Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ არ ჩქარობს საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან გამოსვლას


ოპოზიციურმა ფრაქციამ ”დემოკრატიულმა ფრონტმა” საქართველოს პარლამენტს ”დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან

საქართველოს გამოსვლის შესახებ” დადგენილების პროექტი შესთავაზა. საპარლამენტო სესიის დღის წესრიგში ამ პროექტის ჩართვის საკითხი 30 ოქტომბერს საკანონმდებლო ორგანოს ბიუროს სხდომაზე განიხილეს. საპარლამენტო უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა ოპოზიციის ინიციატივას. რატომ?

დაახლოებით ერთ თვეში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი სახელმწიფოების მეთაურები მორიგ სამიტზე შეიკრიბებიან. მათი შეკრების მთავარი მიზანი თანამეგობრობის რეფორმირების საკითხი იქნება. სავარაუდოდ, დსთ-ს მეთაურთა სამიტს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც დაესწრება. მისი ოპოზიცია მიიჩნევს, რომ სააკაშვილი სამიტზე იმ შემთხვევაში უნდა წავიდეს, თუ იქ თან წაიღებს თანამეგობრობიდან საქართველოს გამოსვლის დოკუმენტს.

[დავით ბერძენიშვილის ხმა] ”თუ ჩვენ გვსურს ევროატლანტიკური არჩევანი რეალობად ვაქციოთ, ეს არ არის თავსებადი ესენგეს ანტიდემოკრატიულ სივრცესთან. პრაგმატული თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ აფხაზეთში რუსის ჯარი დგას დსთ-ს ეგიდით და არ იძებნება სხვა მექანიზმი რუსის ჯარის გაყვანისა, თუ არა დსთ-დან გამოსვლა.”(სტილი დაცულია)

ეს არის დავით ბერძენიშვილი, რომლის საპარლამენტო ფრაქციამ, “დემოკრატიულმა ფრონტმა”, საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან გამოსვლის პროექტი მოამზადა. მე მას ვკითხე, თუ რატომ დადგა ეს საკითხი მაინცდამაინც ახლა, როდესაც უკიდურესადაა გამწვავებული რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა.

[დავით ბერძენიშვილის ხმა] ”რაც უფრო ნაკლები ბერკეტი ექნება რუსეთს, მის პარტნიორებთან ერთად, ჩვენს წინააღმდეგ, მით უფრო მიიღებს რუსეთი რეალობას. ”ამ ეტაპზე” არ უფიქრიათ ესტონელებს, ლიტველებსა და ლატვიელებს და მშვენივრად არიან ამჟამად რუსეთთან მიმართებაში, ევროკავშირშიც არიან და ნატოშიც.”(სტილი დაცულია)

დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან გამოსვლის ინიციატივა საპარლამენტო უმრავლესობასაც არაერთხელ გამოუთქვამს, თუმცა მმართველი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები ჯერჯერობით თავს იკავებენ ოპოზიციის დადგენილების პროექტის მხარდაჭერისაგან.
ერთ-ერთ მათგანს, თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს ნიკა რურუას, მოვუსმინოთ:

[ნიკა რურუას ხმა] ”ახლა არ დავუჭერ, იმიტომ რომ ოპოზიცია არანაირ პასუხისმგებლობას არ გრძნობს იმ შესაძლო რეზულტატების გამო, რაც ამ წუთას შეიძლება ეკონომიურად მოჰყვეს დსთ-დან გამოსვლას. ეს პროცესი მზადდება და გავაკეთებთ მაშინ, როდესაც იქნება ოპტიმალური მომენტი.”(სტილი დაცულია)

თანამეგობრობიდან გამოსვლის ურყოფით ეკონომიკურ შედეგებში მმართველი პოლიტიკური ძალა იმ შეღავათიანი სავაჭრო-ეკონომიკური რეჟიმების შეჩერებას გულისხმობს, რომელიც საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებთან აკავშირებს. ამ ქვეყნებს შორის მთავარი სავაჭრო პარტნიორები არიან: უკრაინა, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, სომხეთი და ასე შემდეგ. სწორედ მათთან ორმხრივი ხელშეკრულებების უქონლობა დაასახელა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან გამოსვლის შემაფერხებელ ფაქტორად საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციასთან 30 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაზე.

შეხვედრიდან გამოსული ნოღაიდელი სიტყვაძუნწი აღმოჩნდა. მისი და, საერთოდ, მმართველი პოლიტიკური ძალის პოზიცია ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა გაახმიანა:

[მიხეილ მაჭავარიანის ხმა] ”მაქსიმალურად გულახდილად ვუთხარით ყველაფერი. თუ გაიგეს, კაია. დღეს დსთ-ს ხელშეკრულება ავალდებულებს უკრაინას იმ შეღავათიან პირობებს, რომელშიც დღეს ვართ. და თუ ჩვენ გავწყვიტეთ დსთ-სთან, უკრაინასთან უნდა გვქონდეს გამზადებული ხელშეკრულება. ეს ფერხდება უკრაინის მხრიდან... პრემიერმა ვერ თქვა კონკრეტული ვადა. თუ იქნება ორმხრივი სურვილი, ეს მინიმუმ წელიწადის პროცესია.”(სტილი დაცულია)

მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის ასეთი გულახდილობით უკმაყოფილო დარჩა საპარლამენტო ოპოზიცია, რომელიც მოითხოვდა, საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან გამოსვლის საკითხი უახლოეს საპარლამენტო სხდომაზე გადაწყვეტილიყო.
XS
SM
MD
LG