Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყველაზე “სისხლიანი მატჩი” ოლიმპიადების ისტორიაში


მაშინ, როცა ეს ამბავი მოხდა, ტერორს სხვა სახელი ერქვა.

1956 წელი იდგა, ცივი ომი უკვე გახურებული იყო. საბჭოთა ტანკებმა ჩაახშო სახალხო ამბოხება უნგრეთში, რომელიც სოციალისტურ ბანაკში ომის შემდეგ მოხვდა და რომელსაც არ სურდა შეგუებოდა ბედს. დაპირისპირებამ უნგრეთისა და საბჭოთა კავშირის წყალბურთელთა ნაკრებ გუნდებს შორის მელბურნის ოლიმპიურ თამაშებზე, ნახევარფინალურ მატჩში, თავისებურ კულმინაციას მიაღწია. მელბურნის მატჩი 6 დეკემბერს ფიზიკურ და პოლიტიკურ ჭიდილში გადაიზარდა. უნგრეთის ამბოხი, გერმანიის აღმოსავლეთში ასევე ანტიკომუნისტური გამოსვლების შემდეგ, მეორე მცდელობა იყო ამგვარი აჯანყებით თავი დაეღწიათ მოსკოვის ჩაგვრისაგან. პოლიტიკური თვალსაზრისით, კრემლი ვერ დაამარცხეს, მაგრამ დრამა საცურაო აუზში სხვაგვარად დასრულდა. მატჩი უდიდესი მნიშვნელობის იყო განსაკუთრებით უნგრელებისთვის, რომელთაც რამდენიმე კვირა სრულ იზოლაციაში გაატარეს ჩეხოსლოვაკიის ტერიტორიაზე და მხოლოდ ავსტრალიაში ჩასვლის შემდეგ შეიტყვეს, რომ სამი კვირით ადრე საბჭოთა ინტერვენციას ათასობით უნგრელის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მატჩზე გამოსული უნგრეთის ნაკრები არჩევანის წინაშე იდგა: ეთამაშათ ნორმალური მატჩი თუ ებრძოლათ, რათა მსოფლიოსთვის ეჩვენებინათ უნგრელების სწრაფვა თავისუფლებისკენ. მათ ბრძოლა არჩიეს. მატჩი, რომელშიც სისხლი და ემოციები სჭარბობდა სპორტს და რომელიც ისტორიაში ყველა დროის ყველაზე სისხლიან მატჩად შევიდა, ცივი ომის სიმბოლოდ იქცა. სხვათა შორის, საბჭოთა გუნდის კაპიტანი იყო ლეგენდარული ქართველი წყალბურთელი პეტრე მშვენიერაძე.

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ფედერაციის თავმჯდომარე ელგუჯა ბერიშვილი გვიამბობს:

(ბერიშვილის ხმა)

ეს დასისხლიანებული სპორტსმენი ერვინ ზადორი იყო. ამ ფოტოებმა, რომლებზეც ელგუჯა ბერიშვილი ლაპარაკობს, მთელი მსოფლიო მოიარა. მაშინ ეს ფოტოები მეტაფორად იქცა. “რუსებმა მხოლოდ ძალის გამოყენება იციან”- თითქოს ამბობდნენ ეს ფოტოები. ახლა ზადორს, რომელიც ამ მატჩის შემდეგ ამერიკაში გადასახლდა და დღემდე იქ არის, ეცინება. ის ამბობს, ვითარებით ვისარგებლეთ, ჩვენ მათ ვლანძღავდით და ვცდილობდით მწყობრიდან გამოგვეყვანაო. უნგრელებმა მოახერხეს ეს, რუსების მწყობრიდან გამოყვანა. მათ მატჩი 4:0 მიჰყავდათ, როცა, როგორც ზადორი ჰყვება, რუსებმა უხეშობა დაიწყეს. ზადორს ვალენტინ პროკოპოვის მეურვეობა დაევალა. პროკოპოვი, მისალმების ნიშნად, წიხლით დახვდა. ზადორი იხსენებს, გავუღიმე და დედამისი უდიერად მოვიხსენიეო. ეს საბჭოთა სპორტსმენმა არ აპატია - ამოიზიდა თურმე წყლიდან და პირდაპირ სახეში მუშტი ხეთქა. წყალი წითლად შეიღება. “კრისტალ პალასი”, სადაც მატჩი იმართებოდა, ერთხმად აღრიალდა. დარბაზში ემოციებმა ისეთ დონეს მიაღწია, რომ არეულობის თავიდან ასაცილებლად პოლიციას გამოუძახეს. ზადორი წყლიდან ამოიყვანეს, თამაში შეწყდა. რადგან უნგრელებს ანგარიში მიჰყავდათ, მოგება ჩაეთვალათ. ზადორს ახსოვს, როგორ დაეხვივნენ მას რეპორტიორები და პოლიტიკურ შეკითხვებს უსვამდნენ, მას კი, როგორც ამბობს, მხოლოდ ის აინტერესებდა, შეძლებდა თუ არა ფინალში თამაშს. ფინალი არავის ახსოვდა, მთავარი გამარჯვება იყო, საბჭოთა კავშირზე გამარჯვება.
წელს, როცა უნგრეთი ამ მოვლენების წლისთავს აღნიშნავდა, პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ წარმოთქვა ეს სიტყვები: “ბუდაპეშტის ქუჩებში 1956 წელს დავმარცხდით, მაგრამ მელბურნში გავიმარჯვეთ.”
გაზაფხულზე გამოვიდა დოკუმენტური ფილმი, სახელწოდებით
"თავისუფლების რისხვა" , რომლის რეჟისორია კოლინ გრეი, ხოლო პროდიუსერები - ლუსი ლიუ და კვენტინ ტარანტინო, რომელთაც კინომაყურებელი უკეთ იცნობს კინოფილმით "მოკალი ბილი".
50 წელი გავიდა მას მერე და ამ ფილმის ავტორებმა იმისთვის იზრუნეს, რომ მაშინდელი მონაწილეები კვლავ შეხვედროდნენ ერთმანეთს.

(გრეის ხმა)
"ორივე გუნდი, ამავე დროს, გარემოებათა მსხვერპლიცაა. სინამდვილეში ორივე ქვეყანა ერთი და იმავე იდეოლოგიის ტყვეობაში იმყოფებოდა. და ამ ადამიანებმა ბოლოს შეძლეს საერთო ენის გამონახვა როგორც ადამიანებმა და როგორც კოლეგა სპორტსმენებმა. ეს იყო ის, რის ჩვენებაც გვინდოდა - ერთგვარი ჰუმანური მხარე იდეოლოგიური ჩაგვრის წინააღმდეგ, რომელსაც ყველა განიცდიდა აღმოსავლეთ ბლოკში."
ფილმში ნაჩვენებია, როგორ ხვდებიან ერთმანეთს ყოფილი მოწინააღმდეგეები, რომელთაც მრავალი წლის შემდეგ მიტევების უნარი აღმოაჩნდათ.
გრეის თქმით, ყოფილ სპორტსმენთა შეხვედრა ფილმის ერთ-ერთი ყველაზე ემოციური მომენტია. მათ გაცნობიერებული ჰქონდათ, რომ ეს მეორე შეხვედრა, ამავე დროს, ალბათ, უკანასკნელიც იქნებოდა მათ ცხოვრებაში.
ფილმის ოპერატორი მეგან რენი ამბობს, რომ 50 წლის შემდეგ ხელის ჩამორთმევამ მათი ცხოვრება შეცვალა.

(რენის ხმა)
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG