Accessibility links

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


უცხოეთის პრესაში გასული კვირის მანძილზე განსაკუთრებით ფართო და მრავალმრხივი გამოხმაურება მოჰყვა აშშ-ში, ვირჯინიის ტექნიკურ უნივერსიტეტში დატრიალებულ ტრაგედიას,

როცა 23 წლის სამხრეთკორეელმა სტუდენტმა ცეცხლსასროლი იარაღით სიცოცხლეს გამოასალმა 32 ადამიანი, ბოლოს კი თავი მოიკლა.

შესაძლებელი იყო ამ საზარელი ტრაგედიის თავიდან აცილება? ბუნებრივია, რომ ეს შეკითხვა ბევრს გაუჩნდა. ამ შეკითხვით იწყება ციტატაც, რომელსაც იტალიის ყოველღდიური “კორიერე დელა სერადან” გთავაზობთ:

“შესაძლებელი იყო ამ ხოცვა-ჟლეტის თავიდან აცილება? ვირჯინიის ტექნიკურ უნივერსიტეტში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ამერიკაში დაიწყო დავა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასა და უშიშროების ძალებს შორის. ისმის ბრალდება, რომ სტუდენტების გაფრთხილების დაგვიანებით, დანაშაულის ჩადენა, პრაქტიკულად, გააადვილეს. თუმცა ეს არ არის ერთადერთი სადავო საკითხი, რომელიც აშშ-ს აღელვებს. დიდი პრობლემაა იარაღის შესახებ ლიბერალური კანონიც”.

იმ გარემოებაზე, რომ შეერთებულ შტატებში ძნელი არ არის ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, ყურადღებას ამახვილებს შვეიცარიის გაზეთი “ტაგესანცაიგერიც”. მასში გამოთქმული შეფასებით, ვირჯინიის უნივერსიტეტში დატრიალებული ტრაგედია ამხელს, რამდენად უსუსურია ამერიკაში ცეცხლსასროლი იარაღის ფლობის მომხრეთა არგუმენტი, რომ კლავს არა იარაღი, არამედ ადამიანი.

“ბოროტმოქმედს მარტო მუშტები რომ ჰქონოდა, ან დანა გამოეყენებინა, მოკლულების რიცხვი 32-ს ნამდვილად ვერ მიაღწევდა. სანამ ყოველ ამერიკელს, ფსიქიკურად რამდენადაც არასტაბილური უნდა იყოს ის, ცეცხლსასროლი იარაღის ფლობის უფლება აქვს და პისტოლეტის შეძენა უადვილესად შეუძლია, ასეთი საზარელი ბოროტოქმედებები კიდევ გამეორდება.”

ლონდონის ყოველდღიური “გარდიანი” სხვადასხვა ქვეყანაში არსებული ვითარების შედარებას გვთავაზობს.

“აშშ არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელშიც იარაღით განურჩეველ ძალადობას სიცოცხლე მოუსპია. მაგრამ აშშ ერთ-ერთია სულ რამდენიმე ქვეყნიდან, რომლებშიც არ ჩანს საზოგადოების სურვილი და პოლიტიკოსთა უნარი, სერიოზულ ზომებს მიმართონ ასეთი რამის თავიდან ასაცილებლად. მაშინ როცა სხვა ქვეყნებში - დიდ ბრიტანეთში 1996 წელს დანბლეინის სკოლაში მოწყობილი ხოცვა-ჟლეტისა და ავსტრალიაში იმავე წელს მომხდარი ინციდენტის შემდეგ - ასეთ მოვლენებს რეაქცია მოჰყვა მცდელობით, გაერთულებინათ იარაღის შოვნა, აშშ-ში არაფერი მოუმოქმედებიათ”.

ბოლოს კი კონტრ-არგუმენტებსაც გავეცნოთ. აშშ-ის გაზეთ “ლოს ანჯელეს ტაიმსში” გამოქვეყნებული სტატიის ავტორი, პოლიტოლოგიის პროფესორი ჯეიმს უილსონი “უცნაურს” უწოდებს ევროპის წამყვან გაზეთებში გამოთქმულ კრიტიკას შეერთებულ შტატებში იარაღის მიმართ დამოკიდებულებისადმი. ის მიუთითებს დიდ მნიშვნელობაზე, რომელიც თავდაცვის შემთხვევებში აქვს ცეცხლსასროლი იარაღით სარგებლობას.

“მისისიპის შტატის ერთ-ერთ სკოლაში დირექციის შეიარაღებულმა წევრმა განაიარაღა პირი, რომელიც სროლის ატეხვას აპირებდა. პენსილვანიის ერთ-ერთ სკოლაში შეიარაღებული გამყიდველის წყალობით იქნა თავიდან აცილებული ბევრი მსხვერპლი. ვირჯინიის ტექნიკური უნივერსიტეტის რომელიმე პედაგოგს იარაღი რომ ჰქონოდა, იქნებ ამდენი ადამიანი არ დაღუპულიყო? ამას ვერასოდეს შევიტყობთ, მაგრამ ასეთი რამ შეუძლებელი ნამდვილად არ იყო. რაც შეეხება ევროპელების კრიტიკას ჩვენი კულტურის კრიმინალური თავისებურებების მიმართ, ამ ქვეყნებიდან ბევრს არა აქვს თვითკმაყოფილების უფლება. 2000ს წელს გაძარცვული ან თავდასხმის სამიზნედ ქცეული პირების რიცხვი ინგლისში, შოტლანდიაში, ფინეთში, პოლონეთში, დანიასა და შვეციაში მეტი იყო, ვიდრე შეერთებულ შტატებში. თავდასხმების რაოდენობა ინგლისში ორჯერ აღემატებოდა შეერთებული შტატების მაჩვენებელს.”
XS
SM
MD
LG