Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო თუ ნეიტრალიტეტი? - რა მიზეზით ხდება საქართველოში ეს კითხვა აქტუალური


ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს ინტეგრაცია ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის ძირითადი მიმართულებაა.

სხვადასხვა მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობაში მაღალია ნატოში ქვეყნის ინტეგრაციის მხარდაჭერა და მაშინ, როცა ნატოში ამ ორგანიზაციისკენ საქართველოს სწრაფვას მიესალმებიან, რუსეთის პრეზიდენტი კი ღიად ეწინააღმდეგება აღმოსავლეთით ნატოს სამომავლო გაფართოებას, ცალკეული ქართველი პოლიტიკოსები ცდილობენ აქტუალობა შესძინონ კითხვას - ნატო თუ ნეიტრალიტეტი? ისინი კითხულობენ: ნატოში გაწევრიანებით საქართველო აღიდგენს ტერიტორიულ მთლიანობას თუ, პირიქით, საბოლოოდ დაკარგავს დღესღეობით უკონტროლო ტერიტორიებს? ამ კითხვის გარშემო სატელევიზიო დისკუსიების გაჩაღებაში სხვა პოლიტიკოსები და ექსპერტები საქართველოს ნატოსკენ სწრაფვის საწინააღმდეგო კამპანიას ხედავენ.
რა საფუძველი აქვს ამ კამპანიას?

საინტერესოა, როგორ სვამენ საკითხს პოლიტიკოსები, რომელთა ბოლოდროინდელი სატელევიზიო გამოსვლები საქართველოს ნატოსკენ სწრაფვის საწინააღმდეგო კამპანიის ნაწილად განიხილება.

[ირაკლი მელაშვილის სხმა] ” თუ ჩვენ ვრჩებით ასე გაყოფილად, მანამდე არ წყდება არც აფხაზეთის პრობლემა და არც სამაჩაბლოს პრობლემა, და თუ ეს საკითხები არ გადაწყდა, ბუნებრივია, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში რუსეთის სამშვიდობო ჯარები რჩება და შევდივართ ნატოში, ეს ხომ ნიშნავს იმას, რომ ეს ტერიტორიები ჩვენ დე ფაქტო დაკარგული გვაქვს? ”(სტილი დაცულია)

ეს შეკითხვა ”ეროვნული ფორუმის” წარმომადგენელმა ირაკლი მელაშვილმა ტელეკომპანია ”იმედის” ერთ-ერთ ამასწინანდელ ღამის დებატებში დასვა. მას შემდეგ მსგავსი კითხვა ამავე ტელეკომპანიის ეთერში ზოგიერთმა სხვა პოლიტიკოსმაც წამოსწია და შედეგად გაჩნდა სხვა შეკითხვა:

[უჩა ლიპარტიას ხმა] ”იმ დროს, როდესაც ოპოზიცია ხელისუფლებაზე უნდა ახდენდეს ზეწოლას დემოკრატიასთან მიმართებაში, იწყება ეს კამპანია. ვის ინტერესებში შეიძლება შედიოდეს ეს? რა თქმა უნდა, რუსეთის ინტერესებში.”(სტილი დაცულია)

ამის სათქმელად გამართეს 15 თებერვალს პრესკონფერენცია ეროვნულ- დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტის წარმომადგენლებმა. აღნიშნულ პარტიაში მიაჩნიათ, რომ დღეს საქართველოს შესაძლო ნეიტრალიტეტზე ხელოვნურად წამოჭრილი საუბარი ან პოლიტიკური გულუბრყვილობაა, ან მტრული ძალების მიერ პროვოკაციულად შემოგდებული თემა. ”საქართველო უნდა დაუბრუნდეს თავის ბუნებრივ მდგომარეობას, გახდეს სრულუფლებიანი წევრი დემოკრატიული დასავლეთის, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსია”- ასეთია ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის პოზიცია.

ნატო თუ ნეიტრალიტეტი? ამ შეკითხვის გარშემო აგორებულ დისკუსიაზე კომენტარი ”საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდის” თანამშრომელს არჩილ გეგეშიძეს ვთხოვე:

[არჩილ გეგეშიძის ხმა ] ”საქართველოში მაღალია ნატოში ინტეგრაციის მხარდაჭერა. ჩემი ინფორმაციით, ასე მაღალი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებშიც არ ყოფილა ნატოში გაწევრიანების წინ. მაგრამ ეს დებატები, რომლებიც დღეს მიდის, ფუჭი, კონტრპროდუქტიული და მავნებლური, მიზნად ისახავს ამ მხარდაჭერის შესუსტებას. ”

არჩილ გეგეშიძეს არ ესმის იმათი, ვინც კითხულობს, ნატო დაუბრუნებს თუ საბოლოოდ დააკარგვინებს საქართველოს დღესდღეობით უკონტროლო ტერიტორიებს. არ ესმის ერთი ცნობილი გარემოების გათვალისწინებით:

[არჩილ გეგეშიძის ხმა] ” საქართველოს ნატოში გაწევრიანებაში იგულისხმება საქართველოს აღიარებული საზღვრებით შესვლა ნატოში. ” (სტილი დაცულია)

ექსპერტის თქმით, ნატო დაინტერესებულია თავის რიგებში ძლიერი, სტაბილური ახალი წევრის მიღებით და არა დასუსტებული, დესტაბილიზებული და გახლეჩილი ქვეყნის მიღებით და, მეორე, ნატოსთან მიახლოების პროცესში სახელმწიფო ძლიერდება და ეს გაძლიერების პროცესი, დემოკრატიზაციის პროცესი ღრმავდება გაწევრიანების შემდეგაც. ამდენად, ნატოს წევრი საქართველო, როგორც ძლიერი, დემოკრატიული სახელმწიფო, მიმზიდველი იქნება აფხაზებისა და ოსებისთვის, რაც, თავის მხრივ, შექმნის საფუძველს კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოსაწესრიგებლად. ეს არის ნატოში საქართველოს გაწევრიანების მომხრეების პასუხი შეკითხვაზე: ნატო თუ ნეიტრალიტეტი? ნატოში ინტეგრაცია ხელს შეუწყობს თუ არა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში?
XS
SM
MD
LG