Accessibility links

logo-print

რას მოუტანს ქვეყანას სარეზერვო სამხედრო სამსახურის სავალდებულოდ გადაქცევა


2 თვის წინ ”ტოტალური თავდაცვის”

სახელმწიფოს უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად გამოცხადების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლება სიტყვიდან საქმეზე გადადის და აპირებს სავალდებულო გახადოს სამხედრო სარეზერვო შეკრება. კანონპროექტი, რომლის ინიციატორი საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტია, პირველ საკომიტეტო მოსმენას 28 ნოემბერს გაივლის. მანამდე კი პრესაში უკვე გამოჩნდა პუბლიკაციები, რომელთა ავტორებიც - ექსპერტები და პოლიტიკოსები - სარეზერვო შეკრების სავალდებულოდ ქცევას პოლიტიკურად გაუმართლებელ და მცდარ ნაბიჯს უწოდებენ. თუმცა საკუთარი არგუმენტები აქვთ კანონპროექტის მომხრეებს, რომლებიც ამ გზით ცდილობენ, ქვეყნის თავდაცვა არა მხოლოდ საპატიო, არამედ სასიამოვნო მოვალეობადაც აქციონ.


აგვისტოს ბოლოს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც ერთკვირიანი სარეზერვო შეკრება ოსიაურის საველე ბანაკში გაიარა, განაცხადა, რომ ქვეყანას, მის წინაშე მდგარი ” რისკებისა და საფრთხეების გათვალისწინებით”, 100 ათასი მომზადებული რეზერვისტი სჭირდება. მიხეილ სააკაშვილმა იქვე განსაზღვრა რეზერვის ფუნქცია და ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელობას წლის ბოლომდე რეზერვისტთა რაოდენობის გაორმაგება დაავალა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”რა თქმა უნდა, რეზერვი არის მრავალმხრივი დანიშნულების. მე ისიც მინდა გითხრათ, რომ წლის ბოლომდე ჩვენ, ალბათ, შევძლებთ 20 ათასი რეზერვისტის მომზადებას ამ მრავალი დანიშნულების შესასრულებლად. და ღმერთმა არ დაგვაჭირვოს, რომ ეს იყოს შეიარაღებული კონფრონტაცია. სხვა საკითხებიც არის. ზაფხულში ჩვენ რეზერვისტებთან ერთად დიდი ხანძარი ჩავაქრეთ საქართველოში და გადავარჩინეთ ბორჯომ-ხარაგაულის პარკი. თქვენ არ იცით, მაგრამ აქ არის მუხის ტყეები. სანამ თქვენ მოხვიდოდით და სანამ ეს ბანაკი შეიქმნებოდა, ეს მუხის ტყე დაუნდობლად იჩეხებოდა. როგორც კი აქ რეზერვისტთა ბანაკი გაჩნდა, არც ერთი ხე არ მოჭრილა.”


რეზერვისტთა რიცხვის გაორმაგების თაობაზე პრეზიდენტის სიტყვის საქმედ ქცევა კი არც ისე იოლი აღმოჩნდა. საქმე ისაა, რომ 2004 წლიდან ამოქმედებული სარეზერვო შეკრება, რომლის ცენტრებიც ოსიაურსა და საჩხერეშია განლაგებული, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა დონის წარმომადგენლებისთვის ნახევრად სავალდებულო იყო. მოხელეთა რაოდენობა კი, ქალებიც რომ მივათვალოთ, საქართველოში სულ 20 ათასი არ იქნება. ამიტომ საქართველოს პარლამენტმა ფორსირებულად დაიწყო პრეზიდენტის იდეის ხორცშესხმისათვის აუცილებელი საკანონმდებლო ფონის შექმნა. სექტემბრის დასაწყისში ქვეყნის უსაფრთხოების კონცეფციაში შევიდა შესწორება, რომლითაც ”ტოტალური თავდაცვა” სახელმწიფოს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად გამოცხადდა. წერტილი კი რეზერვისტთა მრავალათასიანი კონტინგენტის მომზადების ისტორიაში უნდა დასვას კანონპროექტმა, რომელიც პარლამენტში უკვე შევიდა განსახილველად. საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს ოპოზიციური ფრაქცია ”დემოკრატიული ფრონტის” წევრის, კახა კუკავას, განცხადებით, ოპოზიცია კანონპროექტს, რომელიც, ისრაელის მსგავსად, მოქალაქეთა სარეზერვო სამხედრო შეკრებას სავალდებულოდ ხდის, მხარს არ დაუჭერს:

[კახა კუკავას ხმა] ”ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ, ისრაელისაგან განსხვავებით, ჩვენთან სახელმწიფო ინსტიტუტები ფუნქციონირებენ მხოლოდ თბილისში, ისიც მხოლოდ რამდენიმე ცენტრალური სამინისტრო. აბსოლუტურად ყველა სხვა სახელმწიფო უწყება საქართველოში არის ბუტაფორია. და ასეთ პირობებში ჩვენ სარეზერვო სამსახურის ასეთ ფორმაზე გადასვლას, როდესაც ყოველი რაიონის გამგეობა შეესაბამება რაღაც ადეკვატურ სამხედრო ერთეულს, - ასეულს თუ ათასეულს, - ეს არის ფიქცია, აბსოლუტურად არაბრძოლისუნარიანი. განსაკუთრებით იმ პირობებში, რა პირობებშიც, დავუშვათ, ბობოხიძე სარდლობდა ამას და გადაქცეული იყო ”ცხვარი დაკალი და ღვინო დააყოლეს” ტიპის სამუშაოებად.”[სტილი დაცულია]


სამხედრო ექსპერტი შალვა თადუმაძე მიიჩნევს, რომ რეზერვის მომზადების სავალდებულოდ ქცევის იდეა არ არის ხელისუფლების ნაკლი, თუკი ყველა დეტალი გათვლილი იქნება:

[შალვა თადუმაძე] ”ნაკლოვანება უთუოდ იქნება იმ შემთხვევაში, თუ, ვთქვათ, არ ეცოდინებათ, ეს ხალხი სად მიჰყავთ, რა სპეციალობით უნდა მოამზადონ, რა ამოცანა უნდა შეასრულონ, წვრთნების რა პროგრამა უნდა გაიარონ. რეზერვის მომზადება მარტო ერთი თვე კარავში ყოფნა და დილით სირბილი არ არის. იქ შესაბამისი სპეციალიზაცია უნდა მოხდეს, რომ სახელმწიფომ იცოდეს, ვინ რამდენი სპეციალობით მომზადებული ადამიანი ჰყავს, რა სიხშირით, სად იწვევს და რა სახის წვრთნას გადის.”(სტილი დაცულია)

რეზერვის მომზადების სავალდებულო წესად შემოღების ინიციატორი, როგორც ვთქვით, საქართველოს თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტია. იქ ჯერჯერობით არ საუბრობენ იმ დეტალებზე, თუ როგორ მოახერხებს ქვეყანა 50 წლამდე ასაკის სხვადასხვა თაობის რეზერვისტთა სავალდებულო გაწვევას და მათ გადამზადებას. ამასთან, კომიტეტის წევრმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა რატი სამყურაშვილმა რადიო ”თავისუფლებას” მხოლოდ ის უთხრა, რომ რეზერვის მომზადება ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია:

[რატი სამყურაშვილის ხმა] ”რა თქმა უნდა, ამ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ბრძოლისუნარიანი იყოს, როგორც შეიარაღებული ძალა, ისე ჰყავდეს დიდი რეზერვი და ბრძოლისუნარიანი ხალხი, თავისი სახელმწიფოს მოქალეების სახით. ჩვენ ეხლა ქვეყნის მილიტარიზაციას არ ვაპირებთ, მაგრამ ძირითადი მოტივი, ეს არის ქვეყნის ბრძოლისუნარიანობის ამაღლება. ძალიან ზოგადად, ამას ისახავს მიზნად.” (სტილი დაცულია)

როგორც რატი სამყურაშვილმა რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, კანონპროექტს წინ საკომიტეტო მოსმენა ელის, რომლის დროსაც ყველა საყურადღებო შენიშვნა და მოსაზრება იქნება გათვალისწინებული. პირველი საკომიტეტო მოსმენა 28 ნოემბერს იგეგმება, თუ ქვეყნის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელობაში მომხდარმა მოულოდნელმა ცვლილებებმა საკანონმდებლო ხელისუფლების გეგმებშიც არ შეიტანა ცვლილება.




XS
SM
MD
LG