Accessibility links

logo-print

კვირას საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნებია


კვირას საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. ჟაკ შირაკის 12-წლიანი მმართველობის შემდეგ, ფრანგებმა მომავალი პრეზიდენტი 12 კანდიდატისგან უნდა აირჩიონ.

თუმცა კენჭისყრაში მონაწილეთაგან მხოლოდ რამდენიმე მიაჩნიათ სერიოზულ კანდიდატად. ლიდერი კი ორია – ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ნიკოლა სარკოზი და სოციალისტი სეგოლენ რუაიალი, რომელსაც იმედი აქვს, რომ საფრანგეთის პირველი ქალი პრეზიდენტი გახდება.

ერთად თუ განვიხილავთ, პრეზიდენტობის თორმეტი კანდიდატი ძალიან მრავალფეროვან სურათს ქმნის. მათ შორის არიან სამი ტროცკისტი, კათოლიკე ნაციონალისტი, გარემოს დამცველი, კომუნისტი, მონადირეთა უფლებების დამცველი და ჟოზე ბოვე, გლობალიზაციის მოწინააღმდეგე აქტივისტი, რომელმაც სახელი მაკდონალდსის ქსელის რესტორნის განადგურებით გაითქვა.

ასეთი მრავალფეროვნება, ალბათ, ლოგიკურია, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტორს, რომ საპრეზიდენტო კამპანიაში განსაკუთრებული ინტენსივობით არ გამოკვეთილა ერთი რომელიმე საკითხი – იქნებოდა ეს დასაქმება, საგარეო პოლიტიკა თუ ჯანდაცვის სისტემა.

ამის ნაცვლად, საზოგადოების ყურადღება ხშირად იყო მიპყრობილი ერთ-ერთი კანდიდატის – ნიკოლა სარკოზის – არაერთგვაროვანი ფიგურისკენ.

[მანქანების სირენა და დემონსტრაციის ხმები] “სასწრაფოდ, საცხოვრებელი ფართი!”

ეს 2006 წლის ნოემბერში ჩაწერილი ხმებია. მაშინ პარიზის გარეუბნებში საცხოვრებელი პირობების საკითხის ირგვლივ თითქმის სამი კვირის განმავლობაში დაისადგურა მღელვარებამ. დიდწილად ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებით დასახლებულ გარეუბნებში მომხდარმა არეულობამ აშკარა გახადა ფრანგულ საზოგადოებაში არსებული რასობრივი და რელიგიური დაყოფა.

საფრანგეთის ბევრმა მოქალაქემ ეს მოვლენები ქვეყნისთვის ერთგვარ პოლიტიკურ გზაჯვარედინად აღიქვა. ისმოდა შეკითხვები: საჭიროა თუ არა საფრანგეთი მარჯვნივ წავიდეს, არეულობას ძლიერი ხელით დაუპირისპირდეს და იმიგრაციის პროცესი გაამკაცროს? თუ პირიქით – იქნებ პრობლემების მოსაგვარებლად საფრანგეთის პოლიტიკამ მემარცხენე ელფერი უნდა შეიძინოს და მსგავსი პრობლემების გადაჭრა ახალი სოციალური პროგრამებით ან, სულაც, საფრანგეთის ახლებური იერსახის წარმოჩენით სცადოს, როგორც ეთნიკურად მრავალფეროვანი საზოგადოებისა?

აფრიკული წარმოშობის ფრანგთა უფლებების დამცველი ორგანიზაციის - “კრანის” - წარომადგენელი პატრიკ ლოზე შიშობს, რომ ქვეყანა პოლიტიკურად მარჯვნივ წავა, თუკი არჩევნებში სარკოზი გაიმარჯვებს:

[ლოზეს ხმა] “მე რეალურ საშიშროებას ვხედავ, რომ 2007 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გამართული კამპანია ზიანს მოიტანს. ეს შეუზღუდავ ნაციონალიზმზე დამყარებული კამპანიაა - კამპანია, რომლის დროსაც კანდიდატები ხალხს მოუწოდებენ დროშები ატარონ თან. ჩემი აზრით, ეს ძალიან საშიშია. გულწრფელად რომ გითხრათ, ჩემი აზრით, შეხედულებების აშკარა “ლეპენიზაციასთან” გვაქვს საქმე.“

2005 წელს, შინაგან საქმეთა მინისტრის რანგში, სარკოზიმ საპროტესტო აქციების მონაწილეთა მიმართ მკაცრი პოზიცია დაიკავა. სარეზიდენტო კამპანიის წარმოებისას კი მან კანონსა და წესრიგზე დამყარებული რიტორიკა კიდევ უფრო გაამკაცრა – გარეუბნების “გაწმენდის” პირობა დადო და ამომრჩევლებს ახალგაზრდებს შორის კრიმინალისა და ძალადობის შემცირება აღუთქვა.

ეს გზა სარკოზისთვის ნაწილობრივ ნაყოფიერი აღმოჩნდა იმ ამომრჩევლის გადასაბირებლად, რომელიც ხმას ჟან მარი ლე პენს, მემარჯვენე ეროვნული ფრონტის ლიდერს, აძლევდა. ლე პენი წელსაც იყრის კენჭს საპრეზიდენტო არჩევნებში.

ანალიტიკოსების აზრით, ლე პენის ამომრჩევლის მოხიბვლის პარალელურად, სარკოზი სულ უფრო ნაკლებად მოსწონთ ქალაქების გარეუბნებში. მაგრამ თუ მხოლოდ არჩევნების თვალსაზრისით ვიმსჯელებთ, ეს დიდ პრობლემას არ ქმნის, იმიტომ რომ ქალაქების გარეუბნებში რელიგიური თუ ეთნიკური ნიშნით ამომრჩეველთა ერთიანი ბლოკი არ არის ფორმირებული.

პარიზის მემარცხენე გაზეთ “ლიბერასიონის” რედაქტორის მოადგილე პოლ კინიო ასე ფიქრობს:

[კინიოს ხმა] ”აქამდე ჩატარებული გამოკვლევები ცხადყოფს, რომ ეს არ არის მარტივი საკითხი. ჩემი აზრით, არასწორი იქნება, თუკი ვიტყვით, რომ დღევანდელ საფრანგეთში ”მუსულმანი ამომრჩეველი” არსებობს - ან კათოლიკე თუ ებრაელი ამომრჩეველი. ასე არ არის. ამაზე ბევრი კამათობს, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ საფრანგეთი არ წარმოადგენს ცალკეული თემებისგან შემდგარ საზოგადოებას. განსხვავებული აღმსარებლობის ხალხი არის, მაგრამ საარჩევნო კამპანიაში ამას დიდი მნიშვნელობა არა აქვს. კანდიდატები ”ებრაელ ელექტორატს” თუ ”მუსულმან ელექტორატს”, როგორც ასეთს, არ მიმართავენ ხოლმე.”
ნიკოლა სარკოზიზე და მემარჯვენე სპექტრზე საზოგადოების ყურადღების კონცენტრაციამ საპრეზიდენტო კამპანიის კიდევ ერთ ლიდერს - სოციალისტ სეგოლენ რუაიალს - საკმაოდ რთული ვითარება შეუქმნა. რუაიალმა თავადაც სცადა გამოსვლა მკაცრი წინადადებებით - რომ, მაგალითად, რთულად აღსაზრდელ ახალგაზრდებს სავალდებულო სამხედრო წვრთნას დაუწესებს. როიალმა ამომრჩეველს საფრანგეთის დროშების აღმართვის თხოვნითაც მიმართა.

მაგრამ სეგოლენ რუაიალის პოზიცია ძირითადად მაინც საფრანგეთში მოქმედი მასშტაბური და ძვირად ღირებული სოციალური დაცვის მექანიზმების შენარჩუნებას ემყარება:

[რუაიალის ხმა] ”მე ვიქნები პრეზიდენტი რესპუბლიკისა, რომელიც ამ სოციალურ სისტემას, ამ რესპუბლიკურ მოდელს, გარანტირებულს გახდის - რომელიც სოციალური დაცვის სისტემას გადაარჩენს და, ხანდაზმულთა და ინვალიდთა პრობლემების სოციალური დაცვის სისტემაში ჩართვით, ამ სისტემას კიდევ უფრო გააფართოებს.”

საკმაოდ პარადოქსული ფაქტორია ის, რომ საფრანგეთში მცხოვრები ემიგრანტების გამოცდილებასა და ამ ემიგრანტებთან სახელმწიფოს დამოკიდებულების საკითხთან პირადი ბიოგრაფიით ყველაზე მეტად ნიკოლა სარკოზია დაკავშირებული და არა სეგოლენ რუაიალი. სარკოზი უნგრელი იმიგრანტის შვილია. ახლახან გამართულ ცერემონიაზე, სადაც იმიგრანტებმა საფრანგეთის მოქალაქეობა მიიღეს, სარკოზიმ განმარტა, როგორ ხედავს იმიგრანტების ადგილს საფრანგეთში:

[სარკოზის ხმა] ”საფრანგეთი თქვენგან წარმომავლობის დავიწყებას არ ითხოვს. საფრანგეთი პირადი ისტორიების დავიწყებაზე არ აშენებულა. საფრანგეთი ინდივიდების ცნობიერების წაშლას არ ემყარება. საფრანგეთი ერთგულებას ემყარება. საფრანგეთი აშენდა ეროვნული იდენტობის ფარგლებში ყველა ადამიანის იდენტობის გაძლიერების გზით. იყოთ ფრანგები ყოველი თქვენგანის იდენტობისთვის კიდევ ერთ, დამატებით, ფაქტორს წარმოადგენს და არა რაიმეს შემზღუდავ ფაქტორს.”

იმ პირობებში, როდესაც პრესის ყურადღება ხშირად სარკოზიზე იყო კონცენტრირებული, სეგოლენ რუაიალი კი ამ ყურადღების საკუთარ თავზე გადატანას ცდილობდა, ბოლო კვირების მანძილზე მნიშვნელოვნად გაიზარდა მესამე კანდიდატის პოპულარობა.

ლაპარაკია ცენტრისტულად განწყობილ ფრანსუა ბეიროზე - საფრანგეთის ყოფილ განათლების მინისტრზე. ის რამდენჯერმე ესტუმრა ქალაქების გარეუბნებს. ემიგრანტები და მათი შვილები ბეიროს იმედიანად უყურებენ. ბეირო ირონიით გამოეხმაურა ნიკოლა სარკოზის ვიზიტს ერთ-ერთ გარეუბანში, ვინაიდან ამ ვიზიტს 300-ზე მეტი პოლიციელის მობილიზაცია დასჭირდა.

ამავე დროს, ბეიროს, რომელიც წარმოშობით საფრანგეთის ერთ-ერთი სოფლიდანაა, მხარს უჭერენ ფერმერები და, საერთოდ, ცენტრისტულად განწყობილი ადამიანები. ის ელექტორატს ეკონომიკური რეფორმების გატარებას ჰპირდება, თუმცა ბეიროს მიერ დასახული რეფორმა არ არის ისეთი რადიკალური, როგორი პირობითაც ნიკოლა სარკოზი გამოდის. სარკოზი ინდივიდებისა და ბიზნესისთვის გადასახადების შემცირებაას აპირებს, ეკონომიკის ზრდის გამოწვევის მიზნით.

სწორედ იმის გამო, რომ ბეირო ელექტორატის ფართო სპექტრის სიმპათიას იმსახურებს, ნიცის უნივერსიტეტში მომუშავე ანალიტიკოსი ჟან-პიერ დარნი ფიქრობს, რომ ცენტრისტ კანდიდატს გამარჯვების კარგი შანსი აქვს. თუმცა ამისათვის ის კვირას გამართულ პირველ ტურში ორი ლიდერიდან ერთ-ერთი უნდა აღმოჩნდეს:

[დარნის ხმა] ”ბეირო გამარჯვებას მოიპოვებდა იმის გამო, რომ, ცხადია, მას ხმას მისცემდა მთელი მემარცხენე სპექტრი, რომელსაც არ სურს პრეზიდენტად სარკოზი იხილოს. ამავე დროს, ის ცენტრისტულად გამწყობილ ელექტორატსაც მიიზიდავდა - ზომიერი შეხედულებების მქონე ხალხს, რომელსაც ეკონომიკური რეფორმების გატარება სურს, მაგრამ არ იზიარებს იმ ზედმეტად ნაციონალისტურ პოლიტიკას, რომელსაც ახლა სარკოზი წარმოადგენს.”

უკანასკნელი გამოკითხვებით, ნიკოლა სარკოზი და სეგოლენ რუაიალი ხმების თითქმის ერთნაირ მაჩვენებელს - დაახლოებით 25 პროცენტს - ფლობენ. მათ ფრანსუა ბეირო მოსდევს, 19 პროცენტით.

თუ 22 აპრილის კენჭისყრა კონკრეტულ შედეგს არ მოიტანს, ის ორი კანდიდატი, რომელიც ყველაზე მეტ ხმას მოიპოვებს, ერთმანეთს 6 მაისს გამართულ ტურში შეერკინება.
XS
SM
MD
LG