Accessibility links

logo-print

რუსეთმა საქართველოდან რუსეთის საელჩოს თანამშრომლების და მათი ოჯახის წევრების ევაკუაცია დაიწყო - სჯერათ თუ არა საქართველოში რუსეთსა და საქართველოს შორის ომის დაწყების


რუსეთმა საქართველოდან რუსეთის საელჩოს თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების ევაკუაცია დაიწყო. 29 სექტემბერს თბილისის აეროპორტში რუსეთის

საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს თვითმფრინავი დაეშვა რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში გადასაყვანად. საელჩოს თანამშრომლების და მათი ოჯახების ევაკუაცია, როგორც წესი, საგანგებო - მათ შორის, საომარ - სიტუაციებში ხდება. მიუხედავად ამისა, მიუხედავად ომის დაწყების თაობაზე რუსეთიდან წამოსული მუქარისა, საქართველოში მუქარის შესრულების არ სჯერათ. იქ უფრო რუსეთიდან სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებას მოელიან.


საქართველოდან რუსეთის მოქალაქეების - რუსეთის საელჩოს თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების - ევაკუაცია დაიწყო. საქართველოს დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო რუსეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ვიაჩესლავ კოვალენკომაც. ის მოსკოვში კონსულტაციების გავლისთვის დაიბარეს.

[ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ხმა] ”მოსკოვში ნამდვილად მივემგზავრები. რუსეთის მოქალაქეების ქუჩაში უმიზეზოდ დაკავება, დამეთანხმეთ, არანორმალურია. ასე თავდასხმა ჩვენს ნებისმიერ მოქალაქეზე შეიძლება მოხდეს. ჩვენ ეს გვაწუხებს და ამიტომ ვამგზავრებთ თანამშრომლების ნაწილს მოსკოვში გაურკვეველი დროით, მე კი მივფრინავ კონსულტაციების გასავლელად. ”

საქართველოდან რუსეთის დიპლომატიური პერსონალისა და მათი ოჯახის წევრების ევაკუაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება რუსეთის სუვერენული უფლებაა, თუმცა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის აბსოლუტურად გაუგებარი დარჩა ეს გადაწყვეტილება, რამდენადაც რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში არავინ დამუქრებია.

[თამარ კოვზირიძის ხმა] ” ეს რაღაც პროტესტის გამოხატულებაა, სხვა საკითხია, რამდენად ადეკვატური. სახელმწიფო რაღაც ფორმით თავის უკმაყოფილებას გამოხატავს, მაგრამ ამის აუცილებლობა ნამდვილად არ დგას. თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეები შენს ტერიტორიაზე შენს წინააღმდეგ მოქმედებენ, რაღაც ზომები უნდა მიიღო, თუ სახელმწიფო ხარ, თუ არადა .... ”


ამბობს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ კოვზირიძე. საქართველოდან გამგზავრების წინ საქართველოში რუსეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, რუსეთის სახელით, კიდევ ერთხელ მოითხოვა ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული რუსეთის ოფიცრების გათავისუფლება და, ამას გარდა, საქართველოს მხრიდან რუსეთის წინაშე მობოდიშება. საქართველოდან რუსეთის საელჩოს თანამშრომლების და მათი ოჯახის წევრების ევაკუაციასა და რუსი პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების მოწოდებებს რუსეთის მხრიდან საქართველოსთან ომის დაწყების თაობაზე ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ოფიცრების ბედი არ შეუმსუბუქებია. საქართველოს ხელისუფლება მათ გათავისუფლებას არ აპირებს. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ პარასკევს ” კოსტუმირებული შოუ” უწოდა რუსეთის მოქალაქეების ევაკუაციისთვის თბილისის აეროპორტში რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს კუთვნილი თვითმფრინავის დაშვებას, ოფიცრების დაკავებასთან დაკავშირებით რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში ატეხილ აჟიოტაჟს კი - ”უძლურების რიტორიკა”.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს თამარ კოვზირიძეს რუსეთიდან ეკონომიკური სანქციების გამკაცრების ალბათობაზე ვესაუბრეთ. საქართველოში ომს არა, მაგრამ სანქციების გამკაცრებას მოელიან. ეს სანქციები შეიძლება შორს წავიდეს, შეიძლება მართლაც აუტანელი მდგომარეობა შეექმნათ რუსეთში საქართველოს მოქალაქეებს, შეიძლება აიკრძალოს რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილები, შეიძლება რუსეთმა აკრძალოს საქართველოსთან ეკონომიკური ურთიერთობა. აქვე განვმარტავთ, რომ, რუსეთში საქართველოს პროდუქციის შეტანის აკრძალვის მიუხედავად, საქართველოს არ აუკრძალავს იმპორტი რუსეთიდან. ”ამ სანქციებით რუსეთს შეუძლია შორს წავიდეს, მაგრამ რადიკალური გადაწყვეტილებები მის იმიჯს საგრძნობლად დააზიანებს, ” - აღნიშნავს თამარ კოვზირიძე.

რუსეთიდან დე ფაქტო ეკონომიკური ბლოკადა ისედაც გვქონდა. თუ ბლოკადა ოფიციალურად გამოცხადდება, გაგვიჭირდება, მაგრამ საქართველოს უარესისთვისაც გაუძლია, - აცხადებს ეკონომიკური განვითარების მინისტრი.
XS
SM
MD
LG