Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის ყოველკვირეული მიმოხილვა


გასული კვირა ქართულ პრესაში ევროპის საბჭოში საქართველო-რუსეთის ურთიერთობის განხილვის მოლოდინით დაიწყო.

გაზეთ “რეზონანსის” ყოველკვირეული გამოცემა ,,მთელი კვირა” ორშაბათს პირველ გვერდზე აქვეყნებს სტატიას, სათაურით ,,შერიგება თუ კეთილმეზობლური ხრიკი”.
ეს პუბლიკაცია რუსეთის ელჩის საქართველოში დაბრუნებასა და სტრასბურგში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის განხილვის საკითხს ეძღვნება.

,,დღეს ევროპის საბჭოში განიხილება საკითხი, გაიტანონ თუ არა სესიაზე მოხსენება, სადაც რუსეთში ეთნიკური ქართველების მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზეა საუბარი. ორიოდე დღის წინ კი პუტინმა განაცხადა, რომ საქართველოში ელჩს აბრუნებს. ამით თითქოს საქართველო-რუსეთს შორის გამოუცხადებელი ცივი ომის ეპოქა დასრულდა, თუმცა რა იყო ეს - ნამდვილი შერიგება თუ კეთილმეზობლური ხრიკი ევროსაბჭოს სესიის წინ, უახლოეს ხანებში გაირკვევა,” - წერს გაზეთი ”მთელი კვირა”.

სტრასბურგში დებატების მოლოდინის საკითხს ეხმიანება გაზეთი “ახალი ვერსიაც”. კორესპონდენტთან საუბარში რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბერძენიშვილი, აცხადებს: ,,ევროპის საბჭოში საქართველოს, რუსეთთან ურთიერთობის კონტექსტში, გაცილებით მეტი მხარდამჭერი ეყოლება, ვიდრე რუსეთს. შესაძლოა, პუტინს იმედი აქვს, საქართველოში ელჩის დაბრუნების შემდეგ ჩვენი სახელმწიფო დელეგაციის ნაწილს ჩრდილოელი მეზობლის მიმართ შერბილებული პოზიციები ექნება სტრასბურგის სესიაზე. ამის იმედი ნუ აქვთ. იმ ხუთკაციან დელეგაციაში ოპოზიციის ორი წარმომადგენელიც არის და იმედი მაქვს, უმრავლესობის წარმომადგენლები მათ პოზიციებს გაითვალისწინებენ. საქართველოსთან მიმართებაში შენიშვნები უფრო სხვა მიმართულებით არის მოსალოდნელი. ეს, ძირითადად, დემოკრატიული სტანდარტის ხარისხს თუ შეეხება,” - აღნიშნავს დავით ბერძენიშვილი ”ახალი ვერსიისათვის” მიცემულ ინტერვიუში.

მომდევნო დღეს უკვე საბოლოოდ გაირკვა, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობის საკითხებზე დებატები ევროპის საბჭოში აღარ გაიმართება.

23 იანვარს გაზეთი “24 საათი” რადიო “თავისუფლების” კორესპონდენტის, კობა ლიკლიკაძის, სტრასბურგიდან გამოგზავნილ მასალას აქვეყნებს. პუბლიკაციაში, კერძოდ, ნათქვამია: ,,საქართველო-რუსეთის საკითხებზე დებატები, რომელიც ბოლო ხანს ინტრიგას სძენდა ევროსაბჭოს მდორე საპარლამენტო ცხოვრებას, დღის წესრიგიდან უჩუმრად მოიხსნა.”

დებატების გადადებას და ამ მოვლენასთან საქართველოში რუსეთის ელჩის ჩამოსვლის კავშირს გაზეთი ,,რეზონანსიც” გამოეხმაურა: ,,გადადებული დებატები და ელჩის დაუჯერებელი მისია” - ამ სათაურით გამოქვეყნდა 23 იანვარს რუსიკო მაჩაიძის სტატია. - ,,თუკი რუსეთზე დასავლეთის მხრიდან ზეწოლა არ გაძლიერდა, მხოლოდ ელჩის გამოგზავნა პრობლემებს ვერ მოაგვარებს,” - ვკითხულობთ გაზეთ ,,რეზონანსში”.

ელჩის დაბრუნების ამბავს ქართული გაზეთები მთელი კვირის განმავლობაში განიხილავდნენ. გაზეთმა ,,ახალი 7 დღე” ამ თემას ვრცელი პუბლიკაცია მიუძღვნა, სათაურით ,,ცინცხალი რუსის დაბრუნება, პუტინის მითითებებითა და ,,ოტტეპელის” განწყობით”.,,რუსეთის ელჩის საქართველოში დაბრუნება კრემლის მხრიდან საქართველოს მიმართ არა იმდენად კეთილი ნების გამოხატვის სურვილზე მეტყველებს, რამდენადაც საქართველოსთან დამოკიდებულებაში რუსეთის ახალი პოლიტიკის გატარების დასაწყისზე მიანიშნებს,” - წერს სტატიის ავტორი.

ამ ახალი პოლიტიკის პირველი გამოძახილი სულ მალე გამოჩნდა და ეს გახლდათ გენადი ონიშჩენკოს განცხადება რუსულ ბაზარზე ქართული ღვინისა და მინერალური წყლების შესაძლო დაბრუნების თაობაზე. თუმცა ამ ინფორმაციას რუსულ პრესაში მაშინვე მოჰყვა საუბარი იმის შესახებ, რომ ქართული ღვინის რეაბილიტაცია ეგრეთ წოდებული ,,აფხაზური ღვინით” დაიწყება. დღევანდელი “რეზონანსი” ვრცელ პუბლიკაციას უძღვნის ამ თემას, სათაურით: ,,ქართული ღვინის რუსულ ბაზარზე დაბრუნება ,,აფხაზური თაიგულით” დაიწყება”. სტატიაში ვკითხულობთ: ,,ქართველი ღვინისმწარმოებლები შეშფოთებას გამოთქვამენ ტერმინ ,,აფხაზურ ღვინოსთან” დაკავშირებით. ისინი ამ ტერმინის ჩანაცვლებას მოითხოვენ შემდეგი სახელწოდებით - ..ქართული ღვინო აფხაზეთის რეგიონიდან”.

ქართულ-რუსული ურთიერთობის საკითხს ეძღვნებოდა გუშინ საღამოს ,,რია ნოვოსტის” თბილისის ოფისში გამართული მრგვალი მაგიდა, რომლის თემაც ქართულ-ამერიკული და ქართულ-რუსული ურთიერთობები იყო და მასში ცნობილი ქართველი პოლიტოლოგები და ექსპერტები მონაწილეობდნენ. დისკუსიის საბაბი ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვითი ინფორმაციის ცენტრის რუსული და აზიური პროგრამების დირექტორის ნიკოლაი ზლობინის თბილისში სტუმრობა გახლდათ. დღევანდელი “24 საათი” ზლობინის მოსაზრებებსა და ქართველ ექსპერტთა კომენტარებს გადმოგვცემს პუბლიკაციაში ,, რუსი პოლიტოლოგის მიერ დახატული აპოკალიფსი”.

დღეს ერთი წელი სრულდება, რაც სანდრო გირგვლიანი მოკლეს. ამ სამწუხარო ამბავს და მასთან დაკავშირებულ მთელი წლის ვნებათაღელვას დღევანდელი ქართული პრესაც ეხმიანება. ,,ხელისუფლება არ აღასრულებს სამართლიანობას” -ასეთი სათაურით აქვეყნებს სტატიას გაზეთი ,,ახალი თაობა” და სანდროს დედის, ირინა ენუქიძის, სიტყვები მოჰყავს. - ,,ახლა ერთი წელი სრულდება და დღემდე ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია, - აღნიშნა ირინა ენუქიძემ. მისი თქმით, სიმართლემ უნდა გაიმარჯვოს და ამისათვის ის ყველაფერს გააკეთებს,” - ასე ამთავრებს პუბლიკაციას დღვანდელი გაზეთი ,,ახალი თაობა”.
XS
SM
MD
LG