Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნულოვანი ტოლერანტობის კრახი და კოდორის ხეობა მოსალოდნელი ოკუპაციის წინაშე?


21 მარტის ქართული გაზეთები დიდ ადგილს უთმობენ 14 წლის გიორგი ზერეკიძის სასამართლო პროცესს და ამის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს.

ლიბერალური გაზეთი ”24 საათი” ამ პროცესს ”ნულოვანი ტოლერანტობის სამართალს” უწოდებს და შემაშფოთებლად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ სასამართლო უფრო ლოიალური აღმოჩნდა მკვლელი პოლიციელების მიმართ, ვიდრე მცირეწლოვანი დამნაშავისადმი. ”გარდა ამისა, სამართალდამცავებთან ნებაყოფლობითი თანამშრომლობის ის იშვიათი პრეცედენტი, რაც 14 წლის ზერეკიძის მამამ შექმნა, რომელმაც თავის ხელით მიიყვანა შვილი პოლიციაში, უკანასკნელი პრეცედენტი იქნება. ამის შემდეგ ვერც ერთი დედა ან მამა ვერ გაბედავს არასრულწლოვანი შვილი ასეთი მომავლისათვის გაწიროს,” - წერს გაზეთი ”24 საათი”. ამავე გაზეთში ყურადღებას იპყრობს სტატია, სათაურით ”რუსული გაზის ალყაში”. სტატიის ავტორის თანახმად, სიცრუე აღმოჩნდა საქართველოს ხელისუფლების დაპირება, რომ რუსულ გაზში ”პოლიტიკურ ფასს” არ გადაიხდიდა. ”იხდის და იხდის ძალიან მშვიდად, ყოველგვარი ზედმეტი ხმაურის გარეშე, ვინაიდან მითები ალტერნატიული გაზმომარაგების გამოძებნილი წყაროების შესახებ ხუხულასავით დაინგრა.”

ყოველდღიური გაზეთი ”რეზონანსი” კი ვრცელ სტატიას უძღვნის 20 მარტს კოდორის ხეობაში საქართველოს საჰაერო სივრცის მორიგი დარღვევის ფაქტს. ცნობილი ქართველი ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ”ზემო აფხაზეთს შეიძლება დესანტის საფრთხე დაემუქროს”, თუკი საქართველოს ხელისუფლება სიფხიზლეს არ გამოიჩენს. ”არსებობს იმის საშიშროება, რომ მოხდეს დესანტის გადმოსხმა. ეს ადრეც მომხდარა, მაგრამ მაშინ დესანტის ფუნქცია იყო ტერიტორიის დაკავება და არა საბრძოლო ოპერაციის ჩატარება. სიტუაცია ყოველდღიურად იცვლება. რაც უფრო ახლოვდება კოსოვოს პრობლემის გადაწყვეტის თარიღი, მით უფრო მატულობს სერიოზული პროვოკაციის საშიშროება,” წერს გაზეთი ”რეზონანსი”, რომელსაც მოჰყავს აგრეთვე თვითგამოცხადებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი შამბას ამასწინანდელი განცხადება:”საქართველომ უნდა იცოდეს, რომ მისი ყველა მცდელობა აფხაზეთის ტერიტორიაზე გაურკვეველი წარმოშობის მთავრობების დაკანონებისა აფხაზეთის მხრიდან სასტიკ წინააღმდეგობას წააწყდება. უფლებას ვიტოვებთ, აფხაზეთის ტერიტორიაზე ისე მოვაგვაროთ პრობლემები, როგორც საჭიროდ მივიჩნევთ.”

ამ ფონზე გაზეთი ”ახალი ვერსია” კვლავ უბრუნდება ქართული სამხედრო ვერტმფრენის კატასტროფის ფაქტს და მოჰყავს რამდენიმე სამხედრო ექსპერტის მოსაზრება, რაც ეჭვქვეშ აყენებს ოფიციალურ ვერსიას, რომ 12 მარტს ვერტმფრენის დაღუპვა ცუდმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა გამოიწვია. ”მარტის თვეში ეს მეორე ფაქტია, როდესაც თავდაცვის სამინისტროს ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა. დგება თუ არა ეჭვქვეშ სამხედრო საჰაერო ძალების პროფესიონალიზმის ხარისხი და რამდენად კარგად არიან მფრინავები მომზადებულნი ახალი ტიპის ვერტმფრენების სამართავად?” - სვამს გაზეთი ”ახალმა ვერსია” შეკითხვას, რომელზეც თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა დღემდე არ იძლევა ოფიციალურ პასუხს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG