Accessibility links

logo-print

ზვიად გამსახურდიას ნეშტის ჩეჩნეთიდან საქართველოში გადმოსვენებაზე სამთავრობო კომისია იზრუნებს


მთავრობამ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გროზნოდან თბილისში გადმოსვენების გადაწყვეტილება მიიღო.

13 სექტემბერს გამართულ სხდომაზე გადაწყდა, რომ სამთავრობო კომისიას პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი უხელმძღვანელებს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია კომისიის სხვა წევრთა ვინაობა. ასევე უახლოეს დღეებში დასახელდება ის სახელმწიფო უწყებები, რომელთა წარმომადგენლებიც აქტიურად ითანამშრომლებენ სამთავრობო კომისიასთან. რა სახის სამუშაოს შესრულება მოუწევს კომისიას და სად შეიძლება დაკრძალონ საქართველოს პირველი პრეზიდენტი?

ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებიდან 13 წლის შემდეგ საქართველოს მთავრობამ პირველი პრეზიდენტის ნეშტის ჩეჩნეთიდან საქართველოში გადმოსვენების გადაწყვეტილება მიიღო. შეიქმნა სამთავრობო კომისია, რომლის სამომავლო გეგმებზე საზოგადოებას საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა აუწყა:

[გელა ბეჟუაშვილის ხმა] „დავიწყეთ მოლაპარაკებები რუსეთის მხარესთან იმისათვის, რომ ყოფილი პრეზიდენტის ნეშტი გადმოვასვენოთ. მივიღეთ დადებითი პასუხი. სულ მალე კომისიის რამდენიმე წევრი ოჯახთან ერთად გაემგზავრება ჩეჩნეთში, რათა ნახონ საფლავი და დავიწყოთ გადმოსვენების პროცედურა.“

გელა ბეჟუაშვილის თქმით, კომისიის საქმიანობაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ ექს-პრეზიდენტის ოჯახის წევრები, არადა, სულ რაღაც ორი წლის წინ ზვიად გამსახურდიას ქვრივი ხელისუფლების ინიციატივას ასე გამოეხმაურა:

[მანანა არჩვაძე-გამსახურდია] „მე მგონი, ემოციებზე არის ეს ყველაფერი აგებული და სხვა არაფერი. შეიძლება ბატონ მიხეილს, მართლაც, სურს, მაგრამ მან კარგად იცის ჩემი პოზიცია. ასე რომ, საუბარი აღარც კი არის საჭირო.“

ზვიად გამსახურდიას საქართველოში გადმოსვენების იდეას იწონებს ექს-პრეზიდენტის უფროსი ვაჟი კონსტანტინე გამსახურდია, რომელმაც ხელისუფლებას ჯერ კიდევ სამთავრობო კომისიის შექმნამდე ორი თვით ადრე მიმართა:

[კონსტანტინე გამსახურდიას ხმა] „კატეგორიულად მოვითხოვ ხელისუფლებისგან, ჩამაყენონ საქმის კურსში, რაც შეეხება პრეზიდენტის გადმოსვენებისა და დაკრძალვის ყველა ღონისძიებას. ნუ მოიქცევა ისე, როგორც მოიქცა რუსეთის ხელისუფლება 1994 წლის თებერვალში, როდესაც არ მომცა საშუალება ჩავსულიყავი ჩეჩნეთის დედაქალაქში და მონაწილეობა მიმეღო ზვიად გამსახურდიას დაკრძალვაში.“

ექს-პრეზიდენტის ნეშტის საქართველოში გადმოსვენების მომხრეა საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა, მაგრამ არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც გადმოსვენებამდე ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზთა დადგენას ითხოვენ:

[გურამ შარაძის ხმა] „დიდი ეჭვი მაქვს, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის მკვლელები, რომლებიც დღეს ხელისუფლებაშიც არიან, იქნებიან დამკრძალავთა შორის. ჩვენ ამას არ დავუშვებთ.“

გადმოსვენების პარალელურად, სამთავრობო კომისიამ ასევე უნდა გადაწყვიტოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი - სად დაიკრძალება ექს-პრეზიდენტის ნეშტი. ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლთა დიდი ნაწილი თანხმდება, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ადგილი მთაწმინდის პანთეონშია:

[თემურ ქორიძის ხმა] „სადავო არ უნდა იყოს მთაწმინდაზე ზვიადის დაკრძალვა, რამდენადაც მთაწმინდაზე არის დაკრძალული ილია ჭავჭავაძე, მერაბ კოსტავა და, ამასთან ერთად, ზვიად გამსახურდია უბრუნდება საქართველოს არა მხოლოდ როგორც პირველი პრეზიდენტი, არამედ როგორც წამებული მამულიშვილი.“(სტილი დაცულია)

საინტერესოა, რას ფიქრობს ხალხი.

[მამაკაცის ხმა] „კარგია, რომ გადმოასვენებენ. საპატიო ადგილზე უნდა დაასაფლაონ, რამეთუ პირველი პრეზიდენტი იყო.“

[ქალბატონის ხმა] „უნდა გადმოასვენონ სამების ტაძართან.“

[მამაკაცის ხმა] „ზვიად გამსახურდია უნდა გადმოასვენონ და დაკრძალონ იმ კურთხევის შესაბამისად, რომელიც მოიღო უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.“

საბოლოო სიტყვას, ცხადია, სამთავრობო კომისია და ექს-პრეზიდენტის ოჯახის წევრები იტყვიან, თუმცა იმის გამო, რომ გადმოსვენების პროცედურა უამრავი დეტალის დაზუსტებას მოითხოვს, მთავრობის წევრებს ჯერჯერობით სავარაუდო თარიღის დასახელება უჭირთ.
XS
SM
MD
LG