Accessibility links

logo-print

რატომ გახშირდა მკვლელობა? კრიმინალური სამყარო ვერ შესუსტდა, -


დავით პაიჭაძე, თბილისი რატომ გახშირდა მკვლელობა? კრიმინალური სამყარო ვერ შესუსტდა, - თან კითხვას სვამდა და თან კონსტატირებას ახდენდა გასულ კვირაში გაზეთი ”ახალი ვერსია”.

კითხვის პასუხად გაზეთს ორი თვალსაზრისი მოჰყავს: ძალოვანი სამსახურების წარმომადგენელთა აზრით, ქვეყანაში დანაშაული კი არ იზრდება, არამედ მცირდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი შოთა ხიზანიშვილი დანაშაულის მატების ტენდენციას აღრიცხვიანობის სისტემის მოწესრიგებით ხსნის. წინა ხელისუფლების დროს დანაშაულის ზუსტი აღრიცხვა არ ხდებოდა, ახლა კი ეს პრობლემა არ არსებობს. ხოლო ექსპერტები პრობლემის სათავეს ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში ხედავენ. როცა გაჭირვებულ ადამიანს ნულოვან ტოლერანტობას უტოვებ, იმის მიუხედავად, ძროხას მოიპარავს თუ ადამიანს მოკლავს, ყოველგვარი შეღავათის გარეშე ციხეში უშვებ, ის უფრო უტიფრად და თავხედურად მოიქცევა. კრიმინალური გარჩევები, “ობშჩიაკის” მოკრება და სხვა, ე.წ., ქურდული ტრადიციები კვლავ ძალაშია,” - ეწერა ”ახალ ვერსიაში”.

რუსეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეების პრობლემებს ეხება გაზეთ “ახალი თაობის” პუბლიკაცია. საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგში შესატან სარჩელს ამზადებს. მასზე მუშაობა იუსტიციის სამინისტრომ, კარგა ხანია, დაიწყო. ამ სარჩელის მოგების შემთხვევაში, მოსალოდნელია, რუსეთს პოლიტიკური და ფინანსური სანქცია დაეკისროს. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს კოტე გაბაშვილს მიაჩნია, რომ ბევრად ეფექტური იქნება მოქალაქეების ჩივილი სახელმწიფოს წინააღმდეგ, - იუწყებოდა “ახალი თაობა”.

“რეზონანსი” კი წერდა, რომ სურსათის უვნებლობას ერთიანი ეროვნული სამსახური გააკონტროლებს. სახელმწიფო კონტროლი ძლიერდება, მაგრამ მეწარმე სერტიფიკატს ნებაყოფლობით აიღებს. სურსათის ხარისხის სფეროში ცალ-ცალკე არსებული კონტროლის ყველა მექანიზმი, დიდი ხანია, გაუქმდა. ამ ეტაპზე სავაჭრო ქსელში ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო პროდუქტის არსებობას 2006 წლის იანვარში მიღებული კანონი არეგულირებს. სურსათის ხარისხის კონტროლს ამ კანონის საფუძველზე შექმნილი ერთიანი მაკონტროლებელი ორგანო ახორციელებს. პარლამენტის აგრარული კომიტეტის წევრი ზურაბ ცქიტიშვილი განმარტავს, რომ სახელმწიფო აძლიერებს კონტროლს, მაგრამ არ აიძულებს მეწარმეს, აუცილებლად ჰქონდეს სერტიფიკატი.

გაზეთ “ახალ 7 დღეში” წაიკითხავდით წერილს სოციალური თერაპიის სახლის შესახებ. ეს არის დღის ცენტრი 18 წელს გადაცილებული შეზღუდული უნარის მქონე ადამიანებისათვის. სოციალური თერაპიის სახლის ხელმძღვანელი ლია ასანიშვილი აღნიშნავს, რომ განსხვავება ჩვენსა და ამ ადამიანებს შორის მხოლოდ ისაა, რომ ისინი განსაკუთრებულ ზრუნვას საჭიროებენ. მათ არ შეუძლიათ, იყვნენ საკუთარ თავზე დამოკიდებული, ფაქიზი ფსიქიკა აქვთ და დაცვა სჭირდებათ. დაწესებულებას რამდენიმე სახელოსნო აქვს - სანთლების ჩამოსასხმელი, თექის დასამზადებელი, სტამბა-საამკინძველო... აქვთ სადურგლო. სოციალურ თერაპიაში, შრომითი საქმიანობის გარდა, შედის თერაპიული ხატვა და პლასტიცირება. სახლის მკვიდრნი თიხისაგან ძერწავენ ფიგურებს. ამავე პუბლიკაციიდან შეიტყობთ, როგორ არ ჰყოფნით ფული სოციალური თერაპიის სახლში სრულფასოვანი საქმიანობისათვის.

შაბათის, 9 დეკემბრის, პრესასაც გადავხედოთ: “როცა დუმილი თანხმობას არ ნიშნავს” - ასე ასათაურებს “24 საათი” სტატიას საპარლამენტო უმრავლესობის პარასკევის გადაწყვეტილებაზე, როცა საკანონმდებლო ორგანოში წარმოდგენილმა ხელისუფლებამ მხარი არ დაუჭირა ოპოზიციის მიერ შემოთავაზებული დადგენილების პროექტს დსთ-ში საქართველოს ყოფნის მიზანშეუწონლობის შესახებ. უმრავლესობა მიხვდა, რომ პოლიტიკურ ოპონენტებთან ამ საკითხზე დებატები მისთვის წამგებიანი იქნებოდა. ამიტომ უმრავლესობის ლიდერები შეეცადნენ, დადგენილების პროექტის ირგვლივ დისკუსია აღეკვეთათ, საკითხი კენჭისყრამდე მისულიყო და ამის შემდეგ გადადებულიყო. თუმცა ეს ჩანაფიქრი მხოლოდ ნაწილობრივ განხორციელდა და ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, უმრავლესობის მდუმარების ფონზე, თავიანთი სათქმელი მაინც თქვეს, - წერს “24 საათი”.
XS
SM
MD
LG