Accessibility links

logo-print

იგორ გიორგაძის მომხრეთა დაპატიმრება - სახელმწიფო გადატრიალების აღკვეთა თუ წინასაარჩევნო პროფილაქტიკა?


საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრის, ძებნაში მყოფი იგორ გიორგაძის მომხრეთა ერთი ნაწილი კვლავ პატიმრობაში რჩება.

კონსერვატიულ-მონარქისტული პარტიის ლიდერს თემურ ჟორჟოლიანს, მოძრაობა „ანტისოროსის“ ხელმძღვანელს მაია ნოკოლეიშვილს და პარტია „სამართლიანობის“ ერთ-ერთ აქტივისტს, მაია თოფურიას, ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში, ანუ კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად შეთქმულების მოწყობაში, ედებათ. დაპატიმრებას გადაურჩა იგორ გიორგაძის საქველმოქმედო ფონდისა და პოლიტიკური მოძრაობა „იმედის“ ხელმძღვანელი ირინა სარიშვილი-ჭანტურია, რომელიც უშიშროების ყოფილი მინისტრის მხარდამჭერებისთვის წაყენებულ ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს. რატომ დააპატიმრეს გიორგაძის მომხრეები და მოქმედების რა ტაქტიკას ირჩევენ ისინი?

შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად - ასეთია განმარტება სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლისა, რომლის თანახმადაც, შეთქმულება 5-დან 8 წლამდე, ხოლო ამბოხება - 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. თბილისის პროკურორის გიორგი ღვინიაშვილის თქმით, 6 აგვისტოს დაპატიმრებულ იგორ გიორგაძის მომხრეებს ბრალი 315-ე მუხლის პირველ ნაწილში, ანუ შეთქმულების მოწყობაში, ედებათ. ლაპარაკია სულ 13 ადამიანზე.

[გიორგი ღვინიაშვილის ხმა] „წაყენებული ბრალდება ემყარება საქმეში არსებულ არაერთ მტკიცებულებას, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებას, ამოღებულ ნივთიერ მტკიცებულებებს და საკმაოდ უხვ დოკუმენტურ მასალას.“

პროკურატურის ინფორმაციით, 2006 წლის 4 მაისს პარტია „სამართლიანობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა და იგორ გიორგაძის ცოლის დისშვილმა მაია თოფურიამ პარტიის ცენტრალურ ოფისში სახელმწიფო გადატრიალების გეგმა წარადგინა. გეგმის თანახმად, მოსკოვიდან გადმორიცხული დიდძალი თანხა უნდა მოხმარებოდა მიტინგების მოწყობას, სააგიტაციო ბუკლეტების დარიგებას, იარაღის შეძენასა და კანცელარიის წინ მიტინგის მსვლელობისას შეიარაღებული პროვოკაციის მოწყობას. იგორ გიორგაძის საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელი ირინა სარიშვილი-ჭანტურია ამტკიცებს, რომ 4 მაისის შეთქმულება ხელისუფლების ფანტაზიის ნაყოფია, ხოლო მაია თოფურიას ბინის ჩხრეკისას ნანახი თანხა მოსკოვიდან არ გადმოურიცხავთ:

[ირინა სარიშვილის ხმა] „ეს გახლავთ მაია თოფურიას დედის მიერ კონკრეტული ანტიკვარული ნივთის გაყიდვით მიღებული თანხა. ამას რომ თავი დავანებოთ, ძალიან სასაცილოა ვიფიქროთ, რომ ამ თანხით, 49 ათასი დოლარით, შეიძლება გადატრიალების მოწყობა.“

ირინა სარიშვილი-ჭანტურია იგორ გიორგაძის მხარდამჭერ პოლიტიკოსთაგან, ფაქტობრივად, ერთადერთია, ვისაც პროკურატურამ ბრალი არ წაუყენა. ამ ფაქტს ლოგიკურ ახსნას ვერ უძებნის თავად ეროვნულ-დომოკრატიული პარტიის ყოფილი თავმჯდომარე, თუმცა ირინა სარიშვილი-ჭანტურია დარწმუნებულია, რომ იგორ გიორგაძის მომხრეებს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად შეთქმულება არ მოუწყვიათ. რა არის საჭირო იმისათვის, რომ ამა თუ იმ პოლიტიკურმა ძალამ ხელისუფლების ძალადობით შეცვლა შეძლოს? მე ამ შეკითხვით უშიშროების საკითხთა ექსპერტსა და თადარიგის პოლკოვნიკ ბესიკ ალადაშვილს მივმართე.

[ბესიკ ალადაშვილის ხმა] „ამისთვის უნდა ჰქონდეს ძალიან ბევრი კომპონენტი მომზადებული. კერძოდ: დაფინანსება, რასაც მოჰყვება საზოგადოებაში აუცილებელი ფონის შექმნა, რომელიც მიიღწევა მიტინგებით. აუცილებლად უნდა ჰქონდეს გავლენა მასმედიაზე, რადგანაც გადატრიალება არ ნიშნავს ხელისუფლებაში მოსვლას და ხელისუფლების შენარჩუნებას. უნდა ჰყავდეს შესაბამისად მომზადებული კადრები, რომლებიც შეძლებენ მმართველი აპარატის ჩანაცვლებას.“

იგორ გიორგაძის მხარდამჭერი პარტიებისა და პოლიტიკური ლიდერების დაბალი რეიტინგის გათვალისწინებით, ბესიკ ალადაშვილი გამოთქვამს ვარაუდს, რომ რუსეთის სპეცსამსახურებმა იგორ გიორგაძის მხარდამჭერები ყურადღების გადატანის მიზნით გაააქტიურეს:

[ბესიკ ალადაშვილის ხმა] „არ მგონია, რომ რუსეთის ხელისუფლება იყოს ისეთი მიამიტი, რომ გიორგაძე - ასეთი კომპრომეტირებული ფიგურა - მოიაზროს საქართველოს ხელისუფლების სათავეში. გიორგაძის თემა არის გაცვეთილი და, როგორც წესი, ასეთი ფიგურებით ხდება რეალური კანდიდატის შენიღბვა.“

უშიშროების საკითხთა ექსპერტს ამ ეტაპზე უჭირს იმ კონკრეტული პარტიისა და პოლიტიკური ლიდერის დასახელება, რომელსაც, შესაძლოა, მტრულად განწყობილი ქვეყნის სპეცსამსახურები აქტიური მოქმედებისთვის ამზადებდნენ. თუკი იგორ გიორგაძის საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელსა და პოლიტიკური გაერთიანება „იმედის“ ლიდერს დავუჯერებთ, ჯერჯერობით საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ საბრძოლველად კვლავაც უშიშროების ყოფილი მინისტრის მხარდამჭერები ირაზმებიან:

[ირინა სარიშვილის ხმა] „საუკეთესო გზა გახლავთ ეროვნული დაუმორჩილებლობის მოძრაობის შექმნა. ხელისუფლებას უნდა რევოლუცია და ხელისუფლება ამ რევოლუციას მიიღებს.“
XS
SM
MD
LG