Accessibility links

logo-print

გაერო ავღანეთში ოპიუმის პლანტაციების ნატოს სამხედრო ძალებით განადგურებას ითხოვს


სამშაბათს გაეროს დანაშაულისა და ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებამ მოუწოდა ნატოს, მძლავრი სამხედრო ოპერაციით გაანადგუროს

ოპიუმის მრეწველობა ჩრდილოეთ ავღანეთში. თუ გაეროს ხსენებული უწყების ხელმძღვანელის ანტონიო მარია კოსტას რეკომენდაციებს გაიზიარებენ, ეს არსებითად შეცვლის ანტინარკოტიკულ სტრატეგიას, რომელსაც წლის დასაწყისში მხარი დაუჭირა ავღანეთის საკითხებზე ლონდონში გამართულმა საერთაშორისო კონფერენციამ. თუმცა, თავად ავღანეთში ოპიუმის პლანტაციების ნატოს ძალებით განადგურების იდეა მხარდაჭერით არ სარგებლობს, მათ შორის არც თავად ნატოს სამხედრო ხლემძღვანელობაში.

გაეროს უკანასკნელი ანგარიშის თანახმად, ყაყაჩოს პლანტაციების შემცირების პროგრამამ და გაეროს მიერ გამოყოფილმა მილიონებმა, სასურველი შედეგი ვერ გამოიღო. გაეროს დანაშაულისა და ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის უწყების თანახმად, ყაყაჩოს არალეგალური ნათესები ავღანეთის ტერიტორიაზე არათუ არ შემცირებულა, არამედ პირიქით, მიმდინარე წელს 59 პროცენტით გაიზარდა. თანაც, ოპიუმის ყაყაჩოს ნათესების რაოდენობა იზრდება ჩრდილოეთ ავღანეთში, სადაც ამერიკის, ნატოსა და ავღანეთის სამთავრობო ჯარები მოძლიერებულ თალიბთა რაზმებს ებრძვიან. გაეროს ოფისის ხელმძღვანელი ანტონიო მარიო კოსტა თალიბანის გაძლიერებას პირდაპირ უკავშირებს ავღანეთში ნარკოტიკებით ვაჭრობის ზრდას.

[ანტონიო მარიო კოსტას ხმა] “ქვეყნის ამ ნაწილში უსაფრთხოების ხარისხი უნდა გავზარდოთ. მინდა თხოვნით მივმართო ნატოს, გამოიყენოს მის ხელთ არსებული უფრო მეტი საშუალება და იმოქმედოს ორი მიმართულებით - ებრძოლოს ნარკოტიკების კონტრაბანდისტებს, როგორც ჩვეულებრივ ამბობენ, ნარკოტიკების ეკონომიკას, და ებრძოლოს თალიბ პარტიზანებს.”

ანტონიო მარიო კოსტა ავღანეთის მთავრობას მოუწოდებს, შეცვალოს ანტინარკოტიკული პოლიტიკა და ანტინარკოტიკულ ოპერაციებში, როდესაც საჭიროდ მიიჩნევს, ნატოს სამხედრო ძალებიც ჩააბას; ვინაიდან ნატოს ჯარს არ გააჩნია მანდატი, რომელის მას ოპიუმის პლანტაციების განადგურების უფლებას მისცემდა. თანაც, როგორც ნატოს ძალების (ISAF) ბრიტანელმა სარდალმა, გენერალ-ლეიტენანტმა დევიდ რიჩარდსმა რადიო “თავისუფლებას” უთხრა, ოპიუმი "ნატოს ძირითადი საზრუნავი" არ არის.

[დევიდ რიჩარდსის ხმა] “გვესმის, რომ ერთ მშვენიერ დღეს, ნარკოტიკები ან აღმოიფხვრება ამ ქვეყანაში, ან აქ, კიდევ დიდხანს არ იქნება მშვიდობა და სტაბილურობა. ასე რომ, კონტრნარკოტიკული ძალისხმევა აქ არსებობს. მაგრამ ეს არ არის ჩვენი სასწრაფო გეგმა. არაერთი სხვა სახის საქმე გვაქვს გასაკეთებელი იმისთვის, რათა გასაჭირში მყოფ მოსახლეობას დავეხმაროთ.”

გარდა ამისა, გაეროს დანაშაულისა და ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის უწყების ახალი ხელმძღვანელის პოზიციას არ ეთანხმება ავღანეთის ხელისუფლება. სამშაბათს, ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე, ავღანეთის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის მინისტრმა ჰაბიბულა ყადერიმ, ანტონიო მარიო კოსტას სიტყვაც კი შეაწყვეტინა, რათა ქაბულის პოზიცია დაეფიქსირებინა.

[ჰაბიბულა ყადერის ხმა] “ჩვენ კვლავაც ვამჯობინებდით, რომ ოპიუმის ნათესების ამოძირკვის ოპერაციას ატარებდნენ ავღანეთის ჯარები, ნატოს მხარდაჭერით. ეს, ჩემი რწმენით, უკეთესი იქნებოდა.”

შარშან ავღანეთის პერზიდენტ ჰამიდ კარზაის მთავრობას არაერთხელ მოუწია მძაფრი კრიტიკის მოსმენა ფერმერებისაგან, რომლებიც აცხადებდნენ, თითქოს დასავლეთის სამხედრო თვითმფრინავები ჰაერიდან, შხამ-ქიმიკატებით წამლავდნენ ყაყაჩოს პლანტაციებს. ამერიკისა და ISAF- ის სარდლობამ უარყო ეს ხმები, მაგრამ ნატოს სამხედრო ხელმძღვანელობა ამ ინციდენტმა დაარწმუნა, რომ ოპიუმის ნათესების გასანადგურებლად უცხოეთის ძალების გამოყენება, აღშფოთებას გამოიწვევს ავღანელ ფერმერებში, რომელთაგან - ასეთ შემთხვევაში - კიდევ უფრო მეტი გადაწყვეტს, დახმარება აღმოუჩინოს თალიბანის მებრძოლებს.
XS
SM
MD
LG