ღონისძიებებზე კონტროლი კი გალის პოლიციის უფროსს ოთარ ტურნანბას ევალება. სტატიაში წაიკითხავთ ყოფილი პარტიზანული მოძრაობა „თეთრი ლეგიონის“ მეთაურის, რუზგენ გოგოხიას, განცხადებასაც. ამ განცხადების თანახმად, ოთარ ტურნანბა არა მარტო თხილის, ადამიანების ვაჭრობითაც აქტიურადაა დაკავებული. “რეზონანსის” თანახმად, სქემა შემდეგნაირად მუშაობს: ტყვედ აჰყავთ გალის რაიონის რომელიმე მცხოვრები, რის შემდეგაც მძევლის შეფასების პროცესში ერთვება მათთან შეკრული რომელიმე ქართველი, რომელსაც ენგურს გადაღმა გადასვლა და ადგილზე მუშაობა უწევს. შეგახსენებთ, რომ ეს იყო ძირითადი აქცენტები გაზეთ “რეზონანსის” მოწინავე სტატიისა „თხილის ტერორი გალში“.

ამავე გაზეთის ფურცლებზე, კოდორის ხეობაში შექმნილ ვითარებაზე საუბრისას, პაატა დავითაია, თავმჯდომარე პოლიტიკური გაერთიანებისა „ჩვენ თვითონ“, ერთი მხრივ, უარყოფს რუსული საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სროლების შესახებ, მეორე მხრივ კი, ხეობაში პოლიციელთა ყოფნას მიზანშეუწონლად მიიჩნევს. “იქ თავდაცვის სამინისტროს ძალები უნდა ავიდნენ, რადგან, სახიფათო ვითარების შემთხვევაში, პოლიციელები ვერაფერს გააკეთებენ. იქ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები უნდა იყვნენ. პოლიციურ ძალებს საბრძოლო მოქმედების არანაირი გამოცდილება არა აქვთ,“ - ფიქრობს პაატა დავითაია, რომელსაც გაზეთი “რეზონანსი” ესაუბრა.
XS
SM
MD
LG