Accessibility links

logo-print

ქართული პრესის მიმოხილვა


პარასკევს გამოსული ქართული გაზეთები აქტიურად ეხმიანებიან ევროპარლამენტის მიერ ხუთშაბათს მიღებულ რეზოლუციას.

”რეზონანსში” ვკითხულობთ: ”ევროპარლამენტი გმობს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებულ სეპარატისტულ მოძრაობებს და მოითხოვს, რომ რუსეთმა გააუქმოს საქართველოს მიმართ დაწესებული სანქციები. ამასთან, ევროპარლამენტის დეპუტატები საქართველოს ხელისუფლებას თავის დახმარებას სთავაზობენ იმ ფინანსური პრობლემების აღმოფხვრაში, რომელიც საქართველომ რუსული სანქციების შედეგად განიცადა”. მართალია, ევროპარლამენტმა ამჯერად კონფლიქტურ ზონებში ევროკავშირის როლის გაძლიერება მიზანშეწონილად არ მიიჩნია, მაგრამ პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ”რეზონანსთან” საუბრისას ვარაუდობს, რომ უახლოეს მომავალში ევროკავშირი სამშვიდობო პროცესში აუცილებლად ჩაერთვება. ექსპერტის აზრით, ევროპას წინდახედულობა მართებს. ”დღეს ევროპამ რუსეთის რეალური სახე უკვე დაინახა და ეს განსაკუთრებით ამ ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ კონფლიქტებში გამოჩნდა. თუკი რუსეთმა საქართველოში თავისი გაიტანა, ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთი ამ აგრესიულ პოლიტიკას საქართველოს ფარგლებს გარეთაც გააგრძელებს. უპირველეს ყოვლისა კი, მისი ამ პოლიტიკის სამიზნე ევროპაა. ასე რომ, ევროპამ თავისი თავი უნდა დაიცვას, საქართველოს დაცვით კი, ის თავის თავს იცავს.”

”ევროპა რუსეთის შიშს ძლევს” - ეს უკვე ”24 საათში” გამოქვეყნებული სტატიის სათაურია. გაზეთი ყურადღებას ამახვილებს ორი დღის წინ ბრიუსელში გაკეთებულ განცხადებაზე, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილეს მეთიუ ბრაიზას ეკუთვნის. მან თქვა, რომ ”ევროპა ერთიანი უნდა იყოს და მოითხოვოს გაცილებით უფრო მეტი რუსეთისგან, ვიდრე დღეს იღებს”. კორესპონდენტს უჭირს იმის მტკიცება, გამოეხმაურა თუ არა ევროპა ამერიკელი დიპლომატის ამ სიტყვებს და ამის გავლენით გადადგა თუ არა თამამი ნაბიჯი, ”მაგრამ ფაქტია, რომ გუშინ ევროპარლამენტმა რუსეთისთვის ძალიან მტკივნეული რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო”. ბუნებრივად ჩნდება ლოგიკური დასკვნის საფუძველი: ”ევროპარლამენტარები, როგორც ჩანს, უკეთესად აცნობიერებენ, რომ რუსეთს ულტიმატუმების ენა უფრო ესმის, ვიდრე დათმობის,” - ვკითხულობთ ”24 საათში”.

”რა ტყუილები ”დაახეთქა” პუტინმა ასე ურცხვად გუშინწინ?” - შეკითხვას სვამს ”საქართველოს რესპუბლიკა”და იმ ”ვიდეოხიდს უბრუნდება”, რომლის საშუალებითაც ოთხშაბათს რუსეთის პრეზიდენტი თავისი მოქალაქეების შეკითხვებს პირდაპირ ეთერში პასუხობდა. ”ბატონმა პუტინმა ისტორიკოსობაც იკისრა და, საქართველოსთვის გამეტებულ სხვა ”სიკეთესთან” ერთად, საქვეყნოდ ასეთი აღმოჩენა გამოაცხო - რუსეთის იმპერიაში (ჯერ წამოსცდა - რუსეთის ფედერაციაშიო) საქართველოს ნებაყოფლობით შესვლისას აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს შემადგენლობაში არ შედიოდაო, - წერს პუბლიკაციის ავტორი და განაგრძობს, - პუტინს წარბიც არ შეუხრია, ისე ხელაღებით და კვლავ გამიზნულად ”გაიხსენა” ქართველთა 1920 წლის დამსჯელი ექსპედიცია სამხრეთ ოსეთში და, ფაქტობრივად, ოსი ხალხის გენოციდში დაგვადანაშაულა”. ვლადიმირ პუტინის ”თხზულების” საპირისპირო ფაქტებსა და არგუმენტებს მკითხველს გაზეთი ”საქართველოს რესპუბლიკა” სთავაზობს.
XS
SM
MD
LG