Accessibility links

logo-print

საქართველოს პრესის მიმოხილვა


საახალწლო ერთკვირიანი შესვენების შემდეგ, ორშაბათს საგაზეთო ჯიხურების დახლებზე კვლავ გამოჩნდა რამდენიმე







ქართული გაზეთი, რომელთა პირველ გვერდზე გამოქვეყნებულია საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლე. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლი საშობაო მიმართვაში რამდენიმე ძირითად მიმართულებაზე ამახვილებს ყურადღებას. ”ტერიტორიული მთლიანობა მუდამ იყო ქვეყნის პრიორიტეტი და არ არსებობს მისი სანაცვლო სხვა ღირებულება,” წერს ილია მეორე. ეპისტოლეში დიდი ადგილი უჭირავს ნარკომანიის პრობლემას, პენიტენციური სისტემის რეფორმას, ახალგაზრდობის სწორი აღზრდისა და ტრადიციული ფასეულობების შენარჩუნების აუცილებლობას: ”ფაქტია, რომ ღირსეული პიროვნებები ჩვენთან სათანადოდ არ არიან დაფასებულნი. მათ ნაცვლად წინ წამოწეულნი არიან ისეთი ადამიანები, რომელთაც მნიშვნელოვანი არაფერი აქვთ გაკეთებული, ან ისინი, რომლებიც უგულებელყოფენ სულიერ ღირებულებებს. ახალგაზრდები უფრო იცნობენ ტელეშოუების გმირებს, ვიდრე თავისივე თაობის ნიჭიერ პოეტებს, მხატვრებს, კულტურის მოღვაწეთ, მეცნიერებს და, ზოგადად, ღირსეულ ადამიანებს. ეს, ძირითადად, მასმედიისგან მომდინარე ნაკლია და იგი უნდა გამოსწორდეს, ” აღნიშნავს საქართველოს პატრიარქი საშობაო მიმართვაში.


გაზეთ ”ახალ ვერსიაში” ყურადღებას იპყრობს ინტერვიუ პარლამენტის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან. ნიკა რურუა თავს არიდებს პასუხს შეკითხვაზე, ამოიწურება თუ არა 2007 წელს რუსეთის სამშვიდობო ძალების მოქმედების ვადა, თუმცა აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ”მალე აფხაზეთის რეგიონთან დაკავშირებით სამშვიდობო გეგმას წარმოადგენს და იგი საერთაშორისო დონეზე იქნება განხილული.” საქართველოს ხელისუფლების კიდევ ერთი ნაბიჯი საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე, რურუას თქმით, შესაძლოა, ავღანეთში მიმდინაე სტაბილურობის შენარჩუნების ოპერაციაში მონაწილეობა გახდეს: ”ასევე მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი მონაწილეობა ნატოს ოპერაციებში თავად ალიანსის დახმარების გარეშე. ზოგიერთი ქვეყანა ავღანეთში სათვალთვალო-საყარაულო ფუნქციას ითავსებს და საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობაზე უარს აცხადებს. ეს ანომალია სერიოზული დისკუსიის საგანია. ასე რომ, ჩვენი კონტინგენტი შეიძლება ავღანეთში გაიგზავნოს ნატოს ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად,” აცხადებს პარლამენტის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნიკა რურუა ”ახალ ვერსიასთან” საუბარში.


საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი კი ყოველკვირეულ ”კვირის პალიტრასთან” საუბარში ვარაუდობს, რომ საერთაშორისო სიტუაცია საქართველოსათვის აღარ იქნება ისეთი ხელსაყრელი, როგორიც 2006 წელს იყო: ”ნატოში არავის სჭირდება საქართველო რუსეთთან დაძაბული ურთიერთობით, რადგან ეს ნატოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის გამწვავებას გულისხმობს. რუსეთთან ურთიერთობის გამწვავება ჩვენს ყველა სტრატეგიულ ინტერესს ეწინააღმდეგება. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ აშშ აღარ არის ისეთი, როგორიც 2005 წლის ბოლოს იყო. ადმინისტრაციამ კონგრესის არჩევნები წააგო, ერაყში კი ამერიკელმა სამხედროებმა სრული მარცხი განიცადეს. ბუშის ადმინისტრაცია გვარიანად არის შესუსტებული და აღარ შეუძლია რუსეთს უთხრას, სამაჩაბლოს დაბრუნებაზე სერიოზულად ვილაპარაკოთ, რაც ჯერ კიდევ 2005 წელს დავგეგმეთო. საერთოდ, სიტუაცია, გარემო აღარ არის ჩვენთვის ოპტიმალური,”- აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი გაზეთ ”კვირის პალიტრასთან” საუბარში.




XS
SM
MD
LG