Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საარჩევნო კოდექსის შეფასებები და მკაცრი მონიტორინგი


არასამთავრობო ორგანიზაციები საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს აპროტესტებენ და 5 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე მკაცრ მონიტორინგს გეგმავენ.

,,სამართლიანი არჩევნებისათვის” განსაკუთრებით მიუღებელი ის ფორმაა, რომლითაც სამხედრო მოსამსახურეებმა არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღონ. ,,ახალი თაობა - ახალი ინიციატივა” კოდექსის დეტალურ დახვეწას მოითხოვს. უფრო რადიკალური მოთხოვნები აქვთ პოლიტიკურ პარტიებს ,,სახალხო ფრონტსა” და ,,თავისუფლებას”. ისინი, საარჩევნო კანონის შეცვლის მოთხოვნით, ქუჩის აქციებს გეგმავენ.

საარჩევნო კოდექსს პოლიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ერთხმად იწუნებენ. საარჩევნო სიები, სამხედრო ნაწილებში მიმდინარე საარჩევნო პროცესები და არჩევნების დანიშვნის 40 დღიანი ვადა მათთვის ერთნაირად მიუღებელია. ,,სამართლიანი არჩევნები” 5 ოქტომბერს განსაკუთრებულ ყურადღებას სწორედ ამ საკითხებს დაუთმობს. იურისტ კახა სოფრომაძეს არც სასამართლოს ობიექტურობის სჯერა და არც საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები მოსწონს, თუმცა ბრძოლას ბოლომდე აპირებს. ,,სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებლები ყველა საარჩევნო უბანში იქნებიან წარმოდგენილნი და განსაკუთრებულ ყურადღებას ე.წ. კარუსელებსა და საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრას მიაქცევენ.

[კახა სოფრომაძის ხმა] ,,ფაქტობრივად, ის დამცავი მექანიზმები, რაც არსებობდა საარჩევნო კოდექსში, ნელ-ნელა სუსტდება. 109-ე მუხლის მე-4 ნაწილი, რაც დაემატა და რაც განმარტა შემდგომში სასამართლომაც და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამაც, რომ საჯარისო ნაწილები აძლევენ ხმას სამხედრო ნაწილების განლაგების მიხედვით და აქ მთლიანად მოიაზრეს ყველა სამხედრო მოსამსახურე, რეალურად წინააღმდეგობაში მოდის იმ მე-10 მუხლთან, რომლის თანახმადაც ჯარისკაცები უნდა შესულიყვნენ საჯარისო ნაწილების სპეციალურ სიაში.”(სტილი დაცულია)

მარკირების ამოღების, არჩევნების დანიშვნის 40 დღიანი ვადის გახანგრძლივებისა და მერის არჩევნების ფორმულის დახვეწის მოთხოვნით გამოდის ,,ახალი თაობა - ახალი ინიციატივა”. კოკი იონათამიშვილს მიაჩნია, რომ ამ ფორმულის დასახვეწად ერთობლივი მუშაობაა საჭირო. მისი განცხადებით, ძალიან კარგი კოდექსის არსებობის მიუხედავადაც კი, გაჭირდება დემოკრატიული არჩევნების ჩატარება, თუ სასამართლო ობიექტური არ იქნება:

[კოკი იონათამიშვილის ხმა] ,,ყველაზე ადვილი პასუხია, რომ საარჩევნო კოდექსი არ ვარგა. უბრალოდ, არც საარჩევნო კოდექსი და არც საარჩევნო სისტემა განყენებულად არ არსებობს, არამედ დაკავშირებულია იმავე სასამართლო რეფორმასთან, ხელისუფლების გადანაწილებასთან. მოხდა დავა, რომელიც უნდა გაირჩეს სასამართლოში და სასამართლო არ არის ადეკვატური დღევანდელი პოლიტიკური გამოწვევების და იღებს არასწორ გადაწყვეტილებას. ამ შემთხვევაში თავიდან ბოლომდე კითხვის ნიშნის ქვეშ დგება როგორც სასამართლო რეფორმა, ასევე საარჩევნო სისტემები, ზოგადად. ამასთან, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მარკირება არის ცალსახად ამოსაღები და დღეს თუ არა, ხვალ ის იქნება ამოღებული.”

,,ახალი თაობა - ახალი ინიციატივა” პარალელურ დათვლას, თბილისის გარდა, კიდევ 4 ქალაქში განახორციელებს. 2 500 დამკვირვებლის მუშაობის მეთოდოლოგიას ისინი პოლიტიკურ პარტიებსა და საზოგადოებას მიაწვდიან. მესამე სექტორისგან განსხვავებით, უფრო რადიკალური მოთხოვნები აქვთ პოლიტიკურ პარტიებს ,,სახალხო ფორუმსა” და ,,თავისუფლებას”. ნოდარ ნათაძე იმუქრება, რომ, საარჩევნო კოდექსის შეცვლის მოთხოვნით, ქუჩის აქციები გაიმართება:

[ნოდარ ნათაძის ხმა] ,,სანამ ისინი პარპაშებენ, იმ კანონს ცოცხალი თავით არ მიიღებენ, იმიტომ რომ ეს კანონი მათ ძირს უთხრის. ამიტომ ეს კანონი უნდა მიაღებინო ძალით, ანუ ქუჩის აქციით. ქუჩაში რომ გამოხვალ, არ უნდა თქვა “წადი”, უნდა უთხრა “მომეცი საარჩევნო კანონი”. მე მგონი, ეს არის ყველაზე კარგი ტაქტიკა ეროვნული და, საერთოდ, დემოკრატიული პარტიებისათვის.”

ნათაძის განცხადებით, ვიდრე საარჩევნო ადმინისტრაცია ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული, არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აზრი არა აქვს. 5 ოქტომბერს დანიშნულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტი ,,მემარჯვენეებმა” და ,,სახალხო ფორუმმაც” გამოუცხადა.
XS
SM
MD
LG