Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფრანკ ტაიხმანი - საქართველოს კულტურის მკვლევარი


“სომხეთი და საქართველო ევროპის

სულიერ ისტორიაში ბევრად უფრო ინტიმურად არიან ჩაქსოვილნი, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს... ეს თვითმყოფადი კულტურები ევროპის კულტურისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენ გვგონია.” - ამ სიტყვებს წერს თავის წიგნში “გრაალი აღმოსავლეთში. სომხეთის და საქართველოს სულიერი ისტორიის მოტივები” გერმანელი მკვლევარი ეგვიპტოლოგი, არქეოლოგი, ფრანკ ტაიხმანი, რომელიც გასულ კვირაში გარდაიცვალა. აქ მოყვანილი სიტყვები მიგახვედრებდათ, რომ ტაიხმანი იკვლევდა ქართულ კულტურას, მის წინაქრისტიანულ, ისევე როგორც შემდგომი ხანის, შუა საუკუნეების, სულიერ ისტორიას. ტაიხმანი, ასე ვთქვათ, საქართველოში ეძებდა გრაალს, მის კვალს, ისევე როგორც სომხეთში.

აი, კიდევ ერთი ფრაგმენტი მისი წიგნის იმ თავიდან, რომელსაც“საქართველოს გაქრისტიანება და ქართული საეკლესიო ძეგლები” ეწოდება და რომელშიც ის ბუნებასთან, ელემენტარულ არსებებთან, მცენარეებსა და ცხოველებთან ათცამეტ ასურელ მამათა მჭიდრო და განსაკუთრებულ ურთიერთობას აღწერს: “ ბუნებასთან ამ მოწიწებულ დამოკიდებულებას დაინახავთ საქართველოს ეკლესიებში”, წერს ფრანკ ტაიხმანი, “ისინი მნახველს აჯადოებენ თავიანთი მდებარეობით - ეს ან ხეობაა, მძლავრი კლდეებით გარშემორტყმული, ან მთის წვერვალები, მშვენიერი გადასახედით,ან მშვიდი ადგილი ტყეში, წყაროსთან. ეს ის ადგილებია ბუნებაში, სადაც ღვთიური შემოქმედის სათაყვანებელი სახლის აგება შეიძლებოდა. ამ წმინდა ადგილებზე დასახლდებოდნენ ხოლმე ადამიანები, რომლებიც მონასტრების დაარსებით თავიანთ შინაგან სწრაფვასა და საქმიანობას ღირსეულ ადგილსამყოფელს უმზადებდნენ,”- წერს ფრანკ ტაიხმანი, რომელსაც არაერთხელ უმოგზაურია საქართველოში, სადაც მისი კვლევით დაინტერესებული ადამიანები ცხოვრობენ. მათ მიეკუთვნება თბილისის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ფსიქოლოგი ნოდარ ბელქანია, რომელსაც ფრანკ ტაიხმანთან ერთად უვლია ამ ძეგლების მოსანახულებლად:

(ბელქანიას ხმა)
“ჩვენ ვილაპარაკეთ (ჩემი ინტერესების სფეროც იყო - მე ცნობიერების ისტორიას ვიკვლევ ფსიქოლოგიური კუთხით). ისეთი საინტერესო მიგნებები ჰქონდა პლატონთან დაკავშირებით... თავისი პოლემიკისა და მეცნიერული კორესპონდენციის რაღაც ნაწილს მიზიარებდა და ჩემთვის ეს მეტად მაინსპირირებელი იყო, უნდა ვთქვა, იმიტომ რომ სრულიად სხვა მასშტაბით, სიღრმისეულად იკვლევდა ყველანაირ კულტურას. მისთვის იყო ასეთი თეზა: დავიწყებულია, თუმცა ცნობილია, რომ ყველა ძველ კულტურას მისტერიებში ჰქონდა სათავე. და თანამედროვე მკვლევრები ეგვიპტური კულტურისა, ვისაც მიჰყავს ეგვიპტოლოგია, მის ნაშრომებს ითვალისწინებდნენ და ანგარიშს უწევდნენ.” (სტილი დაცულია)

გერმანიაში, ჰაიდელბერგში მოქმედი ფრიდრიხ ფონ ჰარდენბერგის კულტურის კვლევის ინსტიტუტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ფილოსოფიის დოქტორი კარლ მარტინ დიცი ტაიხმანთან თანამშრომლობდა და მეგობრობდა. მან გვიამბო ტაიხმანის ბიოგრაფიის უმთავრეს მომენტებზე. თავიდან, როცა მიუნხენის ვალდორფის სკოლაში დადიოდა, მუსიკოსობა სურდა, უკრავდა კიდეც შესანიშნავად ვიოლონჩელზე. მაგრამ ფრანკ ტაიხმანმა ფიზიკა შეისწავლა და ბოლოს ინჟინრის დიპლომი მიიღო თვითმფრინავმშენებლობაში. შემდეგ ტიუბინგენის უნივერსიტეტში ეგვიპტოლოგიასა და კლასიკურ არქეოლოგიას დაეუფლა. მაგრამ კვლავ ფიზიკამ იხმო და გეტინგენის უნივერსიტეტში დაიწყო კვლევა, საიდანაც შტუტგარტში გადავიდა და იქ უკვე სულიერი მეცნიერების სფეროში პედაგოგიურ საქმიანობას მიუძღვნა თავი. ტაიხმანი პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა ლექციების სახითაც, რომელთაც კითხულობდა მთელ გერმანიაში. კარლ მარტინ დიცი გვიამბობს:

(დიცის ხმა)
“მისი ცხოვრების მახასიათებელი იყო ის, რომ ინტენსიურ პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა. ერთხელ მითხრა, რომ არ ვასწავლიდე, ვერაფერს აღმოვაჩენდიო. ასე რომ, ადამიანებთან ურთიერთობაში აკეთებდა თავის არაჩვეულებრივად მნიშვნელოვან აღმოჩენებს.”

ფრანკ ტაიხმანმა არაერთი აღმოჩენა გააკეთა. მისი პირველი წიგნის სათაური იყო “ადამიანი და მისი ტაძარი: ეგვიპტე”. ამას მოჰყვა გამოკვლევა საბერძნეთის კულტურაზე, არაერთი ნაშრომი სულიერების ისტორიაში, “შარტრის შესახებ”, ასევე “მეგალითის კულტურა ირლანდიაში, ინგლისსა და ბრეტანში” და ბევრი სხვა. მისი წიგნები არ არის სპეციალური, მხოლოდ მეცნიერთა ვიწრო წრისთვის განკუთვნილი ლიტერატურა. კარლ-მარტინ დიცი მისი ერთ-ერთი აღმოჩენის შესახებ გვიამბობს:

(დიცის ხმა)
“ მან დაამუშავა ადამიანის აზროვნების ფენომენი, აზროვნებისა, რომელმაც გამოიღვიძა ძველ საბერძნეთში, სადაც თითოეულ ადამიანს შეეძლო ესწავლა აზროვნება. ეს არის ევროპული აზროვნების დასაწყისი. ტაიხმანმა დაამუშავა ამ აზროვნების შესაძლებლობა, მისი შინაგანი თვისებები.”
ზემოთ გითხარით ფრანკ ტაიხმანის საქართველოს მიმართ ინტერესის, იქ მოგზაურობისა და სტუმრობის შესახებ. ის 1988 წელსაც ესტუმრა თბილისს, საერთაშორისო, “იდრიარტის” სახელით ცნობილი, ასე ვთქვათ, “მოგზაური ფესტივალის” ჩარჩოებში. მაშინ ტაიხმანის თემა კვლავ გრაალი იყო, გრაალი და საქართველო, დავით მეფე აღმაშენებელი. მისი ლექციების თარგმნა იკისრა გერმანისტმა, ამჟამად პროფესორმა, ფრანკფურტის ვიადრინას უნივერსიტეტის სოციო-ლინგვისტიკის კათედრის მეცნიერმა თანამშრომელმა ალექსანდრე კარტოზიამ. ის ტაიხმანის ამ ლექციას და პირველ შეხვედრას იხსენებს:

(კარტოზიას ხმა)
“ძალიან ბევრი ენერგია იყო ამ ადამიანში და იმაში, რასაც ამბობდა, და ძალიან დიდი ინტერესით უსმენდა ხალხი. აუდიტორია დიდი იყო. ეხებოდა ეს მოხსენება ქართულ კულტურას, ქართული კულტურის ძირებს... და ასე ერქვა, სხვათა შორის, იმ წიგნს, რომელიც 1986 წელს გამოვიდა და რომელიც მე საჩუქრად მივიღე მისი მოხსენების თარგმნის შემდეგ - “გრაალი აღმოსავლეთში”. მოხსენების თემა იყო ის, რომ დავით აღმაშენებელი მსოფლიოს ცენტრს წარმოადგენდა, იმიტომ რომ თავის თავში აერთიანებდა ყველა კულტურას, რომელიც არსებობდა, შენახული სახით, მსოფლიოში. ესე იგი, ის იყო განსახიერება, ერთდროულად, სამხრეთული კულტურისა - ეგვიპტური კულტურის, ჩრდილოური კულტურისა - მეგალითური კულტურის, დასავლური კულტურისა -ბერძნული კულტურის, და აღმოსავლური კულიტურისა, “ოქროს საწმისის” კულტურისა, ასე ვთქვათ.”(სტილი დაცულია)

ასე იხსენებს გერმანისტი ალექსანდრე კარტოზია ფრანკ ტაიხმანის მიერ თბილისში წაკითხული ლექციის თემას. ტაიხმანი საქართველოს მეგობარი იყო. ის ბოლო წლებში ავადმყოფობის გამო მოგზაურობას ვეღარ ახერხებდა, მაგრამ, როგორც მისი მეგობრები იხსენებენ, მუდამ დაინტერესებული იყო საქართველოს ამბებით. მას საქართველოს თვითმყოფადობა აინტერესებდა, - ამბობს ფსიქოლოგი ნოდარ ბელქანია:

(ბელქანიას ხმა)
“ეს არ იყო ისეთი უცხოელი, ისეთი დასავლელი, რომელიც საქართველოში ხედავს მხოლოდ “ბაზარს” ან ისეთ აუდიტორიას, სადაც რაღაცას გაავრცელებ და ამით ამბიციას დაიკმაყოფილებ. არამედ მას საქართველო აინტერესებდა, როგორც დამოუკიდებელი. ის სულ აღნიშნავდა, თქვენ უნიკალური კულტურა გაქვთო, თქვენ სულიერებასა და კულტურაში ცხოვრობთ, ცურავთო. მეორე ასპექტსაც ხედავდა, რომ ჩვენ ზედმეტად “ვცურავთ” და საოცარი ალღო და უნარი ჰქონდა ამ ასპექტების დანახვისა...”(სტილი დაცულია)

დაბოლოს, კიდევ ერთხელ მოუსმინეთ ფილოსოფიის დოქტორს, კულტურის მკვლევარს კარლ მარტინ დიცს, რომელიც გვამცნობს, რომ სიკვდილის წინ ფრანკ ტაიხმანმა მოასწრო ადამიანის ცნობიერების განვითარებაში მოქმედი ძალების დიდი ხნის კვლევის შედეგი წიგნის სახით დაეტოვებინა:

(დიცის ხმა)
“როგორც მისმა მეუღლემ მიამბო, მან შეძლო სიკვდილის წინ თითქმის დაესრულებინა წიგნი - “დასავლეთის მისტერიები”. მას ძალიან ეწადა შეესწავლა ადამიანის შინაგანი განვითარების სახეობები, რომლებიც ცნობილია ძველ კურტურებში და დღესაც არსებობს - დოკუმენტურად დადასტურებულია, მაგალითად, ეგვიპტესა და საბერნეთში, თუმცა საუნივერსიტეტო კვლევაში მათ ივიწყებენ ხოლმე. ტაიხმანმა ბევრ ახალ დეტალს მიაგნო და მოასწრო მოულოდნელად გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე გამომცემლობაში ჩაებარებინა სამი მთავარი თავი ამ წიგნისა.”
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG