Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიმიტრი უზნაძე – კაცი, რომედიც სიბნელეს ებრძოდა


20 დეკემბერს 120 წელი შეუსრულდებოდა

ეროვნული ფსიქოლოგიური სკოლის ფუძემდებელს დიმიტრი უზნაძეს. ქართველ ფსიქოლოგებს არაერთხელ უთქვამთ: მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოლოგია, როგორც მეცნიერება, დღითიდღე პროგრესს განიცდის, ზოგიერთი თეორია ძველდება, ზოგიერთი ფსიქოლოგიური სკოლა, უბრალოდ, ინგრევა, დიმიტრი უზნაძის მოძღვრება და, განსაკუთრებით, დიდი მეცნიერის მიერ ექსპერიმენტულად დადგენილი ეგრეთ წოდებული “განწყობის თეორია” კი კვლავაც მნიშვნელოვან მიღწევად რჩება ფსიქოლოგიის ისტორიაშიო. “უზნაძის ეფექტი” (სწორედ ასეთი სახელწოდება აქვს უზნაძის ექსპერიმენტს უცხოურ ლიტერატურაში) აქტიურად გამოიყენება ხელოვნებაშიც.

უჩვენეთ ადამიანს ორი ბურთი, რომელთაც წონა განსხვავებული აქვთ, მოცულობა, ფერი, ფაქტურა კი - ერთნაირი... “მოცულობის ილუზია” აუცილებლად იმოქმედებს შეფასებაზე. უმრავლესობა აუცილებლად იტყვის, რომ მძიმე წონის ბურთის მოცულობა მეტია მსუბუქზე... დაუფიქრებლად იტყვის, რადგან “მძიმე წონა” ამ შემთხვევაში განმსაზღვრელი ხდება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, განსხვავებული სიმძიმის საგანთა მრავალგზის შედარების შედეგად, ტოლი საგნები ილუზორულად უტოლოდ აღიქმება.

ესაა ქართული ფსიქოლოგიური სკოლის ფუძემდებლის, დიმიტრი უზნაძის, ერთ-ერთი ექსპერიმენტი, რომელიც ეგრეთ წოდებულ “განწყობის თეორიას” ქმნის. დიმიტრი უზნაძის მოღვაწეობის ეპოქას თუ გავიხსენებთ, “მძიმეწონიანი ბურთის” მაგალითი სიმბოლურადაც მოგვეჩვენება: ადამიანთა ფსიქიკა ისეა მოწყობილი, რომ “მძიმე წონამ” შეიძლება სრულიად აურ-დაურიოს მათ ტვინი – აღარც ხარისხს მიაქციონ ყურადღება, არც ფაქტურას... თუკი “მძიმეა” – ე.ი. “ძლევამოსილია”.

და მაინც, უნდა ვივარაუდოთ, რომ დიმიტრი უზნაძის მოძღვრება საბჭოთა ეპოქაში არ ჩამოყალიბებულა. უზნაძემ ფილოსოფიით დაიწყო - 1909 წელს ლაიფციგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი დაამთავრა... შემდეგ სამშობლოს დაუბრუნდა – იმ ქართველი მეცნიერების გვერდით აღმოჩნდა, რომლებმაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დააარსეს.. 1941 წელს უზნაძემ უკვე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფსიქოლოგიის სექტორი ჩამოაყალიბა, ცოტა ხანში კი - ფსიქოლოგიის ინსტიტუტი, რომლის პირველი დირექტორი გახდა. “განწყობის თეორიაზე” მუშაობას აგრძელებდა.

ფსიქოლოგი რუსუდან მირცხულავა შეგვახსენებს, რომ დიმიტრი უზნაძის თეორია თავიდან აბსოლუტურად იდეალისტური იყო და რომ “განწყობის თეორია” არაცნობიერის კვლევის ერთ-ერთი ფორმა უფროა, ვიდრე მარქსისტულ-მატერიალისტური მოძღვრება:

[რუსუდან მირცხულავას ხმა] “თავიდან მას უნდოდა ორი სუბსტანციის, მატერიალურისა და სულიერის დაკავშირება განწყობის ტერმინით... განწყობა, მისი აზრით, სულს აკავშირებს სხეულთან... თავიდან არც ჰქონდა “განწყობის” ტერმინი, სხვა ტერმინებით აზროვნებდა - მაგალითად, “ბიოსფერო”, რომელშიც გაერთიანებულია სული და სხეული.”

ბოლშევიკების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, რასაც მოგვიანებით სტალინის დიქტატურა დაემატა, “უზნაძის ეფექტი” ჩამოყალიბდა როგორც ქცევის თეორია. თუმცა ქართველი ფსიქოლოგი ისევ ამტკიცებდა - განწყობა პიროვნების განვითარებაა, არაცნობიერი მდგომარეობაა, რომელიც წინ უსწრებს და განსაზღვრავს ქცევასო... რუსუდან მირცხულავას თქმით, ფაქტობრივად, ესაა “არაცნობიერის აღიარება”, რაც ქართველ ფსიქოლოგს, წესით, ძვირად უნდა დასჯდომოდა: აბა, ვინ გაბედავდა და იტყოდა, რომ თუნდაც საბჭოთა “ბელადის” ქცევას “განწყობის თეორია” და არაცნობიერი იმპულსები განსაზღვრავდა?

[რუსუდან მირცხულავას ხმა] “უცნაურია, როგორ გადაურჩა ეს კაცი სიკვდილს. იმიტომ რომ, ჯერ ერთი, არაცნობიერის პრიორიტეტი აღიარა - აღიარა, რომ მთელი ფსიქიკური პროცესები არაცნობიერი განწყობიდან მოდის, რომ არაცნობიერი თავის თავში მოიცავს ყველა ფსიქიკურ ფუნქციას – ემოციას, შემეცნებით პროცესებს და მერე ხდება მათი დიფერენცირება... მეორეც, მისი თეორიის მიხედვით, ქცევა არაცნობიერით განისაზღვრება.”

თუკი ქცევა “არაცნობიერით განისაზღვრება”, თუკი თავისუფლება არაცნობიერის რეაბილიტაციას ნიშნავს, გამოდის, რომ დიმიტრი უზნაძე ზიგმუნდ ფროიდის მოწაფე იყო და ექსპერიმენტის ფორმით ამკვიდრებდა მოძღვრებას იქ, სადაც ფროიდის თეორიას ებრძოდნენ.

[რუსუდან მირცხულავას ხმა] “ძირითადი პოლემიკა მასა და ფროიდს შორის: ფროიდი როცა ლაპარაკობს არაცნობიერზე, მისთვის ეს არის იგივე ცნობიერი, ოღონდ მინუს ნიშნით, იგივე განცდებია, ოღონდ არ ცნობიერდება... უზნაძისთვის ეს შეცდომაა.”

არაცნობიერი, დიმიტრი უზნაძის აზრით, თვისებრივად უნდა იყოს განსხვავებული ცნობიერისგან, რადგან ცნობიერი მინუს ცნობიერი, ფაქტობრივად, ლოგიკური შეცდომაა... რუსუდან მირცხულავას თქმით, დიმიტრი უზნაძესთან განწყობა არ არის ცალკე აღებული ფსიქიკის ფუნქცია, განწყობა – მთლიანად ფსიქიკაა:

[რუსუდან მირცხულავას ხმა] “ლოგიკა ასეთია: განწყობა წინსწრაფვია... თუ ქცევა არ არის სწორი და პიროვნება, ასე ვთქვათ, “უბედურია”, ეს მან საკუთარ განწყობებს უნდა დააბრალოს.”(სტილი დაცულია)

რა გამოდის? ე.ი. ადამიანი თვითონ ქმნის თავის ისტორიას, მის ბედს კი, როგორც წესი, აკვიატებული განწყობები განსაზღვრავს... ცხადია, ეს არ არის დიმიტრი უზნაძის მეცნიერული აღმოჩენა... მაგრამ ესაა ექსპერიმენტი, ფაქტი, პირველ რიგში, იმ ხალხისთვის წარსადგენად, რომელიც ცდილობს აკვიატებული აზრები თუ დოგმები დაამკვიდროს საზოგადოებაში. რუსუდან მირცხულავას თქმით, მსოფლიო ფსიქოლოგიური ელიტა გამუდმებით იკვლევს იმ განწყობებს, რომელიც პიროვნების კულტურას ქმნის – ადამიანის მიდრეკილებებს, მზაობებს, როგორც საკუთარ თავთან, ასევე სამყაროსთან დაკავშირებულ განწყობებს... განწყობილებების კორექცია იწვევს პიროვნების კორექციას... თუკი სიტყვა “კორექცია” არ მოგვწონს, შეგვიძლია ასე ვთქვათ: იწვევს “ცვლილებებს პიროვნების ქცევის ასპექტში”... მთავარია პიროვნებამ თავად მოინდომოს ეს ცვლილებები:

[რუსუდან მირცხულავას ხმა] “ეს მის ბედნიერებას უკავშირდება. პრინციპში ფსიქოლოგიის ამოცანა ხომ ადამიანის ბედნიერებაა.”

ჩვენთან საუბარში ქართველი ფსიქოლოგი რუსუდან მირცხულავა შემთხვევით არ ახსენებს სიტყვას “კულტურა”... დიმიტრი უზნაძის თეორიამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მეოცე საუკუნის ქართული ხელოვნების განვითარებაშიც. “განწყობის ეფექტი” იქცა “არტისტულ ეფექტად”... თუკი ადამიანი თვითონ ქმნის თავის ცხოვრებას, ე.ი. ადამიანი შემოქმედია – თავისი ცხოვრების შემოქმედი:

[რუსუდან მირცხულავას ხმა] “რევაზ ნათაძემ, რომელიც უზნაძის საყვარელი მოწაფე იყო, დაწერა წიგნი “სცენიური გარდასახვის ფსიქოლოგიური პრობლემა”, სადაც სცენური გარდასახვა დაუკავშირა განწყობას. ნათაძე წერს, რომ მსახიობი როლის შესაბამისი განწყობით ყალიბდება და მისი მოქმედება სცენაზე სწორედ ამ განწყობის საფუძველზე იშლება... აღმოჩნდა, რომ ნიჭიერი მსახიობები უფრო იოლად იმუშავებენ წარმოსახვით განწყობას, ვიდრე ნაკლებად ნიჭიერები.”

ჩვენი საუბრის დასასრულს რუსუდან მირცხულავა დიმიტრი უზნაძის იმ ფერწერულ პორტრეტს შეგვახსენებს, რომლის ავტორი ლადო გუდიაშვილია. მხატვარმა თბილისის უნივერსიტეტისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი გამოსახა როგორც რაინდი, გამოსახა აბჯარში... თანაც, როდის დახატა! - 1945 წელს... იმხანად უზნაძის მოღვაწეობა, მართლაც, რაინდობის ტოლფასი იყო... ამ პორტრეტში მთავარი ის არ არის, რომ უზნაძე მარცხენა ხელით წიგნს ეყრდნობა, არც შუასაუკუნეების რაინდის კოსტიუმია მთავარი... ყველაზე მნიშვნელოვანი აქ მაინც ფონია – მუქი ფარდები, ჩაბნელებული და მოღუშული გარემო, რომელშიც გუდიაშვილმა დიდი მეცნიერი “მოათავსა”... დიმიტრი უზნაძე ხომ მთელი ცხოვრება ამ სიბნელეს ებრძოდა.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG