Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენად შემცირდა კორუფციის დონე საქართველოში


საერთაშორისო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა” (Transparency International) ყოველწლიურად აქვეყნებს გამოკვლევას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კორუფციის

დონის შესახებ. წლევანდელი მოხსენების მიხედვით, საქართველოში კორუფციის კლება შეინიშნება. ყველაზე კარგი მდგომარეობა კი ფინეთში, დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, აშშ-სა და კანადაშია. კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, რამდენად გაუმჯობესდა საქართველოს მაჩვენებელი და რა მდგომარეობაა სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში?

საქართველოში ერთგვარ ტრადიციად დამკვიდრდა სხვადასხვა ტელეარხების პირდაპირ ეთერში თუ ფარული ვიდეოჩანაწერებით მხილება საჯარო მოხელეების თუ კერძო მეწარმეებისა კორუფციულ დანაშაულებებში. უკანასკნელი ასეთი შემთხვევა მოხდა 8 ნოემბერს, როდესაც სამართალდამცავმა ორგანოებმა, კორუფციული გარიგების ბრალდებით, გაზის საერთაშორისო კორპორაციისა და ბანკ “რესპუბლიკის” თანამშრომლები დააკავეს. მანამდე კი იყო გაცილებით რეზონანსული ფაქტი დეპუტატ გია ნუცუბიძის დაკავებისა ქრთამის გადაცემის დროს.

[თამუნა ქაროსანიძის ხმა] ”ზოგადი შეფასებით, ჯერ კიდევ რთული მდგომარეობა არის. აღქმა კორუფციისა ჯერ კიდევ მწვავეა ქვეყანაში, მაგრამ, თუ ტენდენციას შევხედავთ, შესამჩნევია გაუმჯობესება.”

თამუნა ქაროსანიძე ერთ-ერთი ხელმძღვანელია ორგანიზაციისა ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო”. ამ ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველომ წინა წლის მაჩვენებელი 0.5 ქულით გააუმჯობესა და 2.8 ქულა დაიმსახურა. აქვე დავძენ, რომ შეფასება 10 ბალიანი სისტემით ხორციელდება.

[მოქალაქეთა ხმა] ”მე მგონი, არაფერი შეცვლილა, ახლა უფრო დაფარულად ხდება ყველაფერი.
... მე მგონი, შემცირდა, იმიტომ რომ შიშის ფაქტორი მოქმედებს.
... შეიცვალა. მე მჯერა, რომ სიკეთისკენ შეიცვალა.”

რიგით მოქალაქეთა ასეთ განწყობას ყოფილი ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი, ექსპერტი კახა უგულავაც იზიარებს:

[კახა უგულავას ხმა] ”მე მახსოვს ძველი კვლევები, ხალხი როგორ ფიქრობდა. პოლიცია, საგადასახადო და საბაჟო პირველ ადგილზე იყო. ახლა შედარებაც არ არის იმასთან, რაც იყო. რასაც ჰქვია დაბალი ფენის კორუფცია, ეს ძალიან შემცირებულია. თუმცა რჩება პრობლემები მაღალი დონის კორუფციასთან, რაც ხშირად შესყიდვებსა და დიდ სახელმწიფო დაკვეთებში ვლინდება.”(სტილი დაცულია)

კახა უგულავას აზრით, სახელმწიფო მმართველობის ზედა ეშელონებში სახელმწიფო შესყიდვების სფეროში არსებული კორუფციის შემცირება ყველაზე ეფექტურად კორუფციასთან სამართალდამცავი ორგანოების ბრძოლით მიიღწევა, ხოლო საქართველოს სამართალდამცავ სისტემას რომ საბრძოლველი ბევრი აქვს, ამაზე კორუფციის ინდექსის 2,8 ქულიდან 10 ქულამდე არსებული სხვაობაც მეტყველებს.

ახლა, რაც შეეხება საქართველოს კორუფციული მაჩვენებლის შედარებას პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნების ინდექსთან. თამუნა ქაროსანიძეს მოვუსმინოთ:

[თამუნა ქაროსანიძის ხმა] ”პოსტსაბჭოთა ქვეყნები ძალიან ჭრელია, განსაკუთრებით ბალტიისპირეთის ქვეყნები. იქ მდგომარეობა გაცილებით უკეთ არის, ამ ბოლო წლებში კიდევ უფრო გაუმჯობესდა. რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, აზერბაიჯანთან შედარებით, უკეთესი მდგომარეობაა საქართველოში, თუმცა სომხეთი უფრო მაღლა დგას. რუსეთში კი მდგომარეობის გაუარესება შეიმჩნევა.”(სტილი დაცულია)

საერთაშორისო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობის” მიერ შედგენილი ინდექსის მიხედვით, კორუფციის აღქმის მაჩვენებლებით საქართველო და უკრაინა ერთ დონეზე დგანან.
XS
SM
MD
LG