Accessibility links

logo-print

“ახალი დროება” – 70


როგორ შეუძლია მანქანას ჩაყლაპოს ადამიანი?

ჩაყლაპოს მანქანის ბორბლებმა, ქარხნის დაზგამ ან, თუნდაც, კომპიუტერმა? შეუძლია თუ არა ტექნიკურ პროგრესს შექმნას კაცობრიობის განადგურების იარაღი? თანამედროვე ადამიანისთვის ეს რიტორიკული კითხვებია – რა თქმა უნდა, შეუძლია... აკი შეიქმნა კიდეც – ატომური იარაღი... მაგრამ 70 წლის წინ, როცა მსოფლიო ეკრანებზე ჩარლი ჩაპლინის ფილმის, “ახალი დროების”, პრემიერა შედგა, ინდუსტრიული ცივილიზაციისადმი დიდი ხელოვანის სკეპტიკური დამოკიდებულების გამო ჩაპლინი რეაქციონერად მონათლეს. ჩაპლინის ოპონენტებს სხვა არგუმენტიც ჰქონდათ – 1936 წელსაც კი, როცა კინოთეატრებში ხმოვანი კინოს შედევრებს უჩვენებდნენ, ჩარლი ჩაპლინი კვლავაც ჯიუტად ამბობდა უარს დიალოგებზე. ჩვენს ყოველკვირეულ პროგრამაში “ოქროს საუკუნე” გაგახსენებთ როგორ ჩაანაცვლა დიდმა ხელოვანმა დიალოგები მუსიკით და როგორ დაწერა “ახალი დროებისთვის” სიმღერა, რომელიც მოგვიანებით არაერთი დიდი მუსიკოსის რეპერტუარში შევიდა.

[მუსიკა. ჩაპლინი, “ახალი დროება”]

კინემატოგრაფის მეფისთვის მწუხრი ჩამოწვა. 30-იან წლებში კინემატოგრაფი ალაპარაკდა და მეფემ, ჩარლი ჩაპლინმა, ბინდბუნდში იგრძნო თავი. მეფეს ეგონა, რომ კინო ჟესტისა და მიმიკის ხელოვნებაა, - აქამდე სწორედ ჟესტითა და მიმიკით აცინებდა და ატირებდა სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე მაყურებელს, - მაგრამ აღმოჩნდა, რომ პუბლიკის გაცინება (და ატირება) დიალოგებითაც შეიძლება.

“კინოხელოვნების თვითმკვლელობა” – ასე უწოდა ჩაპლინმა თავის სტატიას, რომელიც 1935 წელს გამოაქვეყნა. კინომ ხარაკირით დაასრულა თავისი არსებობაო, ამტკიცებდა დიდი ხელოვანი. ეს დაწერა და განაცხადა, ხმოვანი კინოს ინდუსტრიაში ჩემი ფეხი არ იქნებაო.

ჩარლი ჩაპლინი პრინციპული კაცი იყო. თუმცა, მოგეხსენებათ, საკუთარ პრინციპებზე მეტად ქალები უყვარდა. 1935 წლის ზაფხულში ერთ იახტაზე გაიცნო ოცდაოთხი წლით უმცროსი პოლინა ლევი, რომელმაც ჩაპლინს კინოხელოვნებიდან წასვლა გადააფიქრებინა. 1936 წელს, თითქოს თავის გამართლების მიზნით, ჩაპლინი აქვეყნებს ახალ სტატიას, “მუნჯი კინოს მომავალი”, და იღებს თავის უკანასკნელ ფილმს დიალოგების გარეშე, შეიძლება ითქვას, “მუნჯ ფილმს”, რომელიც მისივე მუსიკით და მის მიერვე შესრულებული სიმღერითაა გაფორმებული, – ფილმს “ახალი დროება”. სწორედ ამ ფილმში გაიგონა პირველად მაყურებელმა ჩარლი ჩაპლინის ხმა.

[მუსიკა. “ახალი დროება”. სიმღერა]

გერმანიაში ნაცისტებმა “ახალი დროება” აკრძალეს. მით უმეტეს, რომ შეერთებული შტატების პრესაშიც გამოქვეყნდა სტატიები, რომელშიც ჩაპლინს კომუნისტების მიმართ სიმპათია დააბრალეს. “ახალ დროებაში” ხომ ჩაპლინის მაწანწალა იქცა მუშად, რომელსაც, ჭანჭიკის ტრიალის გამო, იმდენად აქვს დაკავებული ხელები, რომ სახიდან ბუზიც კი ვერ გაუქნევია... საბჭოთა კავშირში ასეთ ფილმს, რა თქმა უნდა, “ვაშა, ვაშას” ძახილით მიიღებდნენ. თუმცა, დიდი ტერორის დაწყების წინ, ეჭვიან კომუნისტებსაც არ მოეწონათ ფილმში რაღაცები – მაგალითად, იმ ასლიდან, რომელიც საბჭოთა ეკრანებზე გამოვიდა, ამოიღეს სცენა ტუალეტში... როცა ჩაპლინის მუშას ფეხსალაგში, საგანგებოდ დამონტაჟებულ ეკრანზე, კომპანიის პრეზიდენტი გამოეცხადება და დაზგასთან დაბრუნებას უბრძანებს... მოსკოვშიც მიხვდნენ, რომ “ახალ დროებაში” დიდი რეჟისორი არა იმდენად მანქანას, არა იმდენად პროგრესს, რამდენადაც იდეოლოგიად ქცეულ მანქანას, იდეოლოგიის სამსახურში ჩაყენებულ მეცნიერებას ებრძოდა. იდეოლოგიას, რომელიც პიროვნებას ჭანჭიკად აღიქვამს, ყოველთვის აწყობს მანქანადქცეული ადამიანი, რომელსაც “ჩართავ” და იმას გააკეთებინებ, რაც დიდ ფულს და ძალაუფლებას მოგიტანს. ამ თვალსაზრისით, “ახალ დროებაში” ჩაპლინი პოსტინდუსტრიულ რევოლუციას წინასწარმეტყველებს. შემთხვევით არ უწოდა თავის ფილმს “ახალი დროება”... სურათის მთავარი მხატვრული სახე ხომ არა იმდენად მანქანა, რამდენადაც დროა – საათი, რომლის ციფერბლატში გაიჭედა ჩაპლინის გმირი. იგი მაშინ ზეიმობს გამარჯვებას, როცა მექანიზებულ რიტმს აღარ ემორჩილება, როცა სიმღერას იწყებს, როცა საკუთარ თავს უბრუნდება. ჩაპლინი წინასწარმეტყველებს ისტორიას: ინდუსტრიული ეპოქა, მართლაც, თვითმკვლელობით დასრულდება, თუკი ადამიანები ბრმად მიენდობიან მანქანებს, კომპიუტერებს, მობილურ ტელეფონებს, თუკი უარს იტყვიან შემოქმედებაზე და სქემებითა და ფორმულებით იცხოვრებენ.

[მუსიკა. ლილ ლოვეტი]

1975 წელს მოხუცი ჩაპლინი ინგლისის დედოფალმა მიიღო. დიდი ხელოვანი ინვალიდის სავარძელს იყო მიჯაჭვული. დედოფალმა ელისაბედმა მუსიკოსებს სთხოვა შეესრულებინათ მისი საყვარელი მელოდია ფილმიდან “ახალი დროება” – “სმაილ” (“გაიღიმე”) ... “მართალია, გული აგიცრუვდა ცხოვრებაზე, მაინც გაიღიმე.”

პირველად ეს სიმღერა, რომლისთვისაც ტექსტი “ახალი დროების” პრემიერის შემდეგ დაწერეს ჯონ ტერნერმა და ჯეფრი პარსონსმა, 1942 წელს ნათ კინგ კოლმა შეასრულა – ცოტათი მოაკლო სევდა, რომელიც წამყვანია ჩაპლინის მუსიკაში, რათა, როგორც მოგვიანებით აღიარა, მეორე მსოფლიო ომის ეპოქაში მსმენელისთვის ეთქვა, რომ “ნამდვილი მამაკაცები არ ტირიან”... მრავალი წლის შემდეგ ჩაპლინის მუსიკის ორიგინალთან მიახლოება ნათ კინგ კოლის ქალიშვილმა, ნატალი კოლმა, გადაწყვიტა. თუმცა სიმღერას, რომელიც ნატალი კოლმა პირველად 1996 წელს შეასრულა, წარმატება არ ჰქონია. კრიტიკოსები ამტკიცებდნენ, რომ “სმაილის” შემსრულებელმა ქალბატონებმა (ისინი ფრანგ მომღერალ დალიდასაც გულისხმობდნენ) ეს სიმღერა მიტოვებული ქალის “გოდებად” აქციეს.

[მუსიკა. ნატალი კოლი]

არადა, ჩაპლინის მუსიკა გაცილებით უფრო ღრმაა, ვიდრე სანტიმენტალური მონოლოგი. თავად ჩაპლინი ამბობდა, რომ ამ მუსიკით იგი “ძველ დროს” ემშვიდობებოდა... რომ “სმაილ” უფრო მეტად ისტორიის დატირება იყო. როგორც ჩანს, ჩაპლინის ეს სიტყვები გაახსენდა სწორედ 1995 წელს მაიკლ ჯექსონს, რომელმაც “სმაილ” თავის ყველაზე სახელგანთქმულ ალბომში, “ჰისტორიში”, ჩართო. ჯექსონმა ეს სიმღერა დროში მოგზაურობად აქცია, ვიოლინოსა და როიალის ჟღერადობა მაქსიმალურად მიუახლოვა ჩაპლინის ფილმების ატმოსფეროს. მაიკლ ჯექსონი ისე მღერის, თითქოს ზღაპარს გვიამბობდეს. ბოლოს კი, ღრმად ამოიოხრებს, ბავშვივით, რომელსაც ზღაპრის დასასრული გულს ატკენს ხოლმე.

[მუსიკა. მაიკლ ჯექსონი]

მას შემდეგ ჩაპლინის “სმაილის” ინტერპრეტაციას არაერთმა მუსიკოსმა მიმართა. ამბობენ, რომ ჯულია რობერტს სწორედ “სმაილის” მოსმენისას შეუყვარდა ქანთრი-მომღერალი და მსახიობი ლაილ ლოვეტი. მაგრამ მუსიკისა და კინოს კრიტიკოსების უმრავლესობა ფიქრობს, რომ სწორედ მაიკლ ჯექსონმა გაიაზრა ყველაზე უკეთ “ახალი დროების” მუსიკა.... შესაძლებელია, იმიტომ რომ ჩაპლინისა და ჯექსონის ბიოგრაფია რაღაცით ჰგავს ერთმანეთს; შესაძლებელია, იმიტომ რომ ორივეს, – კინოს მეფეს და პოპ-მუსიკის მეფეს, - “ახალი დროების” გმირისა არ იყოს, არავინ მისცა მარტო დარჩენისა და საკუთარი ცხოვრებით ცხოვრების საშუალება. “ახალი დროების” გმირს მანქანა უწევდა წინააღმდეგობას, ჩაპლინსა და ჯექსონს – საზოგადოება.
XS
SM
MD
LG