Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა


დღევანდელ პრესაშიც გრძელდება გასულ კვირაში

დაწყებული თემის გაშუქება. საქმე ”რუსთავი-2”-ის ეთერით გასული სიუჟეტის საბაბით რესპუბლიკურ პარტიასა და მის წევრ პაატა ზაქარეიშვილზე ხელისუფლების წევრთა და სტუდენტთა იერიშს შეეხება. ”კუდ-ს კუდზე დავაბიჯე” - ასეთი სათაურით აქვეყნებს დღევანდელი ”მთელი კვირა” ვრცელ ინტერვიუს პაატა ზაქარეიშვილთან, რომელიც ამბობს: ”მთელი ხელისუფლება გამწარებულია იმაზე, რომ მე ვახსენე ”კუდ”-ი. ”კუდ”-ს კუდზე დავაბიჯე. ამიტომ აეწვათ კუდი. 10 საათზე გავიდა ”პოსტ სკრიპტუმში” ეს სიუჟეტი. მეორე დილით, 9 საათზე, აწყობენ ზუგდიდში ბავშვები პრესკონფერენციას. სად ჩაუტარებიათ საქართველოში დილის 9 საათზე პრესკონფერენცია? თანაც, იმ გადაცემაში ჩემი საუბარი იყო წმინდა ექსპერტული და არაფერი საერთო ამას არ ჰქონდა რესპუბლიკურ პარტიასთან. არადა, მთელი ყურადღება გადაიტანეს რესპუბლიკურ პარტიაზე. აშკარად გამოიყენეს ეს მომენტი რესპუბლიკურ პარტიაზე დარტყმისთვის”, - ამბობს ზაქარეიშვილი ”მთელ კვირასთან” ინტერვიუში და დასძენს, რომ ”სიმართლისთვის დევნა [მისთვის] პატივია.”

”მთელ კვირაშივე” ქვეყნდება ექსპერტ გია ხუხაშვილის სვეტი, სადაც ის წერს: ”ისტორიულ უბნებში, ისევე როგორც მთლიანად დანარჩენ საქართველოში, საშუალო სტატისტიკური მოქალაქის მიმდინარე ვალდებულებები უკვე ისედაც მკვეთრად აჭარბებს შემოსავლებს და არანაირი აზრი არა აქვს მისი ახალ-ახალი გადასახადებითა და მოსაკრებლებით დატვირთვას. მოქალაქე უკვე გადახდისუუნარო, ანუ გაკოტრებულია. ხელისუფლება კი ამ შემთხვევაში გაკოტრების მმართველად გვევლინება”, - წერს ხუხაშვილი ”მთელ კვირაში”.

”კვირის პალიტრა” დედაქალაქის ისტორიულ, სარეაბილიტაციო უბნებში მოსაკრებლის დაწესების თემაზე გაკეთებული ახლა უკვე ცნობილი განცხადების ავტორს, დეპუტატ ბესო ჯუღელს, ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ წამოსცდა ის, რაც არ უნდა წამოსცდენოდა. ”ეს უნებლიე შეცდომა ხელზე დაიხვიეს და ეთნიკური შუღლის გამჩაღებლად გამომიყვანეს. არადა, მე, ბესო ჯუღელი, ”საქართველო-სომხეთის ურთიერთობის ასოციაციის” პრეზიდენტი ვარ. თვეში ორჯერ ერევანში ვარ”, - ამბობს დეპუტატი და განმარტავს, რომ მის მიერ ნათქვამი ფრაზა განკუთვნილი იყო სოლოლაკში მცხოვრები მისი ნაცნობი მიკირტუმასათვის, რომელიც ”ღია ეთერში” გამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე შეხვედრია და მოსაკრებლის გამო შეუჩივლია დეპუტატისთვის. ”ჩემი უნებლიე შეცდომის გამო კი ბოდიშს ვუხდი ყველას, ვინც კი თავი შეურაცხყოფილად იგრძნო. ნუ მომაჭრიან ამის გამო თავს. ბესო ჯუღელი არც ყოფილა და არც არასდროს იქნება ეთნიკური შუღლის გამღვივებელი”, - ასე სრულდება ინტერვიუ დეპუტატთან, რომელსაც ”კვირის პალიტრა” აქვეყნებს.

სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდის პრეზიდენტი ალექსანდრე რონდელი ”24 საათთან” ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველოს არ ჰყავს მმართველი კლასი და განმარტავს: ”ამ შემთხვევაში საუბარია ელიტაზე, საზოგადოების ყველაზე ნასწავლ, ყველაზე მომზადებულ ნაწილზე, რომლის მორალური და პროფესიული მოვალეობაა ერის მოვლა-პატრონობა”. ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარების შეფასებისას პოლიტოლოგი დასძენს: ”ამ ხელისუფლებას ურთულეს პირობებში უხდება საქმიანობა. მისი დიდი შეცდომა იმაში მდგომარეობს, რომ დაიბრალა - ყველაფერს გავასწორებო. ეს არარეალურია. ყველაფრის შეცვლას და გამოსწორებას რამდენიმე თაობა სჭირდება. ისინი, რომლებიც ამბობენ, რომ ამათ ნაცვლად ჩვენ მოვალთ და მოკლე ხანში ყველაფერს შევცვლითო - დემაგოგები არიან. ტრაგედიაა, ხალხს მათი რომ სჯერა. სულ სხვა რამეა, როცა საზოგადოება იმისთვის იბრძვის, რომ ხელისუფლებამ ნაკლები შეცდომები დაუშვას.” - ეს გახლდათ ნაწყვეტი ალექსანდრე რონდელთან ინტერვიუდან, რომელსაც ”24 საათი” ბეჭდავს.

”ახალი თაობა” საქართველოს მწვანეთა პარტიის მიერ 29 აპრილს ჩატარებულ ყრილობაზე წერს, რომელსაც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ძმა გიორგი ჟვანიაც ესწრებოდა. გაზეთის კორესპონდენტის შეკითხვას, თუ კონკრეტულად რას გულისხმობდა ის სამართლიანობის აღდგენაზე საუბრისას, გიორგი ჟვანია უპასუხებს, რომ გულისხმობდა პრემიერ-მინისტრის სიკვდილის საქმის გამოძიებასა და დამნაშავეების დასჯას და იქვე დასძენს: ”როგორც ჩანს, ამ საქმის მიჩუმათებას პოლიტიკური მიზეზები გააჩნია. თუ რა მიზეზებია ეს, ამას მას შემდეგ გეტყვით, როცა საქმეს გამოვიძიებთ.”

გაზეთი ”კვირის ქრონიკა” მკითხველს სთავაზობს ინტერვიუს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდროგეოლოგიის კათედრის პროფესორ უჩა ზვიადაძესთან, რომელიც თავის დროზე - დიდი ნავთობსადენის მშენებლობის დაწყებამდე - ნიადაგის გამოსაკვლევად მიიწვიეს, მან კი პროტესტის ნიშნად ვადაზე ადრე მიატოვა სამუშაო. დღეს კი ამბობს: ”მე სხვა სპეციალისტებთან ერთად 248 კილომეტრიანი ტრასა, ჯანდარის ტბიდან ვალემდე, ფეხით გავიარე და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ, ეკოლოგიური თვალსაზრისით, ნავთობსადენი არასწორი მიმართულებით არის გაყვანილი”, - ვრცელ ინტერვიუს ექსპერტთან ”კვირის ქრონიკა” აქვეყნებს.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG