Accessibility links

logo-print

საქართველოს პრესის მიმოხილვა


საქართველოში სომხეთის პატრიარქის გარეგინ მეორის ვიზიტი გადაიდო

, თუმცა დღის წესრიგიდან არ მოხსნილა, - იუწყება გაზეთი ”რეზონანსი”, რომლის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ, თითქმის მთელ მსოფლიოში მიღებული პრაქტიკით, ორი ქვეყნის სულიერი წინამძღვრის შეხვედრა, ჩვეულებრივ, კულტურულ ხასიათს ატარებს ხოლმე, ამჟამად მეზობელი სომხეთის პატრიარქის შესაძლო ვიზიტს პოლიტიკური ელფერი დაჰკრავს, რადგან ამ ვიზიტისას უნდა გადაწყდეს იმ ექვსი ეკლესიის ბედი, რომელთა გამო დავა მართლმადიდებლურ და გრიგორიანულ კონფესიებს შორის აგერ უკვე ათ წელზე მეტია, რაც მიმდინარეობს. აღნიშნულის თაობაზე ”რეზონანსი” საქართველოს საპატრიარქოს დაუკავშირდა. მეუფე მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, „გარეგინ მეორის ვიზიტის ძირითადი მოტივი, მართლაც, ამ ეკლესიებთან იქნება დაკავშირებული. რაც შეეხება ეკლესიების კუთვნილებას, რა თქმა უნდა, ჩვენ მათ არ დავთმობთ, რადგან ისინი მოქმედი ეკლესიებია და მათ ქართული მრევლი ჰყავთ.”

დღესვე გაზეთი ”რეზონანსი” აქვეყნებს პუბლიკაციას თემაზე „აფხაზეთში შეჭრის გეგმა“, რომელიც აფხაზურ პრესაში გავრცელდა და რომლის თანახმად, საქართველო აფხაზეთის აღებას სამხრეთ–დასავლეთიდან, კერძოდ, გალის რაიონიდან შეეცდება, რის შემდეგაც იერიში ოჩამჩირეზე იქნება მიტანილი. იმავე წყაროს მტკიცებით, გაგრის, სოხუმისა და ოჩამჩირის პორტებში დესანტის გადასხმა იგეგმება. სააგენტო „პირველის“ ინფორმაციით, ეგრეთ წოდებული აფხაზეთში შეჭრის გეგმა აფხაზურ პრესას დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის უფროსმა ანატოლი ზაიცევმა მიაწოდა. გაზეთი ”რეზონანსი” ანატოლი ზაიცევს თავადაც დაუკავშირდა, თუმცა მან ეს ფაქტი კატეგორიულად უარყო და განაცხადა, რომ ქართული მხარის აგრესიულ გეგმასთან დაკავშირებით არანაირ ინფორმაციას არ ფლობს. თუმცა, ასეა თუ ისე, გაზეთი ”რეზონანსი” იტყობინება, რომ მორიგი სატყუარა საკმაოდ დეტალურ ინფორმაციას შეიცავს, მათ შორის, კონკრეტულ ცნობებს იმის შესახებ, თუ რა რაოდენობის იარაღსა და ცოცხალ ძალას ფლობს ქართული მხარე, 2006 წლის მონაცემებით, რა შეიარაღება აქვთ თვითგამოცხადებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებს და სხვ.

”საიდუმლო შეკრება კანცელარიაში” , ანუ ვინ მოუწყო ნემსაძეს შეთქმულება და ვინ იქნება სააკაშვილის ფავორიტი ახალ არჩევნებზე – ეს გაზეთ ”ალიას” მოწინავე სტატიაა. სტატიის თანახმად, მაშინ, როცა რესტორან ”მონოპოლში” გიორგი ნემსაძის მხარდამჭერები ახალი პრეზიდენტის არჩევას ზეიმობდნენ, სახელმწიფო კანცელარიაში ყველა ის ნაციონალი იყო დაბარებული, ვისაც ფეხბურთის ფედერაციაში მომხდარ სკანდალთან რაიმე შეხება ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ გაზეთი ვერ აკონკრეტებს, ვინ მოახდინა ზეწოლა გიორგი ნემსაძეზე და რეალურად რა მოხდა კულუარებში, მაინც შენიშნავს, რომ გარკვეულ წრეებში ვოვა გუცაევზეც ალაპარაკდნენ – თითქოს ის ხდება პრეზიდენტ სააკაშვილის ახალი ფავორიტი. თანაც გუცაევი ეროვნებით ოსია. ეს კი არა მხოლოდ სპორტული, პოლიტიკური ნაბიჯიც არის, - ნათქვამია გაზეთ ”ალიას” პუბლიკაციაში, სათაურით “ საიდუმლო შეკრება კანცელარიაში.“

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში მომხდარი სკანდალის თემას ეხმიანება გაზეთი ”24 საათიც”. ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ ხმამაღლა თქმას ყველა გაურბის, შენიშნავს გაზეთი და დასძენს: არჩევნების შედეგების გამო სახელისუფლებო პარტიის ორი ფრთა შეეჭიდა ერთმანეთს და, როგორც გამოჩნდა, ამ ბრძოლაში ნოდარ ახალკაცის მხარდამჭერმა ჯგუფმა გაიმარჯვა. ანუ გიორგი ნემსაძეს პრეზიდენტობაზე უარი ათქმევინეს, ის საკუთარი ნებით არ წასულა თანამდებობიდან. მაგრამ ვინაიდან პოსტიდან გადადგომის მიზეზებზე ნემსაძე ხმამაღლა არ საუბრობს და, მით უფრო, რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის ზეწოლაზე არაფერს ამბობს, ფიფა–უეფას სანქციები არ გვემუქრება, ნათქვამია გაზეთ ”24 საათის” პუბლიკაციაში.
XS
SM
MD
LG