Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მესამე სექტორი „ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გენერალურ გეგმას“ აკრიტიკებს


"ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გენერალურ გეგმას“, რომელიც მთავრობამ ორიოდე კვირის წინ დაამტკიცა,

მესამე სექტორის წარმომადგენლები აკრიტიკებენ. არასამთავრობო ორგანიზაცია „ჯანმრთელი სამყარო“ შიშობს, რომ მთავრობის მიერ მოწონებული გეგმის განხორციელების შემთხვევაში მკვეთრად გაძვირდება სამედიცინო მომსახურება, ხოლო ათასობით მედიკოსი სამსახურის გარეშე დარჩება. არასამთავრობო ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ „100 ახალი საავადმყოფოს“ სახელით ცნობილი „ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გეგმა“ არ ეფუძნება ჯანმრთელობის ძირითადი კრიტერიუმების მეცნიერულ კვლევას და ამის გამო წარუმატებლობისთვისაა განწირული. თუმცა, ნათქვამის საწინააღმდეგოდ, ხელისუფლებაში ეჭვი არ ეპარებათ, რომ ჰოსპიტალური სექტორის განვითარების სტრატეგია მიმართულია სამედიცინო მომსახურების სიმძლავრეების განვითარებისკენ და რომ სულ მალე ეს მომსახურება იქნება ხარისხიანი და ფინანსურად მისაღები.

იმას, რომ ჯანდაცვის სფეროში რთული ვითარებაა შექმნილი, არ უარყოფენ არც მთავრობის, არც ოპოზიციისა და არც მესამე სექტორის წარმომადგენლები, ხოლო. უვარგისი სამედიცინო ინფრასტრუქტურით, დაფინანსების არაეფექტიანი მოდელითა და უფუნქციო რეგულირების სისტემით უკმაყოფილოა როგორც პაციენტი, ასევე ექიმი. მთავრობამ, პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის თქმით, შექმნილი ვითარებიდან ასეთ გამოსავალს მიაგნო:

[ზურაბ ნოღაიდელის ხმა] „300 მილიონის ინვესტიცია ჩაიდება ჰოსპიტალურ სექტორში, 100 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება პირველადი დახმარების სისტემის სექტორში და 0,5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება უძრავ ქონებაში. ეს არის ინვესტიცია, რომელიც განხორციელდება უახლოეს ორ-სამ წელიწადში.“

ზურაბ ნოღაიდელის თქმით, მრავალმილიონიანი ინვესტიციების წყალობით, საქართველოში 100 ახალი საავადმყოფო აშენდება. ჰოსპიტალური სიმძლავრეები შეიქმნება ყველა რაიონულ ცენტრსა და საკურორტო ადგილას, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაცია „ჯანმრთელი სამყაროს“ თავმჯდომარე ირინა ფუტკარაძე გამოთქვამს ვარაუდს, რომ „ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გენერალური გეგმა“, განხორციელების შემთხვევაში, ყოფას დაუმძიმებს როგორც პაციენტს, ასევე სამედიცინო პერსონალს - ვის მეტის გადახდა მოუწევს, ვის კი უმუშევრად დარჩენა:

[ირინა ფუტკარაძის ხმა] „გეგმა გათვლილია 7 ათას 800 საწოლზე, ამჟამად კი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საავადმყოფოებში 17 ათას 100 საწოლი დგას. ანუ ცხადია, რომ იგეგმება სამედიცინო პერსონალის შემცირებაც. გარდა ამისა, როცა ინვესტორი ხარჯავს 40 და 50 მილიონ დოლარს, ის არ შეეცდება ამ თანხის ამოღებას? ეს კი იმას ნიშნავს, რომ სამედიცინო მომსახურება რამდენჯერმე გაძვირდება.“
და მართლაც, გააძვირებს თუ არა ჯანდაცვის სექტორში კერძო კაპიტალის შესვლა სამედიცინო მომსახურებას? შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლადო ჭიპაშვილი შეკითხვას ასე უპასუხებს:

[ლადო ჭიპაშვილის ხმა] „პირიქით, ჩვენ შეგვიძლია დაბეჯითებით ვთქვათ, რომ სისტემაში მოყვანილ, ხარისხიან საავადმყოფოში უფრო ხელმისაწვდომია მოქალაქეებისთვის მკურნალობა და ამის დადასტურებაა დღევანდელი სამშობიარო სახლები: მრავალ მათგანში მშობიარობა მოქალაქეებს უჯდებათ უფრო ნაკლები, ვიდრე სახელმწიფო სამშობიარო სახლებში.“ (სტილი დაცულია)

მთავრობის წევრთა განმარტებით, „ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გენერალური გეგმა“ არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული და დაფინანსებული საავადმყოფოების სრულ მოშლასა და გაუქმებას. კახა ბენდუქიძე, სახელმწიფო მინისტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში, განმარტავს:

[კახა ბენდუქიძის ხმა] „ძველი ინფრასტრუქტურის ნაცვლად უნდა შეიქმნას ახალი, რომელიც იქნება კერძო. გარდა ამისა, არის რესპუბლიკური საავადმყოფოს პროექტი, რომელიც არის სახელმწიფო, უფრო სწორად კი, საუნივერსიტეტო. ასევე, არის ღუდუშაურის კლინიკა და იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკა.“

დაბოლოს, "100 ახალი საავადმყოფოს“ სახელით ცნობილი გეგმის განსახილველად ემზადება საქართველოს პარლამენტიც. ოპოზიცია ხელისუფლებას საკანონმდებლო ორგანოს იგნორირების გამო საყვედურობს. „ახალი მემარჯვენეების“ წარმომადგენელმა, პროფესიით ექიმმა დავით საგანელიძემ 13 თებერვალს, საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე, შემდეგი განცხადება გააკეთა:
[დავით საგანელიძის ხმა] „როცა საუბარია საავადმყოფოების პრივატიზაციაზე, როცა ლაპარაკია სფეროს გლობალურ გარდაქმნაზე, ჩემი აზრით, პარლამენტი არის ის ორგანო, სადაც მთავრობა უნდა მოვიდეს და ამ საკითხზე ინფორმაცია მოგვაწოდოს.“(სტილი დაცულია)
თუმცა, ინფორმაციის მიღების გარდა, დეპუტატებს სხვა, გაცილებით კვალიფიციური, სამუშაოს შესრულებაც მოუწევთ. პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის გიგი წერეთლის კომენტარი:
[გიგი წერეთლის ხმა] „ჩვენ მოგვიწევს საკანონმდებლო დონეზე გარკვეული ცვლილებების შეტანა თუნდაც რეგულაციების სფეროში. არ მგონია, ამას მხოლოდ მთავრობის გადაწყვეტილება ეყოს. ეს იმდენად მნიშვნელოვანი საკითხია, რომ მისი სწორად იმპლემენტაციისა და განხორციელებისათვის მზად ვართ ვიმუშაოთ მთავრობასთან ერთად ამ და სხვა საკანონმდებლო ცვლილებეზე.“
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG