Accessibility links

logo-print

ბიბლიოთეკა


დავით პაიჭაძე, თბილისი არის წიგნები, გამოჩენისთანავე ჩრდილში რომ ექცევა, არადა, ამას არ იმსახურებს. ყოველკვირეული ”ბიბლიოთეკის” ავტორი სწორედ ასეთ წიგნს წარმოგიდგენთ.

ის ამომწურავად ინფორმაციულია, უხვად ილუსტრირებული, ამ წიგნიდან გაიგებთ უამრავ ახალ სახელს, შეივსებთ ცოდნას საკუთარი ქვეყნის შესახებ. შესაძლოა, ხვდებით, რომ ლაპარაკია ენციკლოპედიურ გამოცემაზე. მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ენციკლოპედია. ეს გახლავთ "საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა".

დავით პაიჭაძე:
ამ წიგნს წავაწყდი სრულიად შემთხვევით, სხვა წიგნების გადათვალიერებისას. ვამბობ შემთხვევით, რადგან, კარგა ხანია, გადამეწურა მოლოდინი, რომ ვნახავდი. წლების მანძილზე მე ველოდი ამ გამოცემას, მაგრამ დაბეჭდვა რომ აღარ ეღირსა, შევეშვი ძებნასა და გაკითხვას. თან თბილისის წიგნის ახალ მაღაზიებში, სადაც უფრო ახალგაზრდები მუშაობენ, არაფერი სმენოდათ ”საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობის” შესახებ, რომლის პირველი ტომი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში გამოიცა და ახლა აღმოჩნდა, რომ მეორე ტომი დღის სინათლეს 16 წელიწადს ელოდა. ყდის ფერი, გაფორმება, მოცულობა ორივე წიგნს ერთნაირი აქვს და ამიტომ, პირველი შეხედვით, ვერც აღვიქვი, ჩემს წინაშე მეორე ტომი რომ იდო. გამოცემის წლად 2004 აწერია, თუმცა დაბეჭდვისთანავე ის ნამდვილად არ გამოჩენილა წიგნის ბაზარზე. სულ ცოტა, წელიწადნახევარი იცდიდა. ძნელი სათქმელია, რატომ.

”საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობის” პირველი ტომი აერთიანებს გორის, კასპის, მცხეთის, ქარელისა და ხაშურის რაიონების ძეგლებს. მეორე ტომში შედის ახმეტის, დუშეთის, თიანეთის, ყაზბეგის რაიონები. წიგნებზე მუშაობდა საქართველოს ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი, ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტი და არქეოლოგიური კვლევის ცენტრი. წიგნებში შესული ძეგლები ოთხ კატეგორიად იყოფა:

1.
ისტორიული ძეგლები - ესაა ადგილი, შენობა თუ სხვ., რაც დაკავშირებულია ქვეყნის, რეგიონის, ქალაქისა და თუ სოფლისათვის მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენასთან ან ცალკეული გამოჩენილი პიროვნების ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან.

2.
არქეოლოგიის ძეგლი არის ის, რაც გამოვლინდა და შეისწავლეს გათხრებით ან მიაკვლიეს და დააფიქსირეს დაზვერვითი სამუშაოებით.

3.
ძეგლების ყველაზე დიდ ჯგუფს შეადგენენ არქიტექტურის ძეგლები - ანტიკური ხანიდან ფეოდალური ხანის ჩათვლით ყველა სახის ნაგებობა, აგრეთვე, XIX-XX საუკუნეების მანძილზე განხორციელებული საყოველთაოდ აღიარებული ობიექტი და კომპლექსი, ძველი ქალაქების, სოფლებისა და განაშენიანების შემორჩენილი ნიმუში, ფრაგმენტი და სხვა.

4.
და ბოლოს, მონუმენტური ხელოვნების ძეგლები; ესაა ანტიკური პერიოდიდან დღემდე შექმნილი, მუდმივი მასალით - ქვა იქნება თუ ბრინჯაო - შესრულებული ძეგლი, ფასადების რელიეფი, მოზაიკა, კედლის მხატვრობა, მონუმენტი, მემორიალი და სხვა.

ეს დეფინიციები მიანიშნებს, რომ წიგნი ამომწურავ ინფორმაციას უნდა შეიცავდეს. არაპროფესიონალი მკითხველი, რომელსაც ორივე ტომში განთავსებული ინფორმაციიდან სახელთა უმეტესობა პირველად ხვდება, ასეც მიიჩნევს. მეორე ტომში, მაგალითად, 1409 ძეგლია მიმოხილული. მაგრამ სხვაგვარად, უფრო კრიტიკულად უდგება საკითხს ”აღწერილობის” მეორე ტომის რეცენზენტი, პროფესორი დიმიტრი თუმანიშვილი.

[თუმანიშვილის ხმა] ”ვერ ვიტყოდი, რომ მასალა იყოს სრულყოფილი. ამ ტომებსაც რომ გადახედოთ, წერილები ტოლფასი არ არის. ისინი სხვადასხვა მომზადების ადამიანებმა დაწერეს და ეს ტექსტებს ემჩნევა. ზოგან შეცდომებია, ზოგან უზუსტობები. ტერმინოლოგიურ დონეზე წიგნი გაიწმინდა, მაგრამ ინფორმაციის რაოდენობით წერილები აშკარად სხვაობს. ვიღაცას ჰქონდა ცოდნა და ემარჯვებოდა ანალიზი, ვიღაცას ნაკლები ჰქონდა და შესაბამისი ინფორმაცია ვერ მოიტანა”.

”ძეგლთა აღწერილობაზე ” მუშაობა დაიწყო გასული საუკუნის 70-ან წლებში და ახალი იმპულსი მიეცა 80-ანებში, რომელთა მიწურულს გამოვიდა კიდეც პირველი ტომი. მეორე ტომში შესული სტატიებიც იმავე პერიოდის ინფორმაციას შეიცავს. 20 წლის წინათ შეგროვდა ინფორმაცია, რომელიც ჯერ არ გამოცემულა. დიმიტრი თუმანიშვილი ვარაუდობს, რომ ამ ხნის მანძილზე ადგილობრივმა მოსახლეობამ, ეგებ, რომელიმე ძეგლი აღადგინა, კიდევ სხვა ძეგლი დაინგრა ან დაზიანდა და სპეციალისტებმა ეს არ იციან. ამ მიზეზით წიგნი, შესაძლოა, არასრულ და უზუსტო ინფორმაციას შეიცავდეს. მე ვეკითხები დიმიტრი თუმანიშვილს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოში რა მნიშვნელოვანი აღმოჩენები გაკეთდა ან სხვა რიგის სამუშაო ჩატარდა, რომლის შედეგი შეავსებს და განაახლებს აქამდე დაგროვილ მეცნიერულ ცოდნას და, ამასთან, იმსახურებს მოხვედრას ”ძეგლთა აღწერილობის” უკვე გამოცემულ თუ გამოსაცემ ტომებში:

[თუმანიშვილის ხმა] ”თუნდაც ალავერდის ეზოში, მაგალითად, გაითხარა მარანი. დიდი გათხრები მიდის კახეთში. მაგალითად, ლაგოდეხში გაითხარა უშველებელი სასახლე აქემენიდური ხანისა. გათხრებია ქართლშიც. სწორედ ახლა, წლის ბოლოს აპირებენ გამოფენას საქართველოს მუზეუმში ”არქეოლოგიური აღმოჩენები 15 წლის მანძილზე” და როგორც მომწყობი, ბატონი იულონ გაგოშიძე გვეუბნება, შეიძლება მუზეუმმა ვერც დაიტიოს, სინამდვილეში იმდენია. კლარჯეთის და ტაოს ნაწილის ძეგლთა ნამდვილად მეცნიერული ფიქსაცია მოხდა 90-ან წლებში. ეს მოხდა კერძო ფულითა და დახმარებით. ძალიან შედეგიანად: ჩვენ ახლა გვაქვს დოკუმენტაცია, რომელიც არ აქვს არავის. ზოგი რამ აქაც გაკეთდა, საქართველოში: სამცხე-ჯავახეთი, მაგალითად, დავლილია და ბევრი ისეთი რამ არის დალაგებული, რაც ადრე ხელთ არ გვქონია”.

ღირს აღვნიშნოთ, რომ ისტორიულ ტაო-კლარჯეთში მოპოვებული და დამუშავებული ინფორმაცია არ უნდა მოხვდეს ”საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობაში”, რადგან ძეგლთა დაცვისა და გამოყენების საერთაშორისო მოთხოვნებით, აღწერილობაში უნდა შევიდეს არსებული სახელმწიფო საზღვრებით შემოსაზღვრული ამა თუ იმ ქვეყნის, სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიკვლეული უკლებლივ ყველა ძეგლი (იგულისხმება უძრავი კულტურული ფასეულობები). ისტორიული ტაო და კლარჯეთი დღეს თურქეთის ნაწილია.

წიგნის სარედაქციო კოლეგია წინათქმაში აღნიშნავს, რომ ”აღწერილობის” მოსამზადებელი სამუშაოების დაგეგმვისას ყოველ ადმინისტრაციულ რაიონში საშუალოდ 100-120 ძეგლი ივარაუდეს, გამონაკლის შემთხვევაში - 150. ვარაუდმა არ გაამართლა: ძეგლების რაოდენობა ორჯერ, სამჯერ, ზოგ რაიონში ხუთჯერ მეტიც კი აღმოჩნდა. ყოველ წიგნს, უფრო ზუსტად ყოველ რეგიონს დასაწყისში წამძღვარებული აქვს შესავალი სტატია, რომელიც მკითხველს აცნობს რეგიობის ისტორიას, თავისებურებებს, მის წვლილსა და ადგილს საქართველოს ისტორიულ, მატერიალურ და კულტურულ ფასეულობათა შექმნაში.

მაგრამ წიგნში ძეგლთა განაწილება რეგიონების მიხედვით, რომლებიც თავის მხრივ, პოლიტიკურ-ადმინისტრაციული წესით იყოფიან, შესაძლოა, ადეკვატური არ იყოს. მაგალითად, ჯერ კიდევ პირველ ტომში, რომელიც მეხუთე რეგიონის რაიონებს მოიცავს - შეგახსენებთ, გორს, კასპს, მცხეთას, ქარელსა და ხაშურს - მეცნიერებასთან სრულიად დაუკავშირებელი მოსაზრებების გამო არ შევიდა შიდა ქართლის სხვა, სახელდობრ, დღევანდელი ცხინვალის რეგიონში განთავსებული ძეგლები. ახმეტის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის რაიონების ძეგლთა ერთ ტომში მოქცევაც დიმიტრი თუმანიშვილს უმართებულოდ ესახება:

[თუმანიშვილის ხმა] ”ამ მეორე ტომმა ძალიან კარგად აჩვენა, რამდენად აცდენილია კულტურულ-ისტორიულ სინამდვილეს ეს დარაიონება. როცა კაცი ათვალიერებს ახმეტის რაიონს, სადაც ალავერდი და ერელაანთ საყდარი ენაცვლება თუშეთის კოშკებს - ეს ხომ არის კულტურულ-ისტორიული აბსურდი?! არ შეიძლება ადამიანი თუშეთსა და ალაზნის ველს ერთ რეგიონად უყურებდეს თუნდაც წიგნში. ეს არის დეზინფორმაცია. ახმეტა აქ იმიტომ არის მოხვედრილი, რომ მასში თუშეთი შედის. ახმეტამ კი არ შეიყვანა, არამედ თუშეთმა შეატანინა წიგნში ახმეტა, რადგან მეორე ტომში მთა უნდა ყოფილიყო. სხვათა შორის, არაგვის ხეობაც კულტურულ-ისტორიულად ძალიან განსხვავებულია. სად ანანური და სად მთიულეთი? აბსოლუტურად განსხვავებული რაღაცეებია. როგორც ჩანს, არ შეიძლება ასე მივყვეთ დროებით ისტორიულ-გეოგრაფიულ კონიუნქტურას, როცა კულტურაზე ვწერთ. რაღაც სხვა უნდა იყოს.”

ეს არის მეცნიერის, პროფესიონალის თვალსაზრისი. მაგრამ ჩვენ, მოყვარული მკითხველები, ასეთ წიგნებს არ გადავფურცლავთ ხოლმე მათთან საკამათოდ. ”საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა” ავსებს და ამდიდრებს ჩვენს წარმოდგენასა თუ ცოდნას საკუთარი ქვეყნის ისტორიასა და კულტურაზე. აქ არა მხოლოდ სიტყვიერი აღწერებია. აქ არის ფოტოები, ნახაზები და, რაც მთავარია, კრიტერიუმები, თუ რა თვალით შეხედო წინაპართა მემკვიდრეობას.
XS
SM
MD
LG