Accessibility links

logo-print

სამეთვალყურეო ორგანიზაციები განგაშს სცემენ


არჩევნებამდე თხუთმეტი დღით ადრე ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ აკრედიტებული სამეთვალყურეო ორგანიზაციები განგაშს სცემენ და საარჩევნო

ადმინისტრაციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს კანონის დარღვევაში ადანაშაულებენ. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ შეშფოთებას იწვევს როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის ხარისხი, ასევე ხელისუფლების მიერ სამხედრო მოსამსახურეთა რესურსების მიზანმიმართული გამოყენებისა და საარჩევნო კამპანიისას ამომრჩეველთა მოსყიდვის მცდელობები. „სამართლიანი არჩევნები“ ასევე გამოთქვამს შეშფოთებას იმ პროცედურული დარღვევების გამო, რომელზეც საარჩევნო ადმინისტრაციაა პასუხისმგებელი. ლაპარაკია საუბნო კომისიებში ამომრჩეველთა სიების გამოქვეყნების ვადების დარღვევაზე.
საქართველოს საარჩევნო კოდექსის 73-ე მუხლი, არჩევნების დანიშვნიდან საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე, საარჩევნო სუბიექტებსა და მათ წარმომადგენლებს უკრძალავს პირადად ან ვინმეს მეშვეობით ამომრჩევლებისათვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემას. თუმცა, კანონის მოთხოვნის მიუხედავად, როგორც „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი თამარ ჟვანია აცხადებს, საარჩევნო სუბიექტები, ხშირ შემთხვევაში, თავს ვერ იკავებენ და ამომრჩევლის გულის მოგებას ძვირფასი საჩუქრებით ცდილობენ:
[თამარ ჟვანიას ხმა] „ეს არის ქუთაისში, ავტოქარხნის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობიდან“, რომელიც შეხვდა კოპიტნარის დასახლების მოსახლეობას, გადასცა უფასოდ ავტობუსი, ასევე ბავშვებს გადასცა უფასოდ მაისურები და ბურთები.“
თამარ ჟვანიას თქმით, ფაქტების დადასტურების შემთხვევაში, დეპუტატობის კანდიდატს სასამართლო რეგისტრაციას გაუუქმებს, თუმცა, როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გურამ ჩალაგაშვილი ამბობს, უნდა იაქტიურონ როგორც კონკურენტმა საარჩევნო სუბიექტებმა, ასევე ცალკეულმა ფიზიკურმა თუ იურიდიულმა პირებმა:
[გურამ ჩალაგაშვილის ხმა] „უნდა მოგვართვან ფიზიკურმა პირებმა თუ საარჩევნო სუბიექტებმა, წარმოადგინონ სათანადო მტკიცებულება და, თუ დადასტურდება, ჩვენ, რა თქმა უნდა, რეაგირებას მოვახდენთ.“(სტილი დაცულია)
მაგრამ „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელს შენიშვნები აქვს თავად საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის მიმართაც. თამარ ჟვანიას თქმით, მთელ რიგ უბნებში დროულად, კანონით დადგენილ ვადაში, არ გამოაკრეს ამომრჩეველთა სიები. ასევე აღრიცხულია რამდენიმე შემთხვევა, როცა სამუშაო საათებში საარჩევნო უბნები დაკეტილი იყო, თუმცა, ჟვანიას აზრით, ყველაფერი ეს არაფერია იმასთან შედარებით, რასაც ხელისუფლება სამხედრო მოსამსახურეთა ხმების მისაღებად აკეთებს:
[თამარ ჟვანიას ხმა] „ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ სამხედროებს, მათ გარკვეულ ნაწილს, სამსახურის ვადა ეწურებათ 22 სექტემბერს. ხელმძღვანელობამ ჩამოართვა პირადობის მოწმობები და განუმარტა, რომ მათი ხმები ესაჭიროება და ამიტომ ისინი არ უნდა წავიდნენ ვადის ამოწურვისთანავე, არამედ უნდა დარჩნენ 5 ოქტომბრამდე, რათა მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში. მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლიათ სახლებში წასვლა.“(სტილი დაცულია)
„სამართლიანი არჩევნების“ შეშფოთებას იწვევს ასევე საარჩევნო ადმინისტრაციის მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის ხარისხი. საქმე ის არის, რომ ორგანიზაციის წარმომადგენელთა ინფორმაციით, 18 სექტემბერს გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა გამართეს კრება, რომელსაც სოფლის სამივე საუბნო კომისიის თავმჯდომარეები და მდივნები ესწრებოდნენ. თამარ ჟვანიას თქმით, მსგავსი დარღვევები ეჭვქვეშ აყენებს საარჩევნო ადმინისტრაციების დამოუკიდებლობას. მმართველი პარტიის წარმომადგენლები კი ირწმუნებიან, რომ არც ერთი სერიოზული კანონდარღვევა დაუსჯელი არ დარჩება, თუმცა დეპუტატ პავლე კუბლაშვილს ოპონენტების, მით უფრო, პოლიტიკური ოპონენტების პატიოსნებაში ეჭვი შეაქვს:
[პავლე კუბლაშვილის ხმა] „ყველა ფაქტზე იქნება რეაგირება კანონით დადგენილი წესით, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როგორც ჩანს, საკუთარი სისუსტის გამართლების მცდელობა უფროა, ვიდრე რეალური ფაქტები.“(სტილი დაცულია)
როგორც უნდა იყოს, სამეთვალყურეო ორგანიზაციები არ აპირებენ ყურადღების მოდუნებას. თამარ ჟვანიას თქმით, 5 ოქტომბერს, კენჭისყრასა და ხმების დათვლას, ისევე როგორც სხვა საარჩევნო პროცედურებს, „სამართლიანი არჩევნების“ სამი ათასი მეთვალყურე უკლებლივ ყველა უბანზე დააკვირდება.
XS
SM
MD
LG