Accessibility links

logo-print

იულ ბრინერი და მუსიკა


მსოფლიო კინოს ისტორიაში იულ ბრინერი,

უდავოდ, ამერიკული ვესტერნის სიმბოლოა. ფილმში “შესანიშნავი შვიდეული” მის მიერ განსახიერებული კოვბოი კრისი ჟანრის იდეალურ გმირად იქცა. გასული საუკუნის სამოციან წლებში, საბჭოთა ეკრანზე კინოსურათის ჩვენების შემდეგ, თავგადაპარსული კრისი ათასობით ახალგაზრდისთვის მიბაძვის ობიექტი გახდა. მაშინ არავის შეეძლო წარმოედგინა, რომ ფილმის დემონსტრაციამდე ოცდაათი წლით ადრე იდეალური კოვბოი რუსულ რომანსებს მღეროდა პარიზის რესტორნებში და მის ვენებში რუსული სისხლი დუღდა. იულის პარიზელ მეგობარს, დიდ ჟან კოქტოს თურმე უთქვამს: “იულ ბრინერი ჭკუიდან რომ გადასულიყო, მაინც ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ ოდესმე დიდი იულ ბრინერი გახდებოდაო.” პირადად ჩემთვის იულ ბრინერის სახელი, გარდა “შესანიშნავი შვიდეულისა”, წარსულ საუკუნეში თბილისში მოწყობილ ამერიკულ გამოფენასთან ასოცირდება. გამოფენა წერეთლის გამზირზე მდებარე სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენის ტერიტორიაზე იყო განლაგებული.Mმახსოვს, მეგზურობას იქ ამერიკელი თიმურ ჯინი გვიწევდა. თიმურ ჯინი ჩვენი ყოფილი თანამემამულის, ცნობილი მოჭადრაკის, დიდოსტატ რომან ჯინჯიხაშვილის ძმა იყო. წლების მანძილზე თემური (ამერიკულად - “თიმურ”) რადიოსადგურ “ამერიკის ხმის” რედაქციაში მუშაობდა, სულ ახლახან კი მისი გვარი “ჯორჯიენ თაიმსში” გამოქვეყნებულ მდიდარ ქართველთა სიაში ამოვიკითხე. თიმურ ჯინმა პირველად იმ სტენდთან მიგვიყვანა, რომელიც დამთვალიერებლებს იულ ბრინერის ცხოვრებაზე მოუთხრობდა. იქ ჩამონტაჟებული ტელევიზორი მსახიობის ვიდეომიმართვას აჩვენებდა. თავის მიმართვაშიMბრინერი ადამიანებს სიგარეტის მოწევის საფრთხეზე ესაუბრებოდა. ვიდეოფირი იულის გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე იყო ჩაწერილი. მან უკვე იცოდა, რომ განუკურნებელი სენით, ყელის კიბოთი, იყო დაავადებული _ ის ხომ დღეში ოთხ კოლოფ სიგარეტს ეწეოდა. საერთოდ, ციფრი “ოთხი” მსახიობისთვის საბედისწერო აღმოჩნდა: ოთხი ცოლი, Oოთხი ათეული წლის მანძილზე ბროდვეიზე ნათამაშევი ბრწყინვალე სპექტაკლი “მეფე და მე”, ყოველდღე მოწეული 4 კოლოფი სიგარეტი... სხვათა შორის, ბევრი რამ იულ ბრინერზე ცნობილი ქართველი მწერლის ლევან ხაინდრავას ძმამ, გოგა და ივლიანე ხაინდრავების ბიძამ, ალექსანდრე ხაინდრავამ მიამბო. ხარბინში დაბადებული ალექსანდრე სასკოლო მერხზე იულის გვერდით იჯდა. თურმე უკვე ჭაბუკობის წლებში ბრინერი შესანიშნავად მღეროდა ძველებურ რუსულ რომანსებს.

მუსიკალური ჩანართი [მღერის იულ ბრინერი]

იულ (იული ბორისის_ძე) ბრინერი 1920 წლის 12 ივლისს ვლადივოსტოკში, ბორის ბრინერის და მარუსია ბლაგოვიდოვას ოჯახში, დაიბადა. ოცდაათიანი წლების ბოლოს, მშობლების განქორწინების შემდეგ, იული და მისი და ვერა დედასთან ერთად საცხოვრებლად ჯერ ხარბინში, ხოლო 1934 წელს პარიზში გადავიდნენ. საფრანგეთის დედაქალაქში სამუშაოს ხანგრძლივი ძებნის დროს 14 წლის ბიჭუნამ ბოშური სიმღერების ცნობილი შემსრულებელი ალიოშა დიმიტრიევიჩი გაიცნო. 1935 წლის 15 ივნისს პარიზის ერთ_ერთ დიდ კაბარეში იულ ბრინერის პირველი კონცერტი შედგა. 30 გიტარის თანხლებით მან ბოშური სიმღერები შეასრულა, ოდნავ მოგვიანებით კი გრამფირფიტა ჩაწერა, რომელიც დღეს უკვე საკოლექციო იშვიათობადაა ქცეული. რამდენიმე სიმღერა იულმა ალიოშა დიმიტრიევიჩთან ერთად იმღერა.

მუსიკალური ჩანართი [მღერიან იულ ბრინერი და ალიოშა დიმიტრიევიჩი]

იულ ბრინერის კინოკარიერაზე ბევრი რამ საინტერესო შეიძლება ითქვას, მაგრამ ნუ შევიჭრებით კინომცოდნეთა სფეროში. Mმოვიყვან მხოლოდ ერთ ფაქტს, რომელიც ლეგენდარული კრისის სულის სიმტკიცეზე მეტყველებს: 1985 წლის ივნისის შუა რიცხვებში მსახიობს სპეციალური თეატრალური ჯილდო, “ტონი”, მიანიჭეს, თვის ბოლოს კი მან ბროდვეიზე თავისი ბოლო, 4633_ე, სპექტაკლი ითამაშა. სწორედ მაშინ ჩაწერა იულმა ვიდეოფირზე ცნობილი ტელემიმართვა. ზუსტი ტექსტი ასეთი იყო: “ მე ვარ მკვდარი მხოლოდ იმის გამო, რომ ძალიან ბევრს ვეწეოდი. Aამიტომ ყველას, ვინც მე ახლა მიყურებს, გეუბნებით: ნუ ეთამაშებით საკუთარ ბედ_იღბალს.” Bმსახიობმა ახლობლებს უანდერძა, რომ ვიდეოჩანაწერი მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ გასულიყო სატელევიზიო ეკრანზე. ასეც მოხდა 1985 წლის 10 ოქტომბერს. Mმადლიერ მაყურებელს და მსმენელს იულ ბრინერის ფილმები და სიმღერები დარჩა.

მუსიკალური ჩანართი [მღერის იულ ბრინერი]

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG