Accessibility links

logo-print

ირანის ბირთვული კრიზისის მოგვარების ერთადერთ შესაძლო გზად მუჰამედ ბარადეი დიალოგს მიიჩნევს


ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი მუჰამედ ბარადეი გამოთქვამს გაფრთხილებას, რომ ირანზე თავდასხმას არა მარტო კატასტროფული შედეგები შეიძლება მოჰყვეს,

არამედ მან თეირანი ბირთვული იარაღის შესაქმნელადაც შეიძლება წააქეზოს. ანალოგიურ მოსაზრებებს მოისმენდით დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის სხვა მონაწილეთა გამოსვლებშიც.

შვეიცარიის საკურორტო ქალაქ დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, პოლიტიკოსების მისამართით ამ დღეებში უკვე რამდენიმეჯერ გაისმა მოწოდება, ხელი აიღონ ძალისმიერ მეთოდებზე და შანსი მისცენ დიალოგს, დიპლომატიას, რომელიც, ბევრის აზრის, ირანის ბირთვული კრიზისის მოგვარების ერთადერთი შესაძლო გზაა.

სწორედ ამ შინაარსის მოწოდებით გამოვიდა ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი მუჰამედ ბარადეი, რომლის უწყება რამდენიმე წლის მანძილზე მეთვალყურეობას უწევდა თეირანის ბირთვული პროგრამის მიმდინარეობას.

[მუჰამედ ბარადეის ხმა] "კვლავინდებურად მჯერა, რომ ირანის საკითხის გადაჭრის ერთადერთი გზა - და ამჟამად ის ჩვენს ხელთ არის - გახლავთ დიალოგი, მოლაპარაკება, მეზობლებისა და ყველა რელევანტური მხარის ჩართვა. პროცესში უნდა ჩავაბათ არაბული სახელმწიფოები, შეერთებული შტატები. აუცილებლად უნდა ვეცადოთ ამის მიღწევას. მთელი ძალისხმევა უნდა გადავიტანოთ მშვიდობაზე, რადგან ალტერნატივა არ არსებობს. ალტერნატივა ათჯერ უარესი შეიძლება იყოს."

დავოსში გამოსვლისას, მუჰამედ ბარადეიმ დასძინა, რომ ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოსთვის ცნობილი არ არის ირანში მოქმედი რაიმე საიდუმლო ბირთვული ობიექტის არსებობა, რომელიც ატომური იარაღის შექმნაზე მუშაობდეს.

[მუჰამედ ბარადეის ხმა] "არავინ იცის, აქვს თუ არა ირანს საიდუმლო ბირთვული ობიექტი. რაც ირანს აქვს, ბირთვული იარაღის შექმნის ტექნოლოგიაა. დიახ, მას აქვს ტექნოლოგია. მერედა რა - ტექნოლოგია დავბომბოთ? ეს ხომ პრაქტიკული თვალსაზრისითაც კი განუხორციელებელი წინადადებაა!"

არადა, შეერთებული შტატები დაუფარავად და ხშირად ადანაშაულებს ირანს როგორც ბირთვული იარაღის შექმნის, ისე მეზობელ ერაყში დესტაბილიზაციის შეტანის მცდელობაში. ირანი ამ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსახურება. თეირანის ამ მტკიცების მიუხედავად, საერთაშორისო თანამეგობრობის არაერთი წევრი იზიარებს ვაშინგტონის შეშფოთებას და ეჭვის თვალით უყურებს ირანის ბირთვულ ამბიციებს. ამ ეჭვების კონკრეტული გამოხატულება გახლდათ გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ ირანის წინააღმდეგ დეკემბერში მიღებული სანქციები.

ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში არაერთხელ გავრცელდა ცნობა ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ან ისრაელის შესაძლო იერიშზე. თანამემამულეებისადმი თავის ტრადიციულ მიმართვაში, 23 იანვარს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმაც ისაუბრა იმ საფრთხეზე, რომელსაც ირანი უქმნის მსოფლიოს. თუმცა, ვაშინგტონს არც იმის თქმა ავიწყდება, რომ ირანის საკითხის მოგვარების საქმეში უპირატესობას მაინც დიპლომატიას ანიჭებს.

თუმცა, ბევრი პოლიტიკოსი თუ ექსპერტი მაინც შიშობს, რომ ვაშინგტონმა ირანის წინააღმდეგ ძალა შეიძლება გამოიყენოს. ამის კატეგორიული წინააღმდეგია დავოსის ეკონომიკური ფორუმის კიდევ ერთი მონაწილე, პაკისტანის პრემიერ-მინისტრი შაუქათ აზიზი, რომლის განცხადებით, ირანზე თავდასხმას კატასტროფული შედეგი მოჰყვება არა მარტო რეგიონისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის.

[შაუქათ აზიზის ხმა] "პაკისტანი წინააღმდეგია ირანის მიერ ბირთვული შეიარაღების გაუვრცელებლობის ხელშეკრულების დარღვევისა. ჩვენ მხარს არ ვუჭერთ ამ ქვეყნის მიერ იარაღის წარმოებას და ვემხრობით იმას, რასაც ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო აკეთებს."

დავოსის ფორუმის მონაწილეთა შორის არის ირანის ყოფილი პრეზიდენტი მოჰამად ხათამიც. მან თეირანსა და ვაშინგტონს მოთმინებისა და ურთიერთგაგებისკენ მოუწოდა და შეერთებულ შტატებს ურჩია, კრიზისის მოგვარებას ირანთან და სირიასთან დიალოგის გზით ეცადოს.
XS
SM
MD
LG