Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მკვლელობა ზუგდიდის რაიონის სოფელ ფიჩორთან - აფხაზთა შეიარაღებული ჯგუფის თავდასხმას ქართველი პოლიციელი ემსხვერპლა


5 იანვარს, გამთენიისას, ზუგდიდის რაიონის სოფელ ფიჩორთან,







ზუგდიდისა და გალის რაიონების ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე ქართულ საგუშაგოს აფხაზთა შეიარაღებული ჯგუფი დაესხა თავს. ამ საგუშაგოზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს თანამშრომლები დგანან. აფხაზთა თავდასხმას ერთ-ერთი მათგანი, 24 წლის ფირუზ შარია, შეეწირა, კიდევ ერთი ქართველი პოლიციელი კი თავდასხმისას თავის არეში დაიჭრა. არსებობს ეჭვი, რომ თავდასხმა ქართველ პოლიციელთა საგუშაგოზე შურისძიების მიზნით მოხდა, რომ აფხაზებმა 25 დეკემბერს გალის რაიონში აფხაზთა მილიციის თანამშრომლების ოთარ ტურნანბასა და ალიკ ხიშბას მკვლელობის გამო იძიეს შური.


ქართველ პოლიციელთა საგუშაგოს აფხაზთა შეიარაღებული ჯგუფი 5 იანვარს, გამთენიისას, დაახლოებით, დილი 6 საათისთვის დაესხა თავს.

[ერთ-ერთი მოსახლის ხმა] ” დილის 6 საათზე საშინელი ხმა იყო, თითქოს სახლი ჩამოინგრა. თავზე გვემხობოდა ყველაფერი. ”

თავდასხმისას ატეხილმა სროლამ საგუშაგოს მახლობლად სახლებიც დააზიანა. თავად საგუშაგოზე თავდასხმის მომენტში შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს 5 თანამშრომელი მორიგეობდა. მათგან ორს ეძინა. სწორედ მათ საწოლთან აფეთქდა თავდამსხმელთა მიერ ნასროლი ჭურვი. დაღუპულია ერთი ქართველი პოლიციელი, 24 წლის ფირუზ შარია. თვითმხილველების თქმით, თავდასხმა იქვე ახლოს მყოფი რუსეთის სამშვიდობო ძალების საგუშაგოს მხრიდან მოხდა. სამშვიდობო ძალების წარმომადგენლები კი ვითარების გასაცნობად შემთხვევის ადგილას საკმაოდ დაგვიანებით მივიდნენ. სოფელ ფიჩორთან მომხდარ თავდასხმას თბილისში ტერორისტული აქტი უწოდეს. კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია: “5 იანვრის შემთხვევა წარმოადგენს სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლებისა და მათი მფარველების მხრიდან მორიგ, წინასწარ კარგად დაგეგმილ და პროფესიონალების მიერ განხორციელებულ, პროვოკაციას. აღნიშნული ტერორისტული აქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებული რუსეთის სამშვიდობო ძალების უმოქმედობასა და გულგრილობას.” კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა მოუწოდა გაეროს დამკვირვებელთა მისიას საქართველოში დაადგინოს თავდასხმის ინიციატორთა ვინაობა, ამასთან ერთად, შეაფასოს სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლების ქმედებები და რუსეთის სამშვიდობო ძალების დესტრუქციული როლი კონფლიქტის ზონაში.

როგორც უკვე ვთქვით, არსებობს ეჭვი, რომ ქართველ პოლიციელთა საგუშაგოზე თავდასხმით აფხაზებმა ამ ცოტა ხნის წინ გალის რაიონში აფხაზეთის ორგზის გმირის, გალის რაიონის აფხაზური მილიციის უფროსის მოადგილის ოთარ ტურნანბასა და აფხაზთა მილიციის კიდევ ერთი თანამშრომლის, ალიკ ხიშბას, მკვლელობის გამო იძიეს შური. სამეგრელოსა და ზემო სვანეთში საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის ზაზა გოროზიას კომენტარი:


[ზაზა გოროზიას ხმა] ”ეს იყო ყველაზე დიდი შეცდომა, რაც თვითმარქვია ხელისუფლებამ გააკეთა და მას გაეცემა პასუხი. ეს იყო დიდი ლაჩრული ნაბიჯი.”


5 იანვარს ქართველ პოლიციელთა საგუშაგოზე აფხაზების თვადასხმას გამოეხმაურა პაატა დავითაია, ლიდერი პოლიტიკური მოძრაობისა ”ჩვენ თვითონ”.
მისი მტკიცებით, თავდასხმის ორგანიზატორი ვინმე ვალტერ ვოუმბაა. დავითაია ირწმუნება, რომ მან გალის რაიონში ქართველების მიმართ სისასტიკით განთქმული ოთარ ტურნანბა ჩაანაცვლა.



XS
SM
MD
LG