Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრესის მიმოხილვა


დღევანდელი პრესა სხვა თემებთან ერთად მოზარდთა დანაშაულის ზრდის საკითხსაც აშუქებს.

”ახალი თაობა” წერს ოპოზიციონერი დეპუტატის - რესპუბლიკელი თემურ ნერგაძის - ინიციატივაზე, პარლამენტში მოზარდების პრობლემაზე მომუშავე ჯგუფი შეიქმნას. ფრაქცია ”დემოკრატიული ფრონტის” წევრი გიორგი ცანავა გაზეთის კორესპონდენტთან საუბარში იდეის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს და დასძენს: ”ნამდვილად საჭიროა ჯგუფის შექმნა და ამ პრობლემაში გარკვევა. ნორმალური ანალიზი არ არსებობს, რატომ ხდება ასეთი ფაქტები - ადრე ხდებოდა და იმის გაგრძელებაა, თუ რა არის.” დეპუტატი ლევან ბერძენიშვილი კი მოზარდთა დანაშაულის საკითხზე ”ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს: ”განათლების სამინისტროს ბრალი არ არის, რომ მოზარდებში გაღიზიანება არის. ეს საერთოდ სახელმწიფოს ბრალია, რომ აღვირახსნილი ქმედება და ტერორი ასეთი პოპულარული გახდა. განათლების სამინისტროს ვალდებულებაა, რომ აღკვეთოს და სკოლაში არ იყოს არც ერთი დანა. როდესაც სკოლებში ოპერაცია ჩაატარეს, მაშინ ზოგიერთმა მასწავლებელმა მოსწავლეების დანები ჩანთებში ჩაიწყო. ამის შესახებ განათლების მინისტრმა კი არა, მე ვიცი. აი, მაგაშია დანაშაული, რომ მალავენ არსებულ სიტუაციას და ხელს უწყობენ დანაშაულს”, - ამბობს რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ლევან ბერძენიშვილი, ”ახალი თაობის” კორესპონდენტთან საუბარში.

ამავე თემას ეხება ”რეზონანსიც”, რომლის ავტორიც მკითხველს მოზარდთა დანაშაულთან დაკავშირებით მშობლისა და სკოლის პასუხისმგებლობის გამკაცრების შესახებ მთავრობის ინიციატივას აცნობს. მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობამ ამ კანონპროექტის პრინციპებისა და დეტალების შესახებ ჯერჯერობით არაფერი იცის, ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ პირდაპირ სანქციის დაწესება არ მოხდება. ”ჯერ უნდა დადგინდეს, რომ პირმა რაღაც ქმედება ჩაიდინა; მერე დადგინდეს, ეს ქმედება რამდენად არის დანაშაული, ანუ დადგინდეს ამ ქმედების დანაშაულებრიობა და კონკრეტულად როგორი დანაშაულის კვალიფიკაცია მიენიჭება. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება უკვე მშობელთა და მასწავლებელთა პასუხისმგებლობაზე საუბარი. თუმცა ეს ყველაფერი ჯერ მუშაობის პროცესშია. უფრო მეტიც, როგორც გითხარით, მუშაობა, ფაქტობრივად, ახლა იწყება და ზუსტად რაიმეს თქმა ძნელია”, - განუცხადებია პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილს ”რეზონანსისთვის”.

ამავე გაზეთიდან მკითხველი შეიტყობს იმის შესახებაც, რომ თავდაცვის სამინისტრო საკუთარ ტელეკომპანიას ქმნის და რომ მისი მაუწყებლობა ტელეკომპანია ”202”-ის სიხშირეზე განხორციელდება, საცდელი პროგრამები ეთერში სექტემბრიდან გავა და დრო, ძირითადად, სამხედრო-პატრიოტული ხასიათისა და შემეცენებით-გასართობ პროგრამებს დაეთმობა.

”ბენდუქიძემ ოპოზიციას უგულავას ”კატოკივით” გადაუარა” - ასეთი სათაურით ეხმაურება ”ალია” სახელმწიფო მინისტრის 9 მაისის გამოსვლას ოპოზიციის მიერ კერძო საკუთრების დაცვის საკითხებზე მომუშავე ჯგუფის დატოვების შესახებ. გაზეთი აქვეყნებს ინტერვიუს მემარჯვენეების ლიდერ დავით გამყრელიძესთან, რომელიც ამბობს: ”მათ კანონში ჩაწერეს, რომ ამნისტია არ შეეხება იმ ქონებას, რომელზეც მიმდინარეობს ადმინისტრაციული სამართალწარმოება ან გამოძიება. თითქმის ყველა ქონება, რომელიც ბოლო 15 წლის განმავლობაში კერძო საკუთრებაში გადავიდა სხვადასხვა ეტაპზე, სხვადასხვა დროს იყო ადმინისტრაციული სამართალწარმოებისა თუ გამოძიების საგანი. ჩვენ ასევე ვთქვით, რომ ამ კანონპროექტის გამოსვლის შემდეგ რომელ ქონებაზეც არ იყო დაწყებული მოკვლევა ან გამოძიება, სასწრაფოდ დაიწყებოდა. მართლაც, ასე მოხდა. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ქალაქის ვიცე-მერმა მამუკა ახვლედიანმა სასწრაფოდ დაიწყო ადმინისტრაციული სამართალწარმოება 1999-2000 წლებში პრივატიზებულ მიწის ნაკვეთებზე... ქუთაისში სამხარეო პროკურატურამ სასწრაფოდ დაიწყო ქონების პრივატიზაციის საკითხების გამოძიება და შესწავლა. ასეა მთელ საქართველოში”, - ამბობს მემარჯვენეთა ლიდერი, რომელთან ინტერვიუსაც ”ალია” აქვეყნებს.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG