Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ ტყეების ექსპლუატაციის სამი ლიცენზია აუქციონზე გაყიდა


საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ 1 მაისს გამართულ აუქციონზე სამცხე-ჯავახეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და კახეთის ყვარლის რაიონის ტყეების გრძელვადიანი ლიცენზიები გაყიდა.

გამარჯვებულები არიან ქართულ-ბელგიური, ქართულ-იტალიური და ქართულ-ჩინური კომპანიები. თანხის გადახდის გარდა, ლიცენზიის მფლობელებმა გარემოს დაცვის სამინისტროსა და საერთაშორისო სატყეო სამეურვეო საბჭოს მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილონ. ტყეების ექსპლუატაციაზე ლიცენზიების გაყიდვა ”მწვანეთა” არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააპროტესტეს. საინტერესოა როგორ წარიმართა აუქციონის პროცესი.

აუქციონის დაწყებამდე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წინ ”მწვანეთა” არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებმა დაახლოებით 15 კაციანი საპროტესტო აქცია მოაწყვეს.

[აქციის მონაწილის ხმა] ”ჩვენ არა ვართ ბრმა მოწინააღმდეგე იმისა, რომ მოხდეს ტყეების უტილიზაცია. რა თქმა უნდა, მოხდეს და პრივატიზაციაზეც შეიძლება იყოს ლაპარაკი. უბრალოდ, ეს ყველაფერი არ ხდება თანმიმდევრულად. ჩვენ გვაკლია ასევე ინფორმაცია, როგორ აპირებენ ამ ყველაფრის გაკეთებას, და ჩნდება ეჭვი, რომ კატასტროფულ შედეგებს მივიღებთ.”(სტილი დაცულია)

ასეთი ეჭვი გამოთქვა თამუნა პატარიძემ, კავკასიის გარემოსდაცვითი ქსელიდან. ”მწვანე ალტერნატივის” ლიდერი მანანა ქოჩლაძე კი, საერთოდ, აუქციონზე გატანილი ტყეების სამეურნეო ექსპლუატაციის წინააღმდეგია.

[მაია ქოჩლაშვილის ხმა] ”საქართველოში არც ერთი ტურისტი არ ჩამოვა იმის სანახავად, რომ ნახოს ნავთობის ტერმინალი თუ ტყის სახერხი და გადამამუშავებელი ქარხნები და ფაბრიკები. ამიტომ გარემოსდაცვის სამინისტრო სანამ გრძელვადიანი ლიცენზიების გაცემას დაიწყებს, ასეთ ადგილებში მანამდე ინვენტარიზაცია მაინც უნდა გააკეთოს.”(სტილი დაცულია)

საპროტესტო აქციის მონაწილეთა ეჭვებსა და შეშფოთებას გარემოს დაცვის სამინისტროს სატყეო დეპარტამენტის უფროსი ზვიად ჭეიშვილი უპასუხებს:
[ზვიად ჭეიშვილის ხმა] ”იმ კონკრეტულ სატყეო უბანზე, რომელზეც აქვთ საუბარი, ეს არის ლუგელას ხეობა - ეს არის უნიკალური ხეობა, თავისი ეკოლოგიური მახასიათებლებით. ამ ტერიტორიაზე საქართველოს მთავრობა გეგმავს ტურისტული რეკრიაციური ზონის მოწყობას...”(სტილი დაცულია)

ზვიად ჭეიშვილის განცხადებით, სამეურნეო სარგებლობისთვის გაცემული ლიცენზიის მფლობელებმა 1 წლის ვადაში უნდა წარმოადგინონ საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სატყეო სამეურვეო საბჭოს პრინციპების საფუძველზე შედგენილი მართვის გეგმა, რომელიც, ტყის მდგრადი განვითარების კომპონენტებთან ერთად, უნდა მოიცავდეს ცხრა პირობას. მათ შორის არის: ინვენტარიზაცია, ტყის დაცვა-აღდგენა, ეკოსისტემის დაცვა და ასე შემდეგ.

[ისმის აუქციონის ხმა]

ამ აუქციონის შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტში შესული თანხის საერთო მოცულობამ 7.7 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. ინვესტორები ირწმუნებიან, რომ, მათი მუშაობის შედეგად, სარგებელი უფრო დიდი იქნება. სამეგრელო-ზემო სვანეთის ტყის ექსპლუატაციის მფლობელს გიორგი ბერულავას მოვუსმინოთ:

[გიორგი ბერულავას ხმა] ”გვყავს ჩინელი პარტნიორები, რომლებსაც ჩინეთში ბაზარი მოძიებული აქვთ. არ იქნება მორის და ფიცრის გატანა, არამედ საბოლოო პროდუქცია დამზადდება საქართველოში. ძირითადად, დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა.”

გიორგი ბერულავას კომპანიის გარდა, ტყეების სამეურნეო ექსპლუატაციის 20 წლიანი ლიცენზია მიიღეს ქართულ-ბელგიურმა და ქართულ-იტალიურმა კომპანიებმა.


XS
SM
MD
LG