Accessibility links

logo-print

ქართული პრესის ყოველკვირეული მიმოხილვა


გასული კვირა დატვირთული იყო მღელვარე მოვლენებით და ეს მოვლენები, ბუნებრივია, ქართული პრესის ფურცლებზეც აისახებოდა.

კვირის დასაწყისიდანვე პრესა ფართოდ აშუქებდა იმ ვნებათაღელვას, რომელიც 15 წლის გიორგი ზერეკიძის განაჩენს მოჰყვა, და დანაშაულის პრობლემას, რომელიც ამ ვნებათაღელვის ფონზე განსაკუთრებული სიმწვავით წამოიწია. აი, რას წერდა ამის თაობაზე გია ნოდია ორშაბათის “24 სათში”: ,,გიორგი ზერეკიძის საქმემ აჩვენა, რომ ჩვენს საზოგადოებას ხმის ამოღება შეუძლია, როცა, მისი აზრით, უსამართლობას ხედავს. ეს კარგია, მაგრამ არ არის საკმარისი. ამავე ისტორიამ ისიც დაგვანახვა, რომ ბევრს ჯერ კიდევ უჭირს უშუალო რეაქციების გამოხატვიდან სხვადასხვა საზოგადოებრივი (ანუ საკუთარი) ინტერესის გააზრების და აწონ-დაწონვის რეჟიმზე გადასვლა. ეს ცუდია.”

გაზეთი ,,კვირის პალიტრა” კი ამ პრობლემას რამდენიმე პუბლიკაციას უძღვნის. ერთ-ერთი პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილთან საუბარია. აი, რამდენიმე ამონარიდი ამ სტატიიდან: ,,მხოლოდ აკრძალვა არ უშველის ამ საქმეს – აკრძალვის შემდეგ მეტი ინტერესი გაჩნდება იარაღისადმი.” ,,სირცხვილად უნდა ჩაითვალოს დანის ტარება”. ,,ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღება დანაშაულის შემცირებას დიდად წაადგება” და ასე შემდეგ.

პუბლიკაციები მთელი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა და ამ პრობლემის მრავალ ასპექტს წარმოაჩენდა: რა არის ძალადობის გამომწვევი მიზეზი, როგორ უნდა გადაიჭრას ეს პრობლემა, როგორ არის შესაძლებელი დანაშაულის პრევენცია. პარასკევს გაზეთი “ახალი თაობა” ადვოკატ ლია მუხაშავრიასთან ინტერვიუს აქვეყნებს. ცოტატა ამ ინტერვიუდან: ,,ძალიან ხშირად მინახავს დაპატიმრებული შვილის მშობელი, რომელიც უკიდურესად არის შეშფოთებული პატიმრობის გამო. ის ყოველთვის არის ხოლმე ყველაფერზე თანახმა იმისათვის, რომ თავისი შვილი როგორმე ციხიდან დაიხსნას. როდესაც 12 წლის ბავშვზეა ლაპარაკი, გარწმუნებთ, ეს შეშფოთება და ეს დამოკიდებულება იქნება უკიდურესად ზღვარგადასული,” - ვკითხულობთ გაზეთ ,,ახალ თაობაში”.

გასულ კვირას ქართული პრესა, ისევე როგორც მთლიანად ქართული მედია, განსაკუთრებული ყურადღებით აშუქებდა ზვიად გამსახურდიას საქართველოში გადმოსვენების ამბავს და მასთან დაკავშირებულ ვნებათაღელვას. მხოლოდ სათაურების ჩამოთვლითაც ნათელი გახდება ამ გაშუქების მრავალი ასპექტი. ,,ზვიად გამსახურდიას გადმოსვენება მნიშვნელოვანი მოვლენაა,” - წერდა გაზეთი “ახალი თაობა”, ,,რატომ დააჩქარა რუსეთმა ნეშტის გადმოცემა?”- იკვლევდა გაზეთი “ახალი ვერსია”, ,,პირველ პრეზიდენტს ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და მერაბ კოსტავას შორის დაკრძალავენ,” - წერდა გაზეთი “რეზონანსი”, ,,ზვიადის ეპოქა დასრულდა”... ,,ისტორია, რომელიც, როგორც იქნა, ბოლომდე დაიწერა,” – წერდა უკვე შაბათს გაზეთი ,,ალია”.

სამშაბათიდან მოყოლებული, ქართული პრესა ფართოდ აშუქებდა პრეზიდენტის ახალ ინიციატივას. ,,სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ახალი ადმინისტრაციული ერთეულის შექმნის იდეა საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ გამართულ უშიშროების საბჭოს სხდომაზე წამოაყენა,” - წერდა სამშაბათს გაზეთი “24 საათი”. ოთხშაბათს კი იგივე გაზეთი თემას რამდენიმე პუბლიკაციით აგრძელებს. სტატიაში ,,ახალი დინამიკა მშვიდობის ფარგლებში” ამ ინიციატივაზე ქართველი ექსპერტები მსჯელობენ, მეორე პუბლიკაციაში კი ნათქვამია, რომ ,,მოსკოვი კონფლიქტის ზონაში სტატუს კვოს შეცვლას ეწინააღმდეგება.”

ამ ინიციატივას მოჰყვა პრეზიდენტის ოპოზიციასთან შეხვედრა, რომელიც ასევე ფართოდ გაშუქდა გასული კვირის ქართულ პრესაში. პარასკევს გაზეთი “ახალი 7 დღე” აქვეყნებს სტატიას, სათაურით ,, ოპოზიცია – იყო ,,ფარჩაკი”, გახდა საჭირო”. ციტატა პუბლიკაციიდან: ,,კანონპროექტს პრეზიდენტი პარლამენტს ახლო მომავალში წარუდგენს. თუ მთავრობა კანონპროექტის მომზადების პროცესში ოპოზიციის აზრს გაითვალისწინებს, კანონპროექტი პარლამენტში ერთხმად დამტკიცდება და პრეზიდენტსაც კიდევ ერთხელ მიეცემა საბაბი იმისთვის, რომ მადლობა გამოუცხადოს ოპოზიციას,” – წერს გაზეთი ,,ახალი 7 დღე”.
იმავე დღეს გაზეთი “რეზონანსი” აქვეყნებს სტატიას მსგავსი სათაურით - ,,რატომ ჩაბარდა წარსულს ,,გაფარჩაკებული ოპოზიცია” - და რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბერძენიშვილის, სიტყვები მოჰყავს: “პრეზიდენტმა ოპოზიციასთან დიალოგი დასავლეთის მოთხოვნით დაიწყო”.

დასავლეთს კი რაც შეეხება, იმავე პარასკევს ოპოზიციის წარმომადგენლებს ამერიკის სახელმწიფო მდივნის მრჩეველი ევროპისა და ევრაზიის საქმეებში მეთიუ ბრაიზა შეხვდა. ამ შეხვედრაზე სხვა პრობლემებთან ერთად ეს საკითხიც ფართოდ განიხილებოდა. უკვე შაბათს კი ამ შეხვედრას და მეთიუ ბრაიზას მეტად დატვირთულ ვიზიტს, რომელიც მან საღამოს პრესკონფერენციაზე შეაჯერა, ვრცლად აშუქებდა ქართული პრესა.
გაზეთ “რეზონანსის” პუბლიკაცია ამ თემაზე მეთიუ ბრაიზას სიტყვებით იხსნება: ,,ამ ვიზიტის შემდეგ ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს უნივერსიტეტში ერთი წელი მესწავლოს და ცოდნა გამეღრმავებინოს” – ასე აფასებს ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე მეთიუ ბრაიზა საქართველოში ორდღიან ვიზიტს”. გაზეთი “24 საათი” კი იმავე თემაზე პუბლიკაციას შემდეგი სათაურით აქვეყნებს: ,,გაწონასწორებული პოლიტიკა მოსწონთ ვაშინგტონში.” მასში გადმოცემულია მთავარი საკითხები, რომელთაც მეთიუ ბრაიზა თავისი დატვირთული ვიზიტის დროს განიხილავდა და რომელთაც პრესკონფერენციაზე შეეხო. საკითხთა შორის იყო საქართველოში მიმდინარე რეფორმები, ძირითადად, პოლიტიკურ და სამართლებრივ სფეროში, ევროპის ენერგოდივერსიფიკაციის საკითხში საქართველოს როლი; ასევე, კონფლიქტის რეგიონში დროებითი ადმინისტრაციული ზონის შექმნის ინიციატივა.

შაბათის “24 საათის” პუბლიკაციაში მოტანილია მეთიუ ბრაიზას პოზიცია რუსეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეების თაობაზე ევროსასამართლოში შეტანილი სარჩელის გამო: ,,საკუთარი მოქალაქეების სამართლებრივი პრობლემების საერთაშორისო ნორმებით აღიარებული მექანიზმებით მოგვარება, არა მგონია, რომ არამეგობრული ნაბიჯი იყოს საქართველოს მხრიდან. ეს ბევრად უფრო გამართლებული პოლიტიკაა, ვიდრე მკაცრი რიტორიკა. იმედია, რუსეთი ამ გადაწყვეტილებას ადეკვატურად შეხვდება და ძალიან მალე საქართველოზე დაწესებულ ემბარგოსაც მოხსნის,- ამბობს ბრაიზა.”
ეს მოვლენა კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი იყო, რომელსაც ქართული პრესა ფართოდ განიხილავდა გასული კვირის განმავლობაში.
XS
SM
MD
LG