Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“შედეგის მიღწევას დრო სჭირდება”. ინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველთან მარტ ლაართან


შარშან გაზაფხულზე საქართველოს პრეზიდენტის პირად მრჩევლად ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ესტონეთის რეფორმების ავტორის მარტ ლაარის დანიშვნას ბევრი კმაყოფილებით შეხვდა.

მაისში შესრულდება ერთი წელი ლაარისთვის მრჩევლის სტატუსის მინიჭებიდან და პირველადი შეთანხმების ვადაც სწორედ ამ დროს ამოიწურება. საინტერესოა, ითვალისწინებს თუ არა მიხეილ სააკაშვილი ლაარის რეკომენდაციებს და საინტერესოა ისიც, თუ რამდენად შეეცვალა ესტონელ მრჩეველს წარმოდგენა საქართველოზე მას შემდეგ, რაც შიგნიდან გაეცნო ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. ორიოდე დღის წინ, თბილისში მყოფ ესტონელ ბიზნესმენებთან შეხვედრის შემდეგ, საშუალება მომეცა მარტ ლაარს გავსაუბრებოდი. გთავაზობთ ინტერვიუს ჩანაწერს:

-
გასულ წელს როცა ვისაუბრეთ, საქართველოზე უფრო გარედან გქონდათ წარმოდგენა შექმნილი, არა?
-
დიახ.
-
როგორია თქვენი წარმოდგენა ახლა, მას შემდეგ, რაც უკვე თვეებია საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ხართ?
-
რასაკვირველია, ბევრი რამ გავიგე ქართულ ხასიათზე, რაც ნიშნავს იმას, რომ უკვე ვიცი როგორ უნდა მოვიქცე და როგორ – არა, რა უნდა ვთქვა და რა – არა. ხანდახან ქართული ხასიათი ნიშნავს მაღალ აქტიურობას, ანუ იმას, რომ ყველაფერი ხდება ძალიან სწრაფად. აქვე უნდა ვთქვა, რომ სხვადასხვა სახელისუფლებო უწყებებში ძალიან წესიერი და ძალიან კარგი ადამიანები მუშაობენ. გულახდილად რომ გითხრათ, მე უფრო მეტად ვშიშობდი, რომ კანონის უზენაესობისა და მსგავსი საკითხებისადმი დამოკიდებულება მნიშვნელოვნად სუსტი იქნებოდა, რაც ასე არ აღმოჩნდა.
-
განა კანონის უზენაესობა სუსტად არ არის უზრუნველყოფილი?
-
დიახ, ვერ არის ისე ძლიერად, როგორც შეიძლებოდა რომ ყოფილიყო. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ აღარ ვიხმარდი სიტყვას “სუსტი”, არამედ ვიტყოდი, “არც ისე მტკიცედ” არის უზრუნველყოფილი, როგორც საჭიროა. ჩემი დაკვირვებით, ნამდვილად არსებობს წინსვლისა და ვითარების გაუმჯობესების ინტერესი. მიზნის მიღწევას, რასაკვირველია, დრო სჭირდება. მე დადებითად განმაწყობს ის, რომ როგორც მინისტრებს, ასევე პარლამენტის ოპოზიციასა და მმართველ კოალიციას ესმით წინსვლის აუცილებლობა. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. შედეგის მიღწევას დრო სჭირდება. დრო დასჭირდა ესტონეთშიც.
-
ესტონელებს მეტი მოთმინება აქვთ თუ ქართველებს?
-
ოჰ, ვინ იცის. დარწმუნებით ვერ გეტყვით. თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ ესტონელების ტემპერამენტი ოდნავ უფრო... ოდნავ კი არა და, სრულიად აშკარაა, რომ ესტონელების ტემპერამენტი გაცილებით დაბალია. ისე კი, ყველას სურს დაინახოს, რომ მათი ქვეყანა წინ მიიწევს. ამ თვალსაზრისით, ესტონელები ისეთივე მოუთმენლები არიან, როგორც ქართველები, რაც დადებითი მოვლენაა. ადამიანები, როგორც წესი, კარგს ჩვეულებრივ ამბად ღებულობენ. ყველა ქვეყანაში უმრავლესობას მიაჩნია, რომ კარგი თუ ხდება, ასეც უნდა იყოს, რაც ყოველთვის ასე არ არის.
-
ალბათ, ყველას აინტერესებს, უგდებს თუ არა ყურს საქართველოს პრეზიდენტი თქვენს რჩევებს.
-
ის მისმენს, ხანდახან – ძალიან აქტიურადაც. შემიძლია გითხრათ, რომ ზოგიერთი ჩემი რჩევის რეალიზება იმაზე სწრაფად მოხდა, ვიდრე ველოდი. პრეზიდენტი მხოლოდ ჩემს რჩევებს არ ისმენს, ის ბევრ ადამიანს უგდებს ყურს. შეიძლება ითქვას, ის მომსმენი პრეზიდენტია, ძალიან აქტიური, მაგრამ - მომსმენიც.
-
მოდით, საქართველო-რუსეთის ეკონომიკურ ურთიერთობებზე ვისაუბროთ. როდესაც ბლოკადა დაიწყო და ურთიერთობა გაუარესდა, ზოგიერთი უცხოელი ექსპერტი, თავად საქართველოს პრეზიდენტი, მთავრობის წევრები ამბობდნენ, რომ ეს სასარგებლოც კია საქართველოსთვის, რადგან ის იძულებული იქნება უკეთესი ბაზრების მოპოვებაზე იზრუნოს. ამ კონტექსტში ესტონეთიც არაერთხელ ახსენეს. ნუთუ რუსეთი მართლაც უმნიშვნელოა საქართველოსთვის როგორც ეკონომიკური პარტნიორი?
-
დიახ, შემიძლია გითხრათ, რომ ეს სწორედ ასეა. არაერთი ქართველი ბიზნესმენისთვისაც მითქვამს: “დაივიწყე ეს ბაზარი. ის აღარ არსებობს და შეგიძლია ამაზე არც იღელვო, რადგან შენი ექსპორტი რუსეთში დაბალი ხარისხის არის, ეს ექსპორტი დაბალპროდუქტიულია”. როცა ეკონომიკის განვითარება გინდა, მსოფლიო ბაზრისკენ უნდა ისწრაფოდე. ეს ერთადერთი გზაა. ახლა სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს. ბიზნესის არაერთ სფეროში პრინციპული ცვლილების განხორციელების ერთადერთი გზა არის აუცილებლობა. ქართული კომპანიები ახლა სწორედ ასეთი აუცილებლობის წინაშე აღმოჩნდნენ, მათ სხვა გზა არა აქვთ. ზუსტად იგივე მოხდა ესტონეთში და ამან ძალიან კარგად იმუშავა. ბევრს ეგონა, რომ საქართველო ამ ზამთარს მუხლებზე დაეცემოდა, იქნებოდა აუარებელი პრობლემა, ბიუჯეტი შემცირდებოდა, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა ძალიან შემცირდებოდა. ეს არ მოხდა. თქვენ დგამთ პირველ ნაბიჯებს რეორიენტაციის გზაზე. რასაკვირველია, ეს მხოლოდ დასაწყისია. ასე უნდა განაგრძოთ და არ გაფლანგოთ დრო იმის მოლოდინში, როდის გაიხსნება რუსეთის ბაზარი. ერთ მშვენიერ დღეს ის გაიხსნება, მაგრამ ეს მოხდება მაშინ, როცა რუსეთი დაინახავს, რომ თქვენ ისე კარგად აითვისეთ სხვა ბაზრები, რომ ბოიკოტმა აზრი დაკარგა. რატომ ცდილობენ ახლა რუსები ზოგიერთ საკითხში უკან დაიხიონ? იმიტომ, რომ ისინი ძალიან კარგად ხედავენ, რომ საქართველო გადარჩა და საქართველო კარგად არის.
-
ორიოდე წუთის წინ ტელევიზიისთვის გაკეთებულ კომენტარში აღნიშნეთ, რომ საქართველოს ეკონომიკის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემები და ანგარიშები ძალიან ოპტიმისტურია. თქვენ გაგიჭირდებათ ამაში საქართველოს რიგითი მოქალაქეების დარწმუნება.
-
დიახ, მე ეს ვიცი. იგივე ხდებოდა ესტონეთშიც. ადამიანებს არ აინტერესებთ საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშები. მათ აინტერესებთ ის, თუ რა არ გაკეთდა მათ ქვეყანაში. თუმცა, გავიმეორებ, რომ ეს ანგარიშები ეხმარება ქვეყანას განვითარებაში, რადგან ისინი ხელს უწყობს ინვესტიციების მოზიდვას. დასავლურ ინდექსებს თქვენი პოლიტიკოსები არ ადგენენ. მათზე ნამდვილი ექსპერტები მუშაობენ და თქვენ მათ ვერ დაუმალავთ რეალურ ვითარებას. ეს ანგარიშები სინამდვილეს ასახავს, რაც ნიშნავს, რომ ისინი რეალურ დადებით ზეგავლენას ახდენენ, რადგან არაერთი უცხოელი ბიზნესმენი გადაწყვეტილებას სწორედ ასეთ მასალაზე დაყრდნობით ღებულობს. ამ ანგარიშებით არ იზრდება მთავრობის პოპულარობა ქვეყნის შიგნით, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ხელს უწყობს ქვეყნის კეთილდღეობას.
-
არ შემიძლია არ გკითხოთ ფაქტებზე, რომლებიც საქართველოში კერძო საკუთრების უფლების უგულებელყოფას შეეხება. ასეთი რამ თითქმის ყოველდღე ხდება. რას იტყოდით ამაზე?
-
რასაკვირველია, ვფიქრობ, რომ ეს ძალიან სამწუხარო მემკვიდრეობაა იმ დროიდან, როცა პრივატიზაცია იმგვარად განხორციელდა, რომ მოსახლეობის უმრავლესობის თვალში ის კანონის დარღვევასა და უსამართლობას უკავშირდებოდა. ამდენად, არსებობს დიდი ცდუნება, რომ სხვადასხვა გზით შეუდგე სამართლიანობის აღდგენას. როცა ამას კანონიერი გზით ვერ ახერხებენ, სხვაგვარ მეთოდებსაც იყენებენ. სწორედ ეს მაღელვებს, რადგან ასეთი რამ არაერთ ქვეყანაში მინახავს.
-
თქვენს ქვეყანაშიც?
-
არაიმდენად ჩემს ქვეყანაში, რადგან ჩვენ იძულებული ვიყავით პრივატიზაცია ძალიან სწრაფად განგვეხორციელებინა. არ გვქონია ამდენი დარღვევის შემთხვევა. ზოგიერთ შემთხვევასთან დაკავშირებით უამრავი პრობლემა გვქონდა. მე ამ კონტექსტში უფრო უკრაინა მახსენდება. თუმცა ჩემი ღელვა იმას უკავშირდება, რომ როდესაც კერძო საკუთრებასთან მიმართებით იდგმება ასეთი ნაბიჯები, რაოდენ დიად მიზნებსაც უნდა ემსახურებოდეს ის, თუნდაც სამართლიანობის აღდგენას, რეალურად უდიდეს პრობლემებს წარმოშობს. ეს იქნება ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც ვიმუშავებ. უკვე ვესაუბრე რამდენიმე მინისტრს, პრეზიდენტსაც და მიმაჩნია, რომ მისაღებია მკაფიო გადაწყვეტილება, გნებავთ – საკუთრების დაცვის შესახებ საგანგებო საკანონმდებლო აქტის სახით, რომლითაც ხალხს განემარტებოდა, პრივატიზაციისას დაშვებული რა დარღვევების შემთხვევაში და რომელ ობიექტებზე დაიწყება გამოძიება. ყველა შემთხვევა, რასაკვირველია, უნდა განიხილოს სასამართლომ და არ უნდა მოხდეს ისე, რომ ვიღაც ადგეს და სახელმწიფოს აჩუქოს ქონება, იქნება ეს მაღაზია, რესტორანი თუ რაღაც სხვა. ასეთი შემთხვევების განხილვა სრულიად გამჭვირვალედ უნდა მოხდეს და, სასურველია, ამგვარი საქმეების რაოდენობა იყოს რაც შეიძლება შეზღუდული. ადამიანებს, ვინც რაღაცას ფლობს, არ უნდა ეშინოდეთ საკუთრებასთან დაკავშირებით პრობლემების შექმნის, რადგან ამან შეიძლება მყისიერი დამანგრეველი ზეგავლენა იქონიოს ინვესტიციებზე. ყველა ბიზნესმენს, ვინც კი აქ რაიმეს საყიდლად ან ინვესტირებისთვის ჩამოდის, აინტერესებს ვინ არის ამა თუ იმ ქონების მფლობელი. თუკი მან არ იცის რა მოხდება ხვალ, ეს მისთვის პრობლემაა. მე მიმაჩნია, რომ ამ საკითხზე საქართველოს სჭირდება საგანგებო გადაწყვეტილება პარლამენტის დონეზე. როგორც მე ვხედავ, ბიზნესმენებსა და სხვა წრეების წარმომადგენლებთან ჩემს შეხვედრებზე ეს განხილვის უმთავრესი საგანი გახდა და მას ნათელი უნდა მოეფინოს. თუკი ეს ასე არ მოხდა, დიდი, დიდი პრობლემა წარმოიშვება.”
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG