Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესა


დავით პაიჭაძე, თბილისი გასული კვირის ქართული პრესა უპირატესად იმ საკითხებით საზრდოობდა, უფრო ადრე რომ გამოიკვეთა.


მაგალითად, ეხმიანებოდა 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს. ოპოზიციის პრეტენზიებსა და არგუმენტებს, რომლებიც არჩევნების დემოკრატიულობას, თბილისის საკრებულოში მანდატების განაწილებასა და ამომრჩეველთა დაბალ აქტივობას შეეხებოდა, ”მმართველმა პარტიამ ციფრებით უპასუხა” - ბოლო ოთხი სიტყვა გაზეთ “საქართველოს რესპუბლიკის” პუბლიკაციიდან გახლავთ. ”მხოლოდ თბილისში წლეულს საარჩევნო უბნებზე 7501-ით მეტი ამომრჩეველი მივიდა. 2002 წლის ადგილობრივ არჩევნებში ნაციონალურმა მოძრაობამ 66 ათასი ხმა მიიღო, რესპუბლიკელებისა და კონსერვატორების ალიანსს წელს 38 ათასი მხარდამჭერი ჰყავდა. არადა, ბლოკის ”დავითაშვილი-ხიდაშელი-ბერძენიშვილი” განცხადებით, მათ ამომრჩეველთა მეტი ხმები მიიღეს, ვიდრე 2002 წლის ადგილობრივ არჩევნებში ნაციონალურმა მოძრაობამ. საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებით, არჩევნები დემოკრატიულად, გაყალბების გარეშე ჩატარდა,” - ეწერა ”საქართველოს რესპუბლიკაში”.

არჩევნების ერთ-ერთ შედეგს - თბილისის უკვე დაკომპლექტებულ საკრებულოს - ეხებოდა გაზეთი ”ახალი თაობა” და აწმყოს აღწერასთან ერთად ჭვრეტდა მომავალს. სტილის სრული დაცვით გთავაზობთ ციტატას ”ახალი თაობიდან”: “ზაზა ბეგაშვილს, გავრცელებული ცნობით, კახეთის გუბერნატორად ამზადებენ. პარლამენტში ეჭვი აღარ ეპარებათ, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტს კახა ლომაია დაიკავებს. არადა, ერთ დროს ამ პოსტს ირაკლის უმზადებდნენ, ოქრუაშვილს. მერე სოროსს უთქვამს, ოქრუაშვილი არ დამანახვოთო და არჩევანი ლომაიაზე შეაჩერეს. ზურაბ ნოღაიდელი ისევ ფინანსთა მინისტრი გახდება. ლომაიას ადგილს კი ვასილ მაღლაფერიძე დაიკავებს, რომელიც ამ პოსტზე უკვე ძალიან დიდი ხანია ოცნებობს. მინისტრის პოსტს დაიკავებს პეტრე ცისკარიშვილიც. მას სოფლის მეურნეობას ჩააბარებენ. არადა, ამ უწყებაზე თვალი გია ხევიაშვილს უჭირავს, რომელიც, სავარაუდოდ, ისევ ძველ სამსახურში დარჩება. ახლა ისევ თბილისის საკრებულოზე. აქაურებს სიმშვიდეს არავინ დაურღვევს.” - შეგახსენებთ, ეს გახლავთ გაზეთ ”ახალი თაობის” ხილვა, რომელიც, მისივე პროგნოზით, ამ შემოდგომაზე უნდა ახდეს.

როგორც ჩანს, ამ შემოდგომაზე პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს ლუსტრაციის შესახებ, რომელიც ფრაქცია “დემოკრატიული ფრონტის” ინიცირებულია. გაზეთი “ახალი ვერსია” მოკლედ გადმოსცემს პროექტის არსს: კანონპროექტი ადგენს იმ თანამდებობათა ნუსხას, რომლებზეც საბჭოთა კავშირის სპეცსამსახურების აგენტები არ შეიძლება დაინიშნონ. ისინი ვერ დაინიშნებიან თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებში, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, პარლამენტის აპარატსა და სხვა პოლიტიკურ თანამდებობებზე. საბჭოთა კავშირის სპეცსამსახურის ყოფილ აგენტებად ჩაითვლებიან პირები, რომლებიც მუშაობდნენ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში ოფიცრებად, იყვნენ კომუნისტური პარტიისა და კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის წევრები, რაიკომის მდივნები, ასევე ტელერადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე. “ახალ ვერსიას” მოჰყავს ხელისუფლების წარმომადგენელთა არგუმენტები, თუ რატომ არის კანონპროექტი გაუმართავი. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი განმარტავს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებს არ ჰქონდათ ბაზა, კარტოთეკა, რის საფუძველზეც გაირკვეოდა ამა თუ იმ პირის აგენტობის საკითხი. ოპოზიცია კი აცხადებს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება მტკიცება, თითქოს აგენტების სიები არ არსებობდეს. არასერიოზული მიდგომაა, ხალხი იმის გამო დავსაჯოთ, რომ იმ პერიოდში კომკავშირის ორგანოებში მუშაობდნენ - ეს ელენე თევდორაძის სიტყვებია. ამ კანონპროექტს პარლამენტის სხდომაზე ჩააგდებენ. ერთი-ორი ადამიანი, რომელსაც ლუსტრაცია შეეხება, მათ სიახლოვესაა და ეს ძალიან აშინებთ - ამას უკვე ოპოზიციონერი დავით ზურაბიშვილი ამბობს.

კვირის კიდევ ერთ გახმაურებულ ამბავს ეხმიანება გაზეთი “24 საათი”: კობა დავითაშვილის ისტორიას. ბუმერანგის პრინციპით, ”ბრალდებული დავითაშვილი კონტრბრალდებით გამოდის”. ერთი ციტატა: “ხელისუფლებას აშინებს ადგილობრივ არჩევნებში ჩვენ მიერ აღებული 130 ათასი ხმა და ასეთ ნაბიჯზე იმიტომ მიდის,” - დაასკვნის დავითაშვილი და პირობას იძლევა, რომ თუ ხელისუფლება კიდევ მიუგზავნის კამერით აღჭურვილ ფულიან აგენტებს, მათგან თანხას კვლავ სიამოვნებით აიღებს,” - წერს ”24 საათი”.
XS
SM
MD
LG