Accessibility links

როგორ აღნიშნეს 23 თებერვალი საქართველოში


წლების განმავლობაში საქართველო, ისევე როგორც ყველა სხვა საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, ყოველი წლის 23 თებერვალს საბჭოთა არმიისა და საზღვაო ფლოტის დღეს აღნიშნავდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გაირკვა, რომ 23 თებერვალი დამპყრობელი ქვეყნის დღესასწაულია. ბედის ირონიით, სწორედ თებერვალში - 1921 წლის 25 თებერვალს - დაიპყრო და გააწითლა საბჭოთა არმიამ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, რომლის სუვერენიტეტის დაცვას გმირულად შესწირეს თავი ქართველმა იუნკრებმა, თბილისის სამხედრო სასწავლებლის კურსანტებმა. მათი თავდადება ჯეროვნად მხოლოდ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ დაფასდა. ხელისუფლების გადაწვეტილებით, კოჯორში, სადაც ისტორიული ბრძოლა გაიმართა, მემორიალი გაიხსნა, ხოლო ყოველი წლის 23 თებერვალი იუნკერთა ხსენების დღედ გამოცხადდა.

ისტორიის სახელმძღვანელოებიდან ცნობილია, რომ საბჭოთა რუსეთის მე-11 არმია საქართველოში 1921 წლის 12 თებერვალს აზერბაიჯანის მხრიდან შეიჭრა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის კათედრის თანამშრომელი ბონდო კუპატაძე ამბობს, რომ ძირითადი ბრძოლები გაიმართა თბილისის მისადგომებთან, კერძოდ, ტაბახმელა-კოჯრის მდელოებზე, სადაც საბრძოლო გამოცდილების არმქონე სამხედრო სასწავლებლის კურსანტებმა მტერს მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს. ბონდო კუპატაძის თქმით, ისტორიას იუნკრების გმირობის მდიდარი დოკუმენტური მასალა შემორჩა:

„იუნკრების ამ გმირობას ჰქონდა ძალიან დიდი მნიშვნელობა... სხვათა შორის, შემორჩენილია ერთ-ერთი ყველაზე ძველი ქართული კინოჩანაწერი, რმელშიც არის კადრები, თუ როგორ შემოჰყავთ იუნკრებს თბილისში წითელი არმიის დატყვევებული ჯარისკაცები... მსგავსად იმისა, ძველ რომში ტრიუმფის დროს რომ ჩამოატარებდნენ ტყვებს.“

თუმცა იუნკრების ბრძოლასა და თავდადებას მსხვერპლის გარეშე არ ჩაუვლია. 1921 წლის 25 თებერვალს იუნკერთა დიდი ნაწილი გმირულად დაეცა კოჯრის მახლობლად. გარდაცვლილი იუნკრები დიდი პატივით დაკრძალეს ეკლესიის ეზოში, იქ, სადაც ახლა საქართველოს პარლამენტის შენობა მდებარეობს. 86 წლის შემდეგ სწორედ პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბნენ იუნკერთა ღვაწლისა და გმირობის დამფასებლები, რომელთა შორის ჩოხოსანთა დასის წევრები სჭარბობდნენ.

გიორგი დოლიძის თქმით, „პარლამენტის ეზოში არის ერთი სვეტი, რომელიც მიანიშნებს, რომ აქ განისვენებენ 1921 წლის თებერვალში დაღუპული ჩვენი გმირები, მაგრამე ეს ძალიან ზოგადია. კარგია, რომ დაიწყეს, მაგრამ ახლა გვინდა, რომ იქ გაკეთდეს დაფა, ჩამოწერილი იქნას იუნკრების გვარები.“(სტილი დაცულია)

ჩოხოსნების გარდა, იუნკრების ხსენების დღე თბილისის მერიამაც აღნიშნა. კოჯორში მდებარე იუნკრების მემორიალი დედაქალაქის მერმა გიგი უგულავამ გვირგვინით შეამკო.

„ძალიან პატარა, მაგრამ ბრძოლისუნარიანმა ჯგუფმა გაუწია წინააღმდეგობა საბჭოთა არმიას და იცავდა ბოლომდე საქართველოს დამოუკიდებლობას. ეს ხალხი პარლამენტის კედლებქვეშ არის დასაფლავებული. იუნკრები - ეს არის სიმბოლო იმისა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი,“ განაცხადა გიგი უგულავამ.

გიგი უგულავას თქმით, თბილისის საკრებულომ იუნკრების გმირობის უკვდავსაყოფად ძველი თბილისის რაიონში მდებარე იმ ქუჩას, სადაც მემორიალი დგას, იუნკერის ქუჩა უწოდა. საინტერესოა, რა იციან თბილისელებმა 1921 წლის თებერვალში დაღუპული ახალგაზრდების შესახებ.

„იუნკრები - ეს არიან ახალგაზრდა ბიჭები, რომლებსაც სისხლი უდუღდათ სამშობლოსათვის, იგივე სამასი არაგველი ქართველებისთვის, იგივე 300 სპარტელი ბერძნებისთვის. იგივე გააკეთეს ამ ბიჭებმა მეოცე საუკუნის დასაწყისში.“(სტილი დაცულია) - გვითხრა ერთ-ერთმა გამვლელმა.

„ზუსტად ამ მე-11 არმიას დაუპირისპირდნენ, რომელიც შემოდიოდა და იუნკრებმაც იმას შესწირეს თავი, რომ არ მომხდარიყო გასაბჭოება.“ (სტილი დაცულია) - ამბობს ჩვენ მიერ გამოკითხულთაგან ერთ-ერთი ქალი.

მაგრამ გასაბჭოება მაინც მოხდა და, როგორც ირკვევა, ამაში ყველაზე ნაკლები ბრალი იუნკრებს მიუძღვით. ისტორიკოსი ბონდო კუპატაძე ამბობს, რომ საქართველოს გასაბჭოებაში გადამწყვეტი როლი მაშინდელი ხელისუფლების უუნარობამ ითამაშა.
„გენერალმა გიორგი კვინიტაძემ, შესაძლოა, სამხედრო თვალსაზრისით გამართლებული, მაგრამ წმინდა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით გაუმართლებელი ნაბიჯი გადადგა, როცა თბილისის დატოვების განკარგულება გასცა, რათა მტერთან შეჯახების დროს სტრატეგიულად მომგებიანი პოზიცია დაეკავებინა. ესეც, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი შეცდომა იყო, რამაც ძალიან დიდი პანიკა დაბადა როგორც ქალაქელთა, ასევე ჯარისკაცთა რიგებში.“ - თქვა ბონდო კუპატაძემ.

თუმცა, სხვებისგან განსხვავებით, იუნკრებს თბილისი არ დაუტოვებიათ. სამხედრო სასწავლებლის კურსანტები საქართველოს დედაქალაქის, მისი მიწისა და ისტორიის ნაწილად იქცნენ.

XS
SM
MD
LG